საზოგადოება

რა ხარვეზებს შეიცავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი – ომბუდსმენის რეკომენდაციები

9 თებერვალი, 2017 •
რა ხარვეზებს შეიცავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი – ომბუდსმენის რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობასა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას გააუმჯობესებს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც დღეს, 9 თებერვალს, წარუდგინა საზოგადოება, შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროებას. ეს რეკომენდაციები შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, საზღვრისპირა რაიონებში ეკონომიკური საქმიანობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების გაიოლების საკითხებს შეეხება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საკითხი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთში შესვლა შესაძლებელია ზუგდიდის რაიონიდან, ხოლო ცხინვალში – გორის რაიონიდან. სხვა ადგილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა არის საქართველოს კანონის დარღვევა.

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით:

[checklist]

  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებებიდან უნდა შემოიფარგლებოდეს  მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.
  • განსხვავებული წესი უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვის, ნდობის აღდგენის და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების პროექტებს.
  • იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჭირო საბუთები, რათა შესვლის ნებართვა მიიღონ საქართველოს მხრიდან.
  • ხოლო ის პირები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ვითარების გამო, კანონის არცოდნის ან ფორსმაჟორის გამო მოხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.

[/checklist]

სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის საკითხებში, მედეა ტურაშვილი განმარტავს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2013 წლამდე დაკავებული ადამიანები იყვნენ მეზღვაურები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდებოდნენ ხოლმე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კანონის არცოდნის ან ფორსმაჟორის გამო.

ტურაშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს აკრძალვა ხელს უშლის ნათესაური კავშირების გაღრმავებას და შენარჩუნებას. მან ისაუბრა რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც დაბადებულია კახეთში და პერიოდულად ჩამოდის ნათესავების სანახავად და ასევე სტუმრობს სამხრეთ ოსეთს ნათესავების სანახავად. ეს ცვლილება სწორედ ასეთ ადამიანებს ეხებათ.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2009-2016 წლებში სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევაზე 395 პირის საქმე განიხილეს. აქედან, 51 პირს თავისუფლება აღუკვეთეს, ხოლო უმეტესობას ჯარიმა დააკისრეს.

ანგარიშში მოყვანილია მოლდოვას მაგალითი, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან მოლდოვაში დნესტრისპირეთის გავლით გადასვლა არაა კანონის დარღვევა, ხოლო ვიზიტორს ეკისრება ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს 72 საათის განმავლობაში.

კვიპროსის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კვიპროსში გადასვლა ან მათი აეროპორტებითა და პორტებით სარგებლობა ადმინისტრაციულადაისჯება. თუმცა კვიპროსის მთავრობა არ იყენებს რეპრესიულ მექანიზმს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი გახდა და ევროკავშირმა სპეციალური რეჟიმი დააწესა ჩრდილოეთ კვიპროსში, თუმცა კვიპროსის რესპუბლიკა იყენებს უფლებას, დააჯარიმოს კონკრეტული პირები.

ეკონომიკური საქმიანობა

[checklist]

ომბუდსმენის ინიციატივით:

  • საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, მუშაობენ ნდობის აღდგენისთვის და იცავენ ადამიანის უფლებებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში უნდა შემუშავდეს სპეციალური რეჟიმი, რომლითაც ხელი არ შეეშლება მათ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
  • იმ ადგილობრივი ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, პასუხისმგებლობისა და ნებართვების გაცემის საკითხი უნდა გადაიხედოს.
  • მთავრობამ უნდა გამოყოს ფინანსური რესურსი იმისათვის, რათა წაახალისოს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ბიზნესები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომ ერთობლივად ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ.

[/checklist]

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, კანონი სპეციალური ნებართვების გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მთავრობის გაცემული ნებართვების რაოდენობა მცირეა. 2014-16 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეათანხმა 7 ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2008-2013 წლებში მთავრობამ სულ 21 სპეციალური ნებართვა გასცა. ამ ნებართვების დიდი ნაწილი ენგურჰესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარია იმის შესახებ, რომ სანქციებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას და ხელი არ უნდა შეუშალოს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტები

[checklist]

ომბუდსმენის ინიციატივით:

  • მთავრობამ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა ადვილად მიიღონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობებისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტები.
  • მთავრობამ უნდა იმსჯელოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ცნობად მიღებაზე, რომლებიც მათ დაეხმარება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები მიიღონ.

[/checklist]

ომბუდსმენის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტები არ განიხილებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტებად და არ გახდეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ნეიტრალური დოკუმენტებით მათ შეუძლიათ სერვისების მიღება, თუმცა ეს არ ხსნის პრობლემას, რადგან დიდ ნაწილს ნეიტრალური დოკუმენტები მიღებული არ აქვთ.

მედეა ტურაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად თავიანთი დოკუმენტებით, რადგან ისინი არიან საბჭოთა საქართველოში დაბადებული ადამიანები.

“როდესაც მიდიან იუსტიციის სახლში, მათ შეაქვთ არა მოქალაქეობის მინიჭებაზე, არამედ პირადობის აღებაზე, ამ შემთხვევაში თითონ უკვე იუსტიციის სახლი, აფხაზეთის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის დროებით მთავრობასთან შეთანხმებით, ადგენს მათ საქართველოს მოქალაქეებად. დადგენა გულისხმობს იმის დაზუსტებას, რომ ისინი ნამდვილად საბჭოთა საქართველოში დაიბადნენ”, – ამბობს ტურაშვილი.

რაც შეეხება თაობას, რომელიც 1993 წლის შემდეგ დაიბადნენ,  აქ ჯერ მშობელმა უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდეგ შვილმა.

ომბუდსმენს მაგალითად მოჰყავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში “კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ”, სადაც კვიპროსის თურქული ნაწილის სასამართლოების გადაწყვეტილება უნდა განხილულიყო როგორც შიდასახელმწიფოებრივი საშუალება და უფლების დაცვის მექანიზმი, იმის მიუხედავად, რომ სტრასბურგის სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებდა კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის ლეგიტიმურობას.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს წესი არ გავრცელდება რუს პოლიტიკოსებზე, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით შევლენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“იმ რუს პოლიტიკოსებზე შეიძლება გავრცელდეს სხვა წესი, გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და სხვა მექანიზმები არსებობს ამისთვის კანონის გარდა. ეს არაფერ შუაში არ არის უშუალოდ იმ ჩანაწერთან, რომელიც ბლანკეტურად კრძალავს ქვეყანაში შემოსვლას სხვადასხვა ორგანიზაციების თუ პირების”, – ამბობს ნანუაშვილი.

ადამიანის უფლებების დაცვა

[checklist]

სახალხო დამცველის ინიციატივით:

  • ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაზე და მკაფიოდ აყალიბებდეს სახელმწიფოს ვალდებულებებს ამ კუთხით.

[/checklist]

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი ადამიანების უფლებების დაცვაზე. მისი რეკომენდაციის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ კანონშიც აისახოს საქართველოს ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მიმართ.

მოქმედ კანონში რუსეთს ეკისრება ყველა პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ხოლო საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ დარღვევის ფაქტების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობოს.

მხარეთა მოსაზრებები

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ კანონი უნდა იყოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ.

“კანონი უნდა იყოს მიმართული ოკუპაციის წინააღმდეგ და არა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს მოქმედი ნორმებით ხშირ შემთხვევაში სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება იმ ხარვეზებით, რაც ამ კანონში არსებობს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

16508589_1432939046730433_6754246363560963005_n

ნაირა ბიპიევი, თსუ-ს ფილოლოგიის პროფესორი, რომელიც ესწრებოდა ინიციატივების წარდგენას, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციები პოზიტიურია. ბიპიევი აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯები გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად შეცვლის აფხაზების, ოსებისა და ქართველების დამოკიდებულებას.

“მყისიერი ცვლილება არაა მოსალოდნელი, მაგრამ უნდა იმუშაოს ამან. ჩვენ პერსპექტივისთვის ვითვალისწინებთ, რომ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რომ მივაღწიოთ იმას, რაც ყველას გვინდა. როდესაც ინეტერესთა თანხვედრა იქნება ჩვენი და მათიც, იმ შემთხვევაშიც განხორციელდება ის მიზანი, რისკენაც ვისწრაფვით”, – განაცხადა ბიპიევმა.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს კანონმდებლობის ლიბერალიზებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულებას საქართველოსადმი შეცვლის.

“[კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ] მნიშვნელოვანწილად არა იმდენად ოკუპანტ ძალაზეა მიმართული, რამდენადაც აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის მრავალ უფლებას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ინტერესებში არც შედის, იქმნება საქართველოსგან მტრის ხატი, მუდმივი მანიპულაცია ამ კანონით და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს კანონი იმდენად უნდა იყოს დახვეწილი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ კანონით მანიპულირებისა”, – ამბობს კანაშვილი.

გოჩა გვარამია, დამოუკიდებელი ექსპერტი, აცხადებს, არ იწონებს შემოთავაზებულ ცვლილებებს და ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. მისი აზრით, ამ კანონის ლიბერალიზაცია არაა მისაღები.

“ეს ცვლილება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საზღვრის დარღვევა არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – ამბობს გოჩა გვარამია.

გვარამია ამბობს, რომ ეკონომიკური საქმიანობა ისედაც მიმდინარეობს გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ამიტომ მას მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი