საზოგადოება

ტვ 25 არჩევნებამდე გაიყიდა

11 ოქტომბერი, 2012 • 1800
ტვ 25 არჩევნებამდე გაიყიდა

„სანოტარო აქტი რამდენიმე თვის წინ შედგა, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ტელევიზიის გასხვისება მის მიმართ საზოგადოების დაეჭვების საბაბი გახდებოდა, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ინფორმაცია არჩევნებამდე არ უნდა გახმაურებულიყო. როგორც ვნახეთ, დღემდე არ შეცვლილა არხის საინფორმაციო მიმართულება და არ შეზღუდულა ჟურნალისტთა საქმიანობა. ახალი მფლობელები, ჯემალ ვერძაძე და ლევან ქარდავა ბიზნესმენები არიან. გარიგების დეტალები და თანხა, რომელიც ტელევიზიისთვის გადაიხადეს, საერთო კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურია. რაც შეეხება ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას ტელევიზიის მფლობელთათვის სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტის გადაცემის თაობაზე, მინდა განვაცხადო, რომ პასუხს ვაგებ მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც ჩემს სახელზეა რეგისტრირებული.“ – აცხადებს მერაბ მერკვილაძე. 

 

 

 „ტვ 25″- ის თანამფლობელების აახლო ნათესავების ანგარიშზე გაჩენილი ქონების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ბათუმელებში” 2012 წლის აპრილში გამოქვეყნდა. კერძოდ, 2012 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვისა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, თითქმის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება თბილისსა და ბათუმში სახელმწიფომ “ტელეარხი 25”-ის დამფუძნებლების ახლო ნათესავებს გადასცა. 

 

 “ბათუმელებმა” საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა პირობით და რამდენ ლარად გადაეცა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის გზით სამ მოქალაქეს. რეესტრმა კანონით დადგენილ ვადებში ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. 

 

2012 წლის თებერვლის ბოლოს “ტელეარხი 25”-ში შეიცვალა ხელმძღვანელი,  ერთ-ერთი დამფუძნებელი – მოქმედი დირექტორი მერაბ მერკვილაძე გადადგა თანამდებობიდან. ის მეორე დამფუძნებელმა – გიორგი სურმანიძემ შეცვალა. 

 

 “ტელეარხი 25”-ი, როგორც  დამოუკიდებელი ტელეკომპანია, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით სარგებლობდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი