საზოგადოება

25-ე არხის ახალი თანამფლობელი ამბობს, რომ ფინანსები არ აქვს ტელევიზიის განვითარებისთვის

11 ოქტომბერი, 2012 • 2322
25-ე არხის ახალი თანამფლობელი ამბობს, რომ ფინანსები არ აქვს ტელევიზიის განვითარებისთვის

როდის იყიდეთ ტელევიზია? 

 

2012 წლის თებერვალში გავაფორმეთ ხელშეკრულება. 

 

როგორ გაიგეთ იმის შესახებ, რომ ტელევიზია იყიდებოდა – თქვენი საქმინაობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამ ტიპის ბიზნესით არასოდეს დაინტერესებულხართ. დაგიკავშირდათ ვინმე და შემოგთავაზათ ეს წინადადება?

 

ისევ ტელევიზიის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ ტელევიზია იყიდებოდა. გეტყვით, რომ ახლობლები არიან, რა მაქვს დასამალი. ამის შემდეგ მივმართე მფლობელებს. რა თქმა უნდა, ჩავთვალე, რომ ბიზნესის ეს სახეობა შეიძლებოდა მომგებიანი ყოფილიყო. 

 

და რა მოგება მიიღეთ დღემდე?

 

რომ ველოდი, ისეთი მოგება არ მიმიღია, მაგრამ მოგება არის. 

 

უშუალოდ ვინ აწარმოა თქვენთან მოლაპარაკებები?

 

მოლაპარაკებებს მფლობელებთან ვაწარმოებდი, ესენი იყვნენ: მერაბ მერკვილაძე, მალხაზ ვერძაძე და გია სურმანიძე, რომელიც ახლა ტელევიზიის დირექტორია. 

 

ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ იცნობდით ლევან ქარდავას, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ გქონიათ. თითქმის ერთი წელია ის თქვენი პარტნიორია, რა ინფორმაცია გაქვთ მასზე,  ვინ არის, რა ბიზნესი აქვს?

 

ლევან ქარდავას საერთოდ არ ვიცნობ, მას მხოლოდ თბილისში, საჯარო რეესტრში შევხვდი, როდესაც ხელშეკრულებას ვაფორმებდით. 

 

გქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო ამ არჩევნებზე?

 

მე ჩემი 50– პროცენტიანი პაკეტი მივიღე, ამიტომ ჩემთვის არც იყო საინტერესო, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ლევან ქარდავა. არც დავინტერესებულვარ მისით. გამორიცხული იყო მართვასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე სახის პრობლემები გვქონოდა, რადგან შეთანხმება გვქონდა, რომ  ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა არ უნდა შეცვლილიყო. ეს იყო ნათელი ყველასათვის. ეს იყო ხალხის ტელევიზია და მუშაობა გაგრძელდა ჩვეულებრივ რიტმში. თქვენც დაინახავდით, რომ იქ არაფერი არ შეცვლილა. ჩემი სურვილიც იყო, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილიყო. 

 

ხომ არ გიფიქრიათ, რომ თვენი პარტნიორის პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, იყო ალბათობა, ის ჩარეულიყო ტელევიზიის საქმიანობაში?

 

თუ ის ჩათვლიდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვლილიყო, ამაზე, ალბათ, დაიწყებოდა მოლაპარაკებები ჩვენ შორის, რადგან მე ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი ვარ, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. ჩვენ გვქონდა ოფიციალური შეთანხმება, რომ ტელევიზიაში პოლიტიკა არ შეიცვლებოდა. მე არც დავინტერესებულვარ ამით და არც მიფიქრია იმაზე, რომ შეიცვლებოდა მთავრობა და ტელევიზია. 

ჯემალ ვერძაძე
ჯემალ ვერძაძე

 

პარტნიორებს გაქვთ თანაბარი წილი, რამდენად იყიდეთ ტელევიზია?

 

ეს საკითხი შეიძლება არის საზოგადოების ინტერესის საგანი, მაგრამ, მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი, რომ გავახმაურო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შევიძინე ტელევიზია. 

 

გქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რა დიდი ინტერესი არსებობდა ამ ტელევიზიის მიმართ საზოგადოების მხრიდან და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე, თუ ვინ და რამდენად შეისყიდა ტელევიზია?

 

ვიცოდი, რომ იყო ინტერესი საზოგადოების მხრიდან ამ ტელევიზიის მიმართ და ის მუშაობდა ისე, როგორც მანამდე, ვიდრე ჩვენ მას შევიძენდით. ტელევიზიას სახე არ შეუცვლია და ის მუშაობას აგრძელებდა ჩვეულებრივად. ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე არც ყოფილა საუბარი. მე ხომ არ ვიყვირებდი, ტელევიზია შევიძინე –მეთქი, როცა მკითხეთ – გპასუხობთ. არჩევნებამდე რომ დაგესვათ ჩემთვის ეს  კითხვები, რა თქმა უნდა, მაშინაც გიპასუხებდით ისე, როგორც ახლა გპასუხობთ. 

 

რა ინფორმაციია გაქვთ სახელმწიფოს მონაწილეობაზე ამ ტელევიზიის გასხვისების საქმეში – ტელევიზიის ყოფილი მფლობელების ახლო ნათესავებს სახელმწიფოსგან 2 მილიონამდე ღირებულების ქონება გადეცათ სიმბოლურ ფასად. 

 

ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ და ვერაფერს გეტყვით. მე ეს თქვენგან გავიგე. არც დავინტერესებულვარ და არც ჩემი საქმე იყო ის, რომ მომეკითხა, გადასცეს თუ არა ამ ადამიანებს ქონება. მე ამ საქმეში სახელმწიფოს ინტერესს ვერ ვხედავ. ვერც იმას გეტყვით, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს ინტერესი, რომ ეს ტელევიზია გაყიდულიყო.  

 

საჯარო რეესტრში დოკუმენტები ტელევიზიის გასხვისებასა და ახალ მფლობელებზე დღემდე არ იძებნებოდა. თითქმის ყოველდღე ვამოწმებდით რეესტრის მონაცემებს. ოფიციალურადაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელზედაც პასუხი არ მიგვიღია. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ახლა საიდან გაჩნდა საჯარო რეესტრში დოკუმენტები ძველი თარიღით? 

 

მე არც რეესტრში გადამიმოწმებია ინფორმაცია. ჩემს სახელზე გაფორმდა 50 პროცენტი და რატომ დავინტერესდებოდი, იდო თუ არა ამის დამადასტურებელი საბუთი რეესტრში. 

 

როდესაც იგებთ ახლა ჩვენგან ამ ყველაფრის შესახებ, რაიმე ეჭვები ხომ არ გიჩნდებათ?

 

არა, რა ეჭვები უნდა გამიჩნდეს.

 

ტელევიზიაში მომუშავე ადამიანების ხელფასებს თქვენ იხდით?

 

ამის თაობაზე ტელევიზიის დირექტორს მიმართეთ. 

 

როგორ მოხდა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა დღემდე არ იცოდნენ თქვენ შესახებ, ისინი თქვენ არც კი  გიცნობდნენ. არ დაიტერესებულხართ ფაქტობრივად თქვენ მიერ დაქირავებული ადამიანების გაცნობით, არასოდეს მისულხართ ტელევიზიაში?

 

დიახ, ტელევიზიის თანამშრომლები მართლა არ მიცნობენ. იქ დაინიშნა დირექტორი და ის განაგებს ყველაფერს. შეგიძლიათ მას ესაუბროთ. მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მათთან. ყოფილ მფლობელებს შევხვდი თბილისში, როდესაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. მას შემდეგ არც მერაბ მერკვილაძე მინახავს და არც ტელევიზიაში მივსულვარ. 

 

ახლო მომავალში ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა ხომ არ შეიცვლება, ან საკადრო ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

 

ამ საკითხებით არ დავინტერესებულვარ, რადგან გვქონდა შეთანხმება, რომ ტელევიზიას თავისი სახე არ უნდა შეცვლოდა. საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა კი ტელევიზიაში არ იგეგმება. არც საკადრო ცვლილებებს ვგეგმავთ. 

 

ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით?

 

ტელევიზიის განვითარების ხელშეწყობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ფინანსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი