საზოგადოება

‘ტელეარხი 25’-ის წილი ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრმა იყიდა

11 ოქტომბერი, 2012 • 1503
‘ტელეარხი 25’-ის წილი ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრმა იყიდა

„ზუსტად რა ბიზნესი აქვს ლევან ქარდავას, არ ვიცი, როგორც ვიცი, მანამდე მოსკოვში საქმიანობდა, ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, ჯემალ ვერძაძეს კი ჯართის ბიზნესი აქვს.“  

 

გია სურმანიძე არ აკონკრეტებს, რამდენად გაიყიდა ტელევიზია.  

 

ლევან ქარდავა წალენჯიხის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მან წალენჯიხაში ამომრჩეველთა ხმების  64,1 პროცენტი მიიღო.  

 

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომ იყო, არ ვიცოდი. მეც ახლა ვნახე ფეისბუკზე,“ – ამბობს გია სურმანიძე.     

 

საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ქარდავა არის შპს „მდგრადი განვითარების ინვესტიციების“ ასპროცენტიანი წილის მფლობელი.   

 

„ბათუმელებმა” ლევან ქარდავასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მისი ტელეფონი ამ დროისათვის გამორთულია.  წალენჯიხის გამგეობის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ლევან ქარდავა ბიზნესმენია, იგი არ არის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ძმა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოსკოვში და ევროპაშიც:

 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მან „ტვ 25″ იყიდა, მაგრამ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით,” – გვითხრეს წალენჯიხის გამგეობაში.  

 

ბიზნესმენმა ჯემალ ვერძაძემ კი სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ტელევიზიის მეორე მეწილეს, ლევან ქარდავას ტელევიზიის შეძენამდეც იცნობდა, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია:

 

„როცა იყიდებოდა, მანაც შემოიტანა პაკეტი და ასე გავხდით პარტნიორები”.

 

ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, რა ფასად შეიძინეს  ახალმა მფლობელებმა ტელევიზია.   

 

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის მფლობელები ჯერ კიდევ 2012 წლის 24 თებერვალს შეიცვალნენ, 50/50 –პროცენტიანი წილით ლევან ქარდავა და ჯემალ ვერძაძე გახდნენ ტელეარხის მფლობელები, ხოლო გოორგი სურმანიძე მითითებულია, როგორც ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი.  

 

 ცვლილება არასამუშაო საათებში, 23 საათსა და 11 წუთზეა დაფიქსრებული.

 

დოკუმენტი „ტვ 25″-ის ახალი მეწილეების შესახებ საჯარო რეესტრში ამ დრომდე არ იძებნებოდა.  

  

სწორედ 2012 წლის 24 თებერვალს შეიცვალა „ტვ 25″-ის ყოფილი მფლობელების ნათესავების ქონებრივი მდგომარეობა, რის შესახებაც „გაზეთი ბათუმელები”  30 მარტის ნომერში წერდა. კერძოდ, 24 თებერვალს, არასამუშაო საათებში, „ტვ 25“-ის მეწილეების– მერაბ მერკვილაძის, მალხაზ ვერძაძის და გია სურმანიძის ნათესავების ანგარიშზე სახელწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროსა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე.

 

24 თებერვალს ლევან ვარშალომიძისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე  მალხაზ ვერძაძის სიდედრს, მერი ქარცივაძეს გადასცა 269 კვადრატული მეტრი ფართობი ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიძის გამზირის #46-ში,106 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი მემედ აბაშიძის ქუჩაზე და 94 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში.

 

მანამდე მერი ქარცივაძეს სახელზე არავითარი ქონება არ იყო დარეგისტრირებული.

 

იმავე დღეს, 24 თებერვალს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გამოჩნდა „ტვ 25″-ის ყოფილი დირექტორისა და მეწილის, მერაბ მერკვილაძის ნათესავის სახელზეც. ოთხი სხვადასხვა ზომის ობიექტი, მთლიანობაში 132 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი მერკვილაძის დეიდაშვილის ქმარს  ჭავჭავაძის გამზირის 43 ნომერში გადასცეს. ასევე– თბილისში, დიღმის მასივში 165,80 კვადრატული მეტრი ფართობი.

 

ირაკლი კრიჭაშვილის სახელზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 24 თებერვლამდე მხოლოდ ერთი ბინა იყო რეგისტრირებული.

 

24 თებერვალს  „ტვ 25″-ის კიდევ ერთი მეწილის, გია სურმანიძის დედაშვილის, ლელა მითაიშვილის სახელზეც გამოჩნდა ქონება.  მას სახელმწიფომ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #19-ში გადასცა 184.90 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი, ძველ ბათუმში 78 კვადრატული მეტრი შენობა – პირდაპირი მიყიდვის წესით; თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში, 29 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი და ოროთახიანი ბინა თბილისში, დიღმის მასივში.  

 

„ტვ 25″-ის მეწილეები უარყოფდნენ, რომ მათი ნათესავების ანგარიშზე 24 თებერვალს, ერთ დღეს, ერთ საათში რეგისტრირებულ სახელმწიფო ქონებას რაიმე კავშირი ჰქონდა ტელეკომპანიასთან. 

 

„თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ ჩვენ ეს ქონება გავცვალეთ ტელევიზიაში და გადავუფორმეთ ახლო ნათესაობას? …რა ქონებაა ასეთი, რომ ტელევიზიაზე მეტი ღირს. ბოლოს და ბოლოს, გავყიდი და ფულია ტელევიზია. სერიოზული თანხა ღირს და სურვილი ყველას აქვს, რომ იყიდოს… მე რომ განვაცხადო, ტელევიზიას ვყიდი– მეთქი, როგორ ფიქრობთ, არ გამოჩნდება ხალხი? აქედან გამომდინარე, პირდაპირ გავყიდი და არა ასეთ არეულ სიტუაციაში. ამ ლოგიკითაც იმსჯელეთ…”   – განაცხადა მაშინ „ბათუმელებთან” „ტვ 25″-ის დირექტორმა, გია სურმანიძემ.

 

რაც შეეხება მერაბ მერკვილაძეს, „ტვ 25″-ის ყოფილ დირექტორს, მან თანამდებობა თებერვლის ბოლოს დატოვა იმ მოტივით, რომ თბილისში გადადიოდა საცხოვრებლად.

 

რის საფუძველზე, რა პირობითა და რამდენ ლარად გადასცა სახელმწიფომ  დაახლოებით 2 მილიონი დოლარის  ღირებულების ქონება “ტელეარხი 25″-ის დამფუძნებლების ახლო ნათესავებს, ამის შესახებ „ბათუმელებმა” ინფორმაცია 2012 წლის მარტში გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი