საზოგადოება

კერძო სკოლებმა მანდატურებზე უარი თქვეს

5 დეკემბერი, 2012 • 1064
კერძო სკოლებმა მანდატურებზე უარი თქვეს


 

მანდატურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების გასვლის შემდეგ კერძო სკოლები ახალი ხელშეკრულების დადებას აღარ აპირებენ.

 

“სოლიდური კრედიტების ფონზე, რომელიც კერძო სკოლების დიდ ნაწილს აქვს, მანდატურებისთვის წელიწადში 15 000 ლარის გადახდა გვიწევდა. შვებულების დროს მასწავლებლებსაც ვერ ვუხდიდით ხელფასებს და ვერავინ აგვიხსნა, მანდატურებისთვის რატომ უნდა გვეხადა,”- ამბობს კერძო სკოლა “ალბიონის” დირექტორი, სანდრო ჯავახიშვილი. 

 

კერძო სკოლა “ალბიონს” 12- თვიანი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე თვეში ეწურება. მიზეზი, რატომ გადაწყვიტა უარი თქვას სკოლაში მანდატურის სამსახურზე, ძირითადად, ზედმეტი ფინანსური დანახარჯია. 

 

მანდატურის საჭიროების მიუხედავად, ყველა კერძო სკოლა ვალდებული იყო ესარგებლა ამ სამსახურით და 2 მანდატურისთვის ყოველთვიურად 1300 ლარი გადაეხდა, რაც კერძო სკოლების ხელმძღვანელობის თქმით, დიდი ხარჯი იყო სკოლისთვის. 

 

“ძალიან რთული იყო ამ ფულის გადახდა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა სკოლას შემოსავალი არ აქვს,”- ამბობს ელენე ჩოხელი, კერძო სკოლა “დავითიანის” დირექტორი. 

 

მისივე თქმით, თუ მანდატურის სამსახურის ფუნქციები შეიცვლება და სავალდებულო გახდება მათი აყვანა, ალბათ, ისევ ვერ იტყვის სკოლა უარს. 

 

“ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რატომ გავაფორმეთ ხელშეკრულებები, წაქცეულებს არ ურტყამენ, ამიტომ არ ვილაპარაკოთ ამაზე,”- ამბობს “ალბიონის” დირექტორი, სანდრო ჯავახიშვილი. 

 

ერთი წლის წინ ნეტგაზეთისვის მიცემულ ინტერვიუში კერძო სკოლების დირექტორები აცხადებდნენ, რომ სკოლებმა საკუთარი სურვილით მიმართეს მანდატურის სამსახურს და შემოსვლა სთხოვეს.

 

კერძო სკოლა “ლამპარის” წარმომადგენლის დარეჯან გარდაფხაძის თქმით კი, დღეს სკოლებს უკვე თავისუფლად შეუძლია საუბარი იმაზე, რომ 2 მანდატურის აყვანას კერძო სკოლებს ავალდებულებდნენ, თუმცა მაშინ მანდატურის სამსახურში აცხადებდნენ, რომ კერძო სკოლებმა თავად გამოთქვეს მათთან თანამშრომლობის სურვილი. 


“დაგვიკავშირდა მანდატურის სამსახური და გვითხრა, რომ სავალდებულო იყო ეს. დღეს სამინისტროს სულ სხვა პოზიცია აქვს და, შესაბამისად, უარს ვამბობთ. ბევრი დამფუძნებელი ჰყავს ჩვენს სკოლას, ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს და მანდატურის სამსახურს ჩვენვე ვასრულებთ,”- ამბობს კერძო სკოლის წარმომადგენელი, თუმცა, არ მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახური საჯარო სკოლაშიც არ არის აუცილებელი. 

 

“მე საჯარო სკოლაშიც ვმუშაობდი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ სამსახურს გვიწევდნენ. პირადად მე კარგად ვთანამშრომლობდი მათთან. არ ვიზიარებ მასწავლებლეთა ნაწილის აზრს, რომ დისციპლინის დარღვევების შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაარღვევს, მასწავლებელი თუ მოსწავლე, დირექტორს არ უნდა აცნობონ,” – ამბობს დარეჯან გარდაფხაძე. 

 

ხელისუფლების ცვლის შემდეგ განათლების სამინისტრომ სკოლების მანდატურების გადამზადება დაიწყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მანდატურები ფსიქოლოგებთან სპეციალურ ტრენინგებს გადიან. ტრენინგების კურსი კი, ბავშვებთან კომუნიკაციას, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევას, რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან ურთიერთობებს, ასევე, საკუთარი თავის ფლობის ტექნიკას  და ქცევისა და ეთიკის  ნორმებს მოიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი