საზოგადოება

რატომ გაუუქმეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია

13 მარტი, 2013 • 1222
რატომ გაუუქმეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს ცენტრში საინიციატივო ჯგუფის წერილი შევიდა, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია აგრარულ უნივერსიტეტში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევის შესახებ, რის შემდეგაც ცენტრის მონიტორნგის სამსახურმა 3 იანვრიდან 11 იანვრამდე უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელა.

 

“მონიტორნგის ვიზიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევის ფაქტები და მომზადდა დასკვნა. 2013 წლის 26 თებერვალს ავტორიზაციის საბჭომ მონიტორინგის შედეგები განიხილა, რომლის პროცესშიც საბჭომ მაქსიმალურად უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და დაწესებულების წარმომადგენელთა მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა ვადა ხარვეზების აღმოფხვრისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ცენტრში წარმოდგენის მიზნით,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ცენტრის მონიტორინგის სამსახურს დაევალა აგრარული უნივერსიტეტის მიერ ხარვეზების გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მათი შესწავლის შედეგების თაობაზე საბჭოს ინფორმირება. 

 

“11 მარტის განხილვის დროს საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დარღვეული იყო ავტორიზაციის სტანდარტები და მიიღო ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.”

 

ამასთანავე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხსნის, რომ სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწვეტილების  არა დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ საგაზაფხულო სემესტრის დასრულების შემდეგ ამოქმედების შესახებ. 

 

“ამგვარი გადაწყვეტილება აგრარულ უნივერსიტეტს აძლევს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში  გაიაროს ავტორიზაცია და უზრუნველყოს სტუდენტთა მიერ განათლების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა,”- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი