შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო წითელი ლენტის აქციაშია ჩართული. წითელი ლენტი საერთაშორისო სიმბოლოა შიდსით ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის. საქართველოც უერთდება აქციას დაგეგმილი ღონისძიებით, რომელიც დღეს, საღამოს 8 საათზე გაიმართება.
1 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, უზარმაზარი წითელი ლენტის ფორმით, აქციის მონაწილეები სანთელს დაანთებენ შიდსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად.
აქციის ორგანიზატორი აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფია (PTF), რომელიც აერთიანებს 30 ორგანიზაციას. მათ შორის არიან: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი და ა.შ.
UNAIDS-ის სტრატეგიული მიზანი მიმდინარე წელს არის “ნული”, რაც ნიშნავს, რომ 2015 წლამდე მსოფლიოში აივ ინფექციის გამოვლენის შემთხვევები, აივით გარდაცველების შემთხვევები და აივ ინფიცირებულთა მიმართ დისკრიმინაცია ნულს უნდა გაუტოლდეს.