საზოგადოება

ივანიშვილის ბუნდოვანი ინიციატივა

23 ნოემბერი, 2012 • 1488
ივანიშვილის ბუნდოვანი ინიციატივა

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილი საუბრობდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არხის მფლობელობიდან მისი ოჯახი გავიდოდა. თუმცა არჩევნებიდან თითქმის ორი თვის თავზე “მეცხრე არხი” ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში რჩება.

 

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე “მეცხრე არხის” საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ “მეცხრე არხს” აჩუქებს “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, თუ ის ნორმალურად ფუნქციონირებას შეძლებს. თუ ვერ, მაშინ ერთჯერად ინვესტიციას განახორციელებს – არხის 20 წლის ვადით ფუნქციონირების თანხას გაიღებს.

 

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ია ანთაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის განცხადება ბუნდოვანია. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თავად არ იცის, თუ როგორ იმოქმედებს მომდევნო ეტაპზე.

 

დავით პაიჭაძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ამბობს, რომ პრემიერის განცხადების შეფასებამდე განცხადების გაგება სურს:

 

“საინტერესოა, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კანონი ასეთი უჩვეულო წინადადების წამოჭრის დროს; “მეცხრე არხის” ტექნიკური და ადამიანური რესურსის სხვა არხისთვის გადაცემის შემდეგ ბ–ნი ივანიშვილი შეელევა თუ არა სურვილს, ჰქონდეს გავლენა არხზე”,-ამბობს დავით პაიჭაძე.

 

პაიჭაძის თქმით, არც ერთი მდიდარი ადამიანი და მაღალი თანამდებობის პირი “ასე არ “შეთამაშებია” “საზოგადოებრივ მაუწყებელს”. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიარდერი პრემიერის განცხადება მაუწყებელს რაღაცას უქადის. რას – ეგ მხოლოდ პრემიერმა და ღმერთმა იცის. ფიქრი მაქვს, რომ ღმერთმა ეს იცის უკეთ”.

 

ივანიშვილის განცხადებამ დისკომფორტი შეუქმნა ტელეკომპანიების ჟურნალისტებს. გუშინვე “მეცხრე არხის” 9-საათიან გამოშვებაში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება “მეცხრე არხის” ჟურნალისტებს დისკომფორტს უქმნის. მაგრამ დღეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ ამ თემაზე “ნეტგაზეთთან” საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ დღეს 9-საათიან გამოშვებაში გაიგებს საზოგადოება არხის ჟურნალისტების მოსაზრებას.

 

ბიძინა ივანიშვილმა “მეცხრე არხი” ერთხელ უკვე დახურა: 2004 წელს, როდესაც “მეცხრე არხზე” მომუშავე ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიაში გადანაწილდნენ. ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ არხის დახურვა ივანიშვილისთვის აპრობირებული პრაქტიკაა ამ ფაქტის გათვალისწინებით. თუმცა 2004 წელს ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ხელმძღვანელი არ იყო, დღევანდელობისგან განსხვავებით.

 

ზვიად ქორიძე ასევე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩარევაა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და პარლამენტის საქმიანობაში (იმ კუთხით, რომ არხის ბიუჯეტს პარლამენტი ამტკიცებს).

 

“ფაქტია, რომ ესეც ერთგვარი ჩარევაა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის”, მისი სამეურვეო საბჭოს და პარლამენტის გადასაწყვეტია (როდესაც პარლამენტი განიხილავს ბიუჯეტს, ამ ნაწილში) და არა მთავრობის, თუ რა უნდა მოხდეს “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” და რა უნდა შეიცვალოს. სხვა არაფერი იყო “პიკის” შექმნა, რომელიც მოინდომა ერთმა კაცმა მოკლე ვადაში ისე, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონია. ეს არის პრაქტიკა და ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს პრაქტიკა შეიძლება ასე გამოიყენოს”, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

 

“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩარევა, ვთქვათ, მაუწყებლობის შინაარსში, მაგრამ განზრახვა, გადაისროლო ადამიანები “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, ნიშნავს, რომ პრემიერი არათუ ერევა, არამედ წარმართავს არხის საკადრო პოლიტიკას. კანონი მაუწყებლობის შესახებ, დღევანდელი სახით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” იცავს ამგვარი ინტერვენციისგან. ივანიშვილის განცხადება რაღაც სხვა იყო: ორივე ვარიანტში მას მეტი სურს, ვიდრე  ჩარევაა. მას სურს, იყოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბედისწერა”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში დავით პაიჭაძე.

 

ვასილ მაღლაფერიძე, “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ფიქრობს, რომ ივანიშვილის განცხადებას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. მისი აზრით, სრულიად წარმოუდგენელია, “მეცხრე არხის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა ერთად მუშაობა შეძლონ:

 

“ივანიშვილის განცხადების სულისკვეთება ის იყო, რომ ის არ აპირებს მედიასივრცის, ტელევიზიების მონოპოლიზებას, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში. კონტექსტი ამ განცხადების ის არის, რომ ივანიშვილს არც “მეცხრე არხის” ფლობა სურს, მას უნდა, რომ ეს იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი არხი, რაც არის მისასალმებელი და ხელს შეუწყობს მედიასივრცის გაჯანსაღებას.”

 

ვასილ მაღლაფერიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ცდილობს ახსნას ის გეგმები, რომელიც ივანიშვილს აქვს “მეცხრე არხთან” დაკავშირებით და რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაშია:

 

“თუ “მეცხრე არხს” ექნება თავის სასტარტო კაპიტალი, რომელიც გარკვეულწილად მის ფინანსურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, კითხვები აღარ იქნება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ იურიდიულად ისე გაკეთდეს, რომ “მეცხრე არხი” საზოგადოების კონტროლის ქვეშ გადავიდეს. ივანიშვილი რაღაც ფორმაზე ფიქრობს, ივანიშვილის საკუთრებაა ეს არხი და ის ფიქრობს, რომ იურიდიული მფლობელობა ისე იყოს, რომ საზოგადოების წინაშე გახდეს ანგარიშვალდებული ეს ტელევიზია. ეს შეიძლება იყოს დიდი ბორდი, ის ფიქრობს ფორმაზე, რომლის შემდეგაც არავის არ დარჩება ეჭვი.”

 

20-წლიანი კაპიტალით არხის უზრუნვლეყოფა ივანიშვილის მიერ ზვიად ქორიძესთვის არადამაჯერებელი ნაბიჯია:

 

“რაც შეეხება სასტარტო კაპიტალს, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ერთჯერადად დაგეხმარები ამ თანხით და მე თავი დამანებე, ანუ ჩვენ შორის აღარანაირი ვალდებულებები არ არის. ეს არადამაჯერებელი ფორმაა, ისეთივე არადამაჯერებლი, როგორიც – ცალკეულ ტელეკომპანიებში მეპატრონეები რომ იცვლებიან. ასეთი შემთხვევები არ არის დამაჯერებელი, უბრალოდ, ამიტომ აჯობებეს, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს.”.

 

ია ანთაძისთვის კი მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებს “მეცხრე არხი” და რა შინაარსი ექნება აღნიშნულ ტელევიზიას:

 

“20 წლის მერე არავინ ვიცით, სად ვიქნებით, ეს ფული იქნება და ტელევიზია იფუნქციონირებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩვენ გავლენა გვაქვს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას გააკეთებს ეს არხი. ორი წლის მერე შეიძლება არც იყოს საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულია ამ ტელევიზიაში”.

 

ტელეკომპანია “მეცხრე არხი”, დღევანდელი მონაცემებით, შპს “აქცეპტის” საკუთრებაა, რომლის წილის 80% ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, ხოლო 20% პრემიერ-მინისტრის დისშვილს, კახა კობიაშვილს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი