საზოგადოება

ტყიბულის მეშახტეების მოთხოვნები

9 ნოემბერი, 2012 • 1919
ტყიბულის მეშახტეების მოთხოვნები

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ მომზადებულა არც ერთი ახალი ჰორიზონტი და ველები. გეგმიურად ყოველ ერთ წელიწადში უნდა მზადდებოდეს ერთი ველი. ძირითადად მუშავდება ძველი, 80-იან წლებში მომზადებული ენდოგენური ხანძრებისაგან დახურული ველების გახსნა და ექსპლოატაცია. ყოველივე ეს მიდის იქითკენ, რომ ტყიბულში შეწყდეს ნახშირის მოპოვება, რაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. ფაქტიურად ქალაქი ჩაკვდება. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მუშათა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის შემცირების ფონზე, რაც მეტად გასაკვირია, ქმნიან ახალ ხელმძღვანელ სტრუქტურებს, ზრდიან შტატებს”, – ნათქვამია ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო საკოორდინაციო კომისიის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მათი მოთხოვნები შემდეგია:

1. დათხოვნილი იქნას დაკავებული თანამდებობიდან შპს საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) აღმასრულებელი დირექტორი ლ. სტროიაკოვსკი, რომელიც არაკომპეტენტურია ტყიბულის საბადოს ნახშირის მოპოვების საქმეში, აგრეთვე, მისი ტექ. დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შემუშავებული პროექტების გამო საწარმოს მიადგა დიდი ზარალი.

2. მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდეს გეგმით და კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობები. შეწყდეს მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების შემცირება და სამუშაოდან უმიზეზოდ დათხოვნა.

3. მომავალი წლისათვის შენარჩუნებული იქნას აღებული ტემპი, დაიდოს ახალი კონტრაქტები და ხელშეკრულებები მომხმარებლებთან.

4. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომისიას, შეისწავლოს საწარმოში არსებული მდგომარეობა ინვესტორის შემოსვლის დღიდან და შემუშავდეს დარგის განვითარების ახალი სტრატეგია. მანამდე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოძიებული იქნას ახალი ინვესტორი.

5. დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შემოწმებული იქნას შპს საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) მინდელის სახ. შახტის საფინანსო მდგომარეობა.

მოთხოვნებს ხელს ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო საკოორდინაციო კომისიის წევრები აწერენ.


შპს საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) მინდელის სახელობის შახტის მუშათა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მასობრივი გაფიცვა მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან  დაიწყო,

გაფიცვა შახტის უშუალო ხელმძღვანელობის მიერ მუშათა შრომითი ანაზღაურების შემცირებასა და გარკვეული ნაწილის დათხოვნას (500 კაცი) მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი