საზოგადოება

‘საზოგადოებრივი მაუწყებელის’ დირექტორობის მსურველები

18 დეკემბერი, 2012 •
‘საზოგადოებრივი მაუწყებელის’ დირექტორობის მსურველები

მას შემდეგ, რაც აღნიშნული პოსტი ვაკანტური გახდა გიორგი ჭანტურიას თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გამოცხადდა ვაკანსია მისი პოსტის დასაკავებლად. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მთავარი მოთხოვნა პირველ ეტაპზე კანდიდატის მიერ მხოლოდ CV–ის წარმოდგენაა, რამაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც შეხება არც მედიასთან აქვთ, არც მარკეტინგთან და არც მენეჯმენტთან, ამ თანამდებობის დაკავების სურვილი გაუჩინა.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” დირექტორობის მსურველთა გამოგზავნილ პირად მონაცემებს, პროცესის გამჭვირვალობის მოტივით, ვებ-გვერდზე დაუვყონებლივ აქვეყნებს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდზე, 18 დეკემბრის მონაცემებით, უკვე გამოქვეყნებულია 50–ზე მეტი CV. მათგან მხოლოდ რამდენიმე ეკუთვნის მედიაში მომუშავე პირს, თუმცა, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც 2008 წელს სურდათ “საზ. მაუწყებლის” დირექტორის პოსტის დაკავება, წელს მსგავსი სურვილი არ გამოუხატავთ.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავისი CV გაუგზავნა ჟურნალისტმა თეა თუაშვილმა, რომელიც ამჟამად ნიუ–იორკში გაზეთ „პრაიმ–ტაიმის“ კორესპონდენტია. თეა თუაშვილი წლების მანძილზე იყო „პირველი არხის“, ასევე, „იმედისა“ და „რუსთავი 2″–ის ჟურნალისტი.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის პოსტის დაკავება სურს მსახიობსა და ტელეწამყვან ზურა შარიას, ასევე, „ინფო 9–ის“ ჟურნალისტ თეა შომახიას და „ინფო ტვ”–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს თინათინ ასათიანს.

 

სამეურვეო საბჭოს თავისი მონაცემები გაუგზავნეს სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა – ფრიდონ დოჩიამ, გიორგი ჩემინავამ, ასევე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდის რედაქტორმა და „მოამბის“ ოპერატორმა.

 

კანდიდატებს შორის მხოლოდ რამდენიმეა, რომელსაც აქვს მენეჯერული გამოცდილება, მათ შორისაა ტელეკომპანია RTVI–ის (ნეუ იორკი) ვიცე–პრეზიდენტი გიორგი ციხისელი; სადოქოტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდრო ვახტანგოვი, ასევე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2003 წელს შემუშავებული კონცეფციის ავტორი და სარეკლამო კომპანია „ბიგ სტარის“ დირექტორი რამაზ ჩაჩანიძე.

 

რამდენიმე კანდიდატის CV „ფეისბუქის“ მომხარებელთა მხიარული განხილვის საგანიც გახდა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის თემატური ჯგუფის წევრის ალექსანდრე ლომოურის CV, რომელსაც პერსონალური მონაცემების ფონად საქართველოს დროშა აქვს დაყენებული. კანდიდატთა დიდი ნაწილის მსგავსად, მას თავის მონაცემებში მითითებული აქვს რელიგიური რწმენა და ეროვნება. კიდევ ერთ კანდიდატ მალხაზ ჭანკოტაძეს კი პერსონალური მონაცემები იასამნისფრად აქვს შევსებული. CV-ების დიდი ნაწილი არასტანდარტულადაა შევსებული, ხშირია გრამატიკული შეცდომებიც.

 

„ფეისბუქის“ მომხარებლების გახალისება ასევე გამოიწვია რამდენიმე კანდიდატის ელ. ფოსტის მისამართმა, მათ შორისაა evropeli@gmail.com, frtxiladbavshvebia@yahoo.com, merikuna2009@mail.ru, maia_tvoia@mail.ru. ერთ–ერთ კანდიდატს მითითებული აქვს  Skype–ის ID – morieli173.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ–ერთ მსურველს პერსონალურ მონაცემებში სტატუსად მითითებული აქვს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ქვრივი“. ერთ–ერთი კი წერს, რომ დიდი გამოციდილება აქვს ნავთობპროდუქტების ცოდნის კუთხით.

 

მაუწყებლის დირექტორობა ასევე სურს „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გამართა აქცია „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის“ დახურვის მოთხოვნით, ის ასევე ითხოვს, რუსეთი საქართველოში არ იყოს მოხსენიებული ოკუპანტად.

 

მას შემდეგ, რაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორობის სურვილი სრულიად საპირისპირო და ამ თანამდებობისთვის შეუსაბამო პროფესიის ადამიანებმა გამოთქვეს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავისი მონაცემები გაუგზავნა მედიაჰოლდინგ „ჩიტის“ რედაქტორმა საბა ლეკვეიშვილმა. მისი დირექტორად არჩევის მოთხოვნით ფეისბუქში სპეციალური გვერდიც შეიქმნა. შეგახსნებთ, რომ „ჩიტი“ არის იუმორისტული, დეზინფორმაციული საინფორმაციო საშუალება, რომლის მიერ მომზადებულ ცრუ ამბებს არაერთი მედიასაშუალება და ადამიანი შეუყვანია შეცდომაში.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორობის მსურველთა განცხადებების მღება 20 დეკემბრის 18:00 საათამდე გრძელდება. შემოსული განცხადებებიდან სამეურვეო საბჭო შეარჩევს რამდენიმეს, მეორე ტურში გადასულებთან კი გაიმართება გასაუბრება, რის შემდეგაც შეირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი 6 წლის ვადით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი