როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს კრიტერიუმებსა და პრიორიტეტებს, რის მიხედვითაც მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.
“დღემდე სამინისტროს მსგავსი კრიტერიუმები არ გააჩნდა. კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. დევნილი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.”
სამინისტროში აცხადებენ, რომ, მაგალითად, მაღალი ქულით შეფასდება კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელთა შენობებიც ავარიულია, საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ან დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად; გარდა ამისა, გრძელვადიანი განსახლების შეთავაზებისას მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებებს და სხვა საკითხებს.