საზოგადოება

10 ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ ახალ წელს

30 დეკემბერი, 2012 • 14006
10 ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ ახალ წელს

ახალი წელი ითვლება წლის ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულად, ყველა ქვეყანაში ამ დღესასწაულს განსხვავებულად ხვდებიან. ტრადიციის მიხედვით მსოფლიოში ხალხის უმეტესობა შობა–ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად ხვდება, მაგრამ თუ მოგზაურობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გადახედეთ ჩამონათვალს:

სიდნეი, ავსტრალია

სიდნეი
სიდნეი

როგორც ამბობენ, ავსტრალიის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქში ყველაზე კარგად იციან, როგორ აღნიშნონ ახალი წელი. პენსიონერებისთვის, ბავშვიანი წყვილებისთვის, მოგზაურებისთვის, აქ ყველასთვის არის რაღაც, რაც მათთვის ამ დღესასწაულს დაუვიწყარს გახდის. აქ ახალი წელი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ მსოფლიოს ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, აქ ახალ წელს ზაფხულია. მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფარება. აქვე ეწყობა საახალწლო ფესტივალი. ბარები და რესტორნები, მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საშუალო და დიდი ზომის გემებზეცაა განთავსებული. ახალი წლისთვის აქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩამოდის.

ტოკიო, იაპონია

ტოკიო
ტოკიო

თუკი ახალი წლის აღნიშვნას ტოკიოში გადაწყვეტთ, კარგად მოემზადეთ, რადგან აქ ახალ წელს არა მარტო 31 დეკემბერს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. საახალწლო დღესასწაული 29 დეკემბრიდან იწყება და დაახლოებით 4 იანვრამდე გრძელდება. ფოიერვერკების, ტრადიციული ცეკვის და სიმღერის გარდა, ტოკიოში აუცილებლად უნდა მიირთვათ საახალწლო კერძი Toshikoshi Soba. ახალი წლის დადგომას აქ უზარმაზარი ზარის ხმა გაცნობებთ, ეს ხმა მთელს ქალაქში ისმის. ტოკიო იმითაცაა გამორჩეული, რომ ახალი წლის შესახვედრად აქ სპეციალურ ადგილზე მისვლა საჭირო არაა, ახალ წელს ქალაქის ყველა ადგილი განსაკუთრებულია.

კოჰ ფანგანი, ტაილანდი

ტაილანდი
ტაილანდი

თუ გართობა და ცეკვა გიზიდავთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ ახალ წელს ტაილანდის კუნძულ კოჰ ფანგანზე. ეს ადგილი სავსე მთვარის დღესასწაულების აღნიშვნითაა ცნობილი, ახალი წლისთვის კი აქ 50 000–მდე ადამიანი ერთ წვეულებაზე იკრიბება. ასე რომ, თუკი ახალგაზრდა ხართ (გულით ახალგაზრდა) და ყველაზე ველურ და ხალხმრავალ წვეულებას ეძებთ საახალწლოდ, ეწვიეთ ტაილანდს.

ედინბურგი, შოტლანდია

ედინბურგი
ედინბურგი

ედინბურგის ქუჩებში საახალწლოდ უამრავი გასართობი, ცოცხალი მუსიკა და საჭმელ–სასმელია. აქ ერთი უცნაური ტრადიციაც აქვთ, ოჯახში ახალი წლის ღამეს პირველად მუქი ფერის კანის მთვრალი ადამიანი უნდა შევიდეს. ახალ წელს აქ რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნავენ, თუმცა ძირითადი წარმოდგენები 30 და 31 დეკემბერს იმართება. წარმოდგენებში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. ფოიერვერკების სანახავად კი ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა.

პარიზი, საფრანგეთი


მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი წლის ულამაზესი დღესასწაულის აღსანიშნავად განსაკუთრებულად ემზადება. პარიზს, შეყვარებული წყვილების გარდა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. ულამაზესი ფოიერვერკების შოუ ყოველწლიურად ეიფელის კოშკზე ეწყობა, თუმცა, გარდა ამისა, ულამაზესია პარიზის დისნეი ლენდი. კოშკთან შეკრებილი ხალხი ახალი წლის დადგომამდე ათიდან უკუთვლას იწყებს, ბავშვებს სჯერათ, რომ ზუსტად ახალი წლის დადგომისას ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება.

პარიზი
პარიზი

ბარსელონა, ესპანეთი

ბარსელონა
ბარსელონა

ბარსელონაში ახალ წელს სახლში ხვდებიან, თორმეტ საათზე ყურძნის თორმეტ მარცვალს ჭამენ, სურვილს ჩაიფიქრებენ, შემდეგ კი ნამდვილი ახალი წელი იწყება. ვინც ამ ქალაქში ნამყოფია, ისედაც იცის, რომ ბარსელონას განსაკუთრებული ენერგია აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამა აქ ჩვეულებრივი ამბავია, ახალ წელს კი ენერგიასთან ერთად საჭმელ–სასმელიც ორმაგდება, ათასობით კლუბი, ბარი და რესტორანი ახალ წლებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

რიო დე ჟანეირო
რიო დე ჟანეირო

ბარსელონას მსგავსად, ენერგია არც რიო დე ჟანეიროს აკლია, ხოლო სიდნეის მსგავსად, ახალ წელს აქაც ზაფხულია, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა 12 საათს სანაპიროზე ხვდება. აქვე ეწყობა ფოიერვერკების ულამაზესი სანახაობა. ბრაზილიული მუსიკის ჰანგები და სხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში ჟღერს, ჩაძინების საშუალებას არ მოცემთ.

ნიაგარას ჩანჩქერი, ონტარიო, კანადა

ნიაგარას ჩანჩქერი
ნიაგარას ჩანჩქერი

ერთ დღეში ყველაზე მეტი ხალხი ნიაგარას ჩანჩქერს სწორედ ახალ წელს სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს გარეთ ყინავს, განსაკუთრებით კი ჩანჩქერზე, და მიუხედავად იმისა, რომ კანადაში უამრავი ადგილია, სადაც მხიარულად შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წელი, ხალხის უმეტესობა ამ დღეს მაინც ნიაგარას ჩანჩქერზე ხვდება. ჩანჩქერი რამდენიმე ფერადაა განათებული, ფოიერვერკების შოუც აქვე ეწყობა. აქ გატარებული ახალი წელი ყველაზე დასამახსოვრებელი და განსხვავებული იქნება.

ლას ვეგასი, აშშ

ლას ვეგასი
ლას ვეგასი

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო გართობის ცენტრში, ლას ვეგასში, ახალ წელს უამრავი ადამიანი ხვდება. ლას ვეგასი არის ქალაქი, სადაც არა მარტო ახალი წლის, არამედ ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნა საუკეთესოდ შეგიძლიათ. შუაღამის დადგომასთან ერთად ფოიერვერკებს ერთდროულად შვიდი უდიდესი სასტუმროს და კაზინოს სახურავიდან უშვებენ. ახალი წლის საღამოს ყველა დაწესებულება საკუთარ სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს, თუმცა ყველაზე დიდი შოუ და დღესასწაული ლას ვეგასის ქუჩებში გელოდებათ.

ნიუ იორკი, აშშ

ნიუ იორკი
ნიუ იორკი

ქალაქების ათეული, სადაც ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ ახალ წელს, არასრულყოფილი იქნებოდა ნიუ იორკის გარეშე. Times Square–ზე ახალი წლის აღნიშვნას უკვე 100 წლის ტრადიცია აქვს. ახალ წელს ამ ადგილზე მილიონამდე ადამიანი ხვდება, ამდენივე ადამიანი კი ტელევიზიით ადევნებს თვალ–ყურს გიგანტური ბურთის ანთებას. რაც შეეხება ღამის გართობას, ნიუ იორკი ისედაც არის ქალაქი, რომელსაც არ სძინავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი