ნეტგაზეთი | დედა/ მამა მიყიდე! – რა უნდა ვქნათ, როცა ბავშვი ტირილს არ წყვეტს მაღაზიასა თუ სახლში დედა/ მამა მიყიდე! – რა უნდა ვქნათ, როცა ბავშვი ტირილს არ წყვეტს მაღაზიასა თუ სახლში – Netgazeti

დედა/ მამა მიყიდე! – რა უნდა ვქნათ, როცა ბავშვი ტირილს არ წყვეტს მაღაზიასა თუ სახლში

პატარა ბავშვთან ერთად მაღაზიაში შედიხართ, მიზნად ძალიან კონკრეტული ნივთის ყიდვა გაქვთ დასახული, რომელიც ძალიან გჭირდებათ და ფულიც ცოტა გაქვთ, ამ დროს პატარას სათამაშო მოეწონა, ითხოვს მის ყიდვას, თქვენ იხრებით, ჩუმად, სხვებისგან შეუმჩნევლად ცდილობთ მისთვის სიტუაციის ახსნას, ის იწყებს ტირილს, ხმას უწევს, ზემოთ აიხედავთ და მაღაზიაში უკვე ყველა თქვენ გიყურებთ…

არაფერია გასაკვირი იმაში, თუ პატარა ბავშვს ახალი სათამაშო ან ტკბილეული ძალიან ხშირად უნდება. აქ წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ბავშვი გამუდმებით ითხოვს რაღაცის ყიდვას, უარის შემთხვევაში ტირის, თქვენ კი საკმარისი ფული არ გაქვთ, ან თვლით, რომ ბავშვის ყოველდღიურად დასაჩუქრება საჭირო არ არის.

ნატუკა 2 წლის და 9 თვის ბავშვის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვი გარეთ გასვლისთანავე მაღაზიაში გარბის. ნატუკას პრობლემის გადაჭრის თავისი მეთოდი აქვს: ცდილობს, პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს:

“მე, როგორც მძღოლს, ბავშვი მანქანით დამყავს, გარეთ გავდივართ და ის მაშინვე მაღაზიისკენ მირბის. ამ დროს ვაძლევ ჩემს ტელეფონს და ვეუბნები, ტელეღიპუცები ჩართე-მეთქი. ტელეფონს მართმევს და როცა ხვდება, რომ ინტერნეტი არ მაქვს, ამაზე მეორე ამბავი იწყება, მაგრამ ამასობაში მივდივართ ბაღში. შენობის შესასვლელში ნახატები და საათებია, ვეუბნები, ნახე, ეს რა არის-მეთქი და ბაღშიც შედის”, – ამბობს ნატუკა.

ნატუკა ფიქრობს, რომ პატარას ჯერ სავაჭრო-საბაზრო ურთიერთობები არ ესმის, ანუ ჰგონია, რომ მაღაზიაში შესვლა და ნებისმიერი ნივთის წამოღება შეუძლია. მისივე თქმით, ბავშვი ლაპარაკს ახლა სწავლობს, ამიტომ სიტუაციის ახსნას აზრი არ აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მისი აზრით, სათამაშოს თუ ტკბილეულის ყიდვა საჭირო არ არის, ცდილობს მოთხოვნიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს.

ელი, რომელიც 4 წლისა და 6 თვის პატარას ზრდის, ამბობს, რომ მისი შვილი გამუდმებით, დაჟინებით ითხოვდა ტკბილეულს და მიზნის მისაღწევად ფეხის ბაკუნსაც კი იყენებდა. ელი ფიქრობს, რომ ამ ეტაპისთვის პრობლემა მოაგვარა:

“ამისთვის ბანკომატთან მიყვანა და ხელფასის ჩვენებაც კი დამჭირდა, ანუ ბანკომატთან ავუხსენი, რომ თვეში ერთხელ გვერიცხება თანხა. ბაღში ცარიელ ჯიბესაც ვაჩვენებ ხოლმე. ბევრჯერ მქონია სპეციალურად წაღებული [ტკბილელული], მაგრამ მიცემისგან თავი შევიკავე, რადგან ისევ მისთვისაა ცუდი. ახლა, როცა რაიმე უნდა, ამბობს: იცი, მამა რომ ხელფასს აიღებს, მაშინ მიყიდის”, – ამბობს ელი.

ნინია 3 წლის და 3 თვის პატარას ზრდის. ამბობს, რომ როცა ბავშვისთვის საჩუქრის ყიდვას საჭიროდ არ თვლის, მოთხოვნას იგნორირებას უკეთებს, თუმცა ეს მხოლოდ სახლში და უბანში გამოსდის:

“ქუჩაში ამას ვერ ვაკეთებ, რადგან გამვლელები ყურებას მიწყებენ და იძულებული ვარ, რომ ის, რასაც დიდი ხანი ვაჩვევდი, წამში წყალში ჩავყარო. თუ ძალიან დიდი სათამაშო მანქანა უნდა, ვუხსნი, რომ ახლა ამის საყიდელი ფული არ მაქვს, მაგრამ თუ ეს არ ჭრის, შემდეგ აღარაფერს ვეუბნები. ყოფილა შემთხვევა, როცა ისე უტირია, რომ ვერ მომყავდა. ამ დროს ხელს ვუშვებდი, ის ტიროდა, მე გვერდით ვდგებოდი და შემდეგ მომყვებოდა. მაგრამ ახლა დღის განმავლობაში სახლში არ ვარ და ყურადღებას ისე ვეღარ ვაქვცევ. ბავშვი ბებია-ბაბუასთან რჩება და ყველაფერი აირია. დღეს თუ რამე არ გვაქვს ნაყიდი, სახლში ვერც მე და ვერც ჩემი ქმარი ვერ მივდივართ”, – ამბობს ნინია.

როგორ მოვიქცეთ – მაღაზიაში

ფსიქოლოგი ნინო ახალია ამბობს, რომ პირველ რიგში, მაღაზიაში შესვლამდე, ჯერ მოზრდილებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილება მტკიცედ მიღებული, გეგმავენ თუ არა პატარისთვის რაიმეს ყიდვას:

“როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, ბევრად ადვილია მოქმედება. თუკი გეგმავენ, უყოყმანოდ და ბავშვის მხრიდან თხოვნის გარეშე უნდა გააკეთონ შენაძენი. თუ არა, მტკიცედ და მოკლე ფრაზებით შეატყობინონ [პატარას] უარი და შემდგომ დიდი მოთმინებით გაუძლონ საპასუხო ემოციურ შემოტევას. როდესაც მსგავსი თანმიმდევრობა დაცულია – ბავშვი უარს უფრო ადვილად იღებს. ხმამაღალი ტირილის შემთხვევაში, სჯობს საპასუხო აგრესიის გარეშე ბავშვის მაღაზიიდან გამოყვანა. განსაკუთრებით უჭირს ბავშვს, როდესაც სხვისთვის საჩუქრის შესარჩევად მიდიან, თვითონაც უნდა და ეს, ბუნებრივია. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ეს ალბათობა დანახარჯებში, რადგან ბავშისთვის საჩუქრის სხვისთვის გაზიარება უფრო მტკივნეული იქნება და ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება”, – ამბობს ნინო ახალაია და დასძენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღებით და პატივისცემით სავსე რეაგირება ნებისმიერ რეაქციაზე.

“ეფექტურია მოლაპარაკება, საუბარი , საკუთარი დაინტერესების გამოხატვა, მოწონება,  არჩევანის შეთავაზება, – თუნდაც მინიმალურის. რამდენიმე სიტყვით მაინც ახსნა, თუ რისი ყიდვა არის ახლა აუცილებელი. ფრაზა – ფული არ მაქვს! – ბავშვებს ხშირად ესმით, როგორც- შენთვის არ მცალია, შენი სურვილები ნაკლებად მნიშვნელოვანია, თავი დამანებე! ამიტომ, ასაკის გათვალისწინებით დალაპარაკება, მაღაზიაში შესვლამდე შეთანხმება და შემდგომ შეთანხმების დაცვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ორივესთვის”.

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პატარა ასაკის, 3-4 წლის ბავშვის შემთხვევაში რამდენიმეეტაპიან გამოსავალს გვირჩევს. მისი თქმით, როცა მშობელი თვლის, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის სათამაშოთი თუ ტკბილეულით დასაჩუქრება საჭირო არ არის, ბავშვს პირველ რიგში ეუბნება, რომ დღეს ვერა, მაგრამ სხვა დროს, მაგალითად, ხვალ ან ერთ კვირაში უყიდის, ოღონდ პირობას არ არღვევს. თუ ეს დაპირება არ ჭრის, გაგოშიძის თქმით, ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალი ბავშვის ყურადღების სხვა თემაზე გადატანის მცდელობაა, მისი თქმით, ამისათვის შესაძლოა მშობელმა გამოიყენოს ბავშვის საყვარელი სათამაშო, რომელიც წინასწარ არის მომზადებული, ასევე, მობილური ტელეფონიც. მისი თქმით, თუ ბავშვს ფულის მნიშვნელობა ესმის, შეიძლება იმის თქმაც, რომ იმ კონკრეტულ დროს ფული არ გაქვს:

“როგორც წესი, ეს ყველაზე რთული მდგომარეობაა მშობლებისთვის, რადგან თუ ბავშვი ამბავს ტეხავს, მშობელი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ისტერიკას ყველა აქცევს ყურადღებას, შემდეგ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ეტყვის, რატომ ატირებთ ამ საწყალ ბავშვს.  მშობელს რცხვენია, უხერხულ სიტუაციაში ვარდება. ყველაზე მარტივია, რომ უყიდოს და ბავშვს სურვილი შეუსრულოს. ბავშვმა ზუსტად იცის ეს, რომ მიიღებს იმას, რაც სჭირდება. აქედან გამოსავალი არის ის, რომ ყურადღება გადავატანინოთ. თუ რბილი ტემპერამენტის ბავშვია, ყურადღება გადააქვს მისთვის საყვარელ რამეზე. თუ ეს შველის, პრობლემა არ არის. თუ ეს არ შველის და ბავშვი მაინც თავისას ითხოვს, უბრალოდ, კიდებთ ხელს, იყვანთ ხელში და გამოგყავთ გარეთ, ძალიან მშვიდად ჯაჯგურის და ჩხუბის გარეშე. მანდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევა მშობელი. ის ბავშვს არ უნდა ეჯაჯგუროს,  არ ეჩხუბოს, არ  უყვიროს, ლაპარაკის გარეშე 3 წლის ბავშვს ვკიდებთ ხელს, წყნარად ვიყვანთ ხელში და გარეთ გამოგვყავს. ოღონდ ამას არ ვაკეთებთ მისდამი პროტესტის ნიშნად, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მშვიდად იყვანთ ხელში და გამოგყავთ გარეთ’, – ამბობს გაგოშიძე და დასძენს, რომ გარეთ გამოყვანა უკიდურესი ზომაა, ოღონდ ამას დასჯის ფორმა არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, თუ ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდება, ბავშვი მიხვდება, რომ ისტერიკას მისი მაღაზიიდან გაყვანა მოჰყვება და ეს ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ბავშვის ტირილს შეამცირებს.

ნინო ახალაიას თქმით კი, ცალსახად  საშიშია ფრაზები  და ინტონაცია, რომელიც არცხვენს ბავშვს, ადანაშაულებს, აკერებს იარლიყებს , რომ ის არის ძუნწი, უმადური, მხლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ასევე მუქარა – მე შენ გიჩვენებ და ა.შ.

“ან კიდევ ჯერ მტკიცე უარი და შემდგომ, როდესაც დემონსტრაციული ისტერიკის გაუსაძლისობის მერე გაბეზრებული მშობელი  მაინც ყიდულობს.  მსგავსი არათანმიმდევრულობა ბავშისთვის სახიფათოა. აყალიებებს ურთიერთობის მანიპულაციურ ფორმას. ხშირად აღმოჩნდება, რომ თავად მოზრდილებმა მიაჩვიეს იმ ბაზისური მოთხოვნილებების ნაყიდი საჩუქრებით, სათამაშოებით თუ ტკბილეულით დაკმაყოფილება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პატრამ იცოდეს, უყვართ, უსმენენ, ყურადღებით ეპრყობიან”, – ამბობს ნინო ახალაია.

როგორ მოვიქცეთ – სახლში

როცა პატარა 3-4 წლის ბავშვი სახლში მართავს ისტერიკას და მშობლისგან მაღაზიაში ჩასვლას და რამის ყიდვას ითხოვს (ხოლო მშობელი თვლის, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის), თამარ გაგოშიძის თქმით, ამ დროს ბავშვს უნდა უთხრან, რომ ეს ვერ მოხერხდება, თუ ბავშვი ტირილსა და ისტერიკას არ წყვეტს, მისი რეაქცია მშობელმა უნდა დააიგნოროს “ვითომ არ ესმის”.

“არც ვცემთ, არც მორალს ვუკითხავთ, უბრალოდ, ვითომ არ გესმის. ერთხელ ეტყვი, რომ არა, ახლა ვერ ამოვიტან მე კამფეტს და მორჩა. თუ ის იწყებს ტირილს, მშობლებს ეშინიათ ხოლმე ამის, რადგან ფიქრობენ,  რომ ნერვებს უშლიან ბავშვებს, ანუ თუ მას სურვილს არ შეუსურლებენ, ბავშვს ნერვები აეშლება, ნერვები გაუფუჭდება, რომ ასეთი ბავშვი დაითრგუნება, ვერ იქნება ლაღი და ა.შ. ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა ბავშვის განვითარებაზე, რადგან ბავშვი და მისი ტვინი ჩარჩოებს და თავისუფალ არჩევანს უნდა ეჩვეოდეს, რომ ასე თუ მოიქცევა, რაღაც არ ექნება, ხოლო სხვანაირად თუ მოიქცევა, მაშინ ექნება. სხვაგვარად მისი ტვინი იმპულსის შეკავებას, არჩევანს და საკუთარი ქცევის თვითრეგულაციას ვერ ისწავლის. საუბარი არ არის სადისტურ, აგრესიულ დამოკიდებულებაზე ბავშვის მიმართ, საჭიროა ძალიან მხარდამჭერი პოზიცია, როდესაც შენ ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვს: ვითომ არ გესმის”.

რაც შეეხება ტირილს, ნეიროფსიქოლოგი განმარტავს, რომ ამის გამო მშობელს დანაშაულის განცდა არ უნდა ჰქონდეს: “ბავშვი იმისთვის არსებობს ბუნებაში, რომ უნდა იტიროს და თან ბევრი. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც ლაპარაკია რაიმე მოთხოვნაზე. დედაზე და მამაზე უკეთესად არავინ იცის, ბავშვი [რატომ ტირის]. როცა ის  შუა ქუჩაში დაიღლება, ან როცა ბავშვს რაღაც აწუხებს, მაგას იგნორირებას არ უკეთებ. ლაპარაკი არის იმ შემთხვევაზე, როცა მოითხოვს, რომ უნდა მაინცდმაინც ეს კანფეტი”

გაგოშიძის თქმით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს. მისი განმარტებით, სერიოზული პრობლემაა, როცა ოჯახის წერებს შორის საკითხისადმი მიდგომა განსხვავებულია და ამის დემონსტრირება ბავშვის წინაშე ხდება:

“როგორც წესი, ბავშვში ამ ტიპის ქცევას  ოჯახში მყოფი უფროსების განსხვავებული დამოკიდებულება ამტკიცებს. არის სიტუაცია, როცა, მაგალითად, დედა და მამა ერთ აზრზე არიან,  ანუ როცა დედა ეუბნება არას, მამაც იგივეს ამბობს, მაგრამ ბებია, ბაბუა, ბიძა თუ მამიდა ძალიან რბილად უყურებენ ამ სიტუაციას და დგებიან ბავშვის მხარეს: ცოდოა, თქვენ ცუდად ექცევით ამ ბავშვს. შედეგად, კიდევ უფრო მწვავდება ბავშვის ქცევა, რადგან როდესაც უფროსებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს, ის კიდევ უფრო მეტად მანიპულატორი ხდება. ანუ ბავშვმა ზუსტად იცის, ვისთან რა მოითხოვოს. ამიტომ თუ ბებიას, ბაბუას, დედას ან მამას  ერთმანეთის ქცევა არ მოსწონთ, ბავშვის თვალწინ  კამათი და განსხვავებული დამოკიდბეულების დემონსტრირება არ შეიძლება”.

თამარ გაგოშიძეს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა მიზანშეწონილი ყოველდღიურად ბავშვის დასაჩუქრება:

“ძალიან ცუდია ეს, საჩუქრით ყოველდღე სახლში მისვლა ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება, როცა გაიზრდება. ბავშვს უნდა უხაროდეს. სიხარული ხომ ყოველდღიურობიდან გამოყოფილი რაღაცაა – სიურპრიზი, მოულოდნელი ან სასიამოვნო რამ და როგორ იქნება მოულოდნელი და სასიამოვნო ის, რაც ყოველდღე გაქვს? საჩუქრის ყოველდღიურად მიტანა აუფასურებს ბავშვის ემოციასაც და ამ საჩუქრით მინიჭებულ სიხარულსაც. მე ამას ზეპირად არ ვლაპარაკობ. ასეთი ბავშვები ხშირად მოდიან ჩვენთან.  10 წლის ბიჭმა, როცა ვკითხე, რა გაგაბედნიერებს-მეთქი, მითხრა არაფერიო, იმიტომ, რომ ყველაფერი მაქვსო. რაზე ოცნებობ-მეთქი და არაფერზეო”.

როცა ბავშვი შედარებით დიდია

ასეთ შემთხვევაში, თამარ გაგოძის თქმით, მშობლები ბავშვებს ჩვეულებრივად უნდა დაელაპარაკონ:

“მათ ლოგიკური აზროვნება უკვე კარგად აქვთ განვითარებული, ჩვეულებრივად ვეუბნებით, რომ პირობითად შეგვიძლია თვეში ერთხელ, ან სამ კვირაში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ გავუკეთოთ სიურპირიზი… შეიძლება დამსახურების მიხედვით. ზოგიერთი მშობელი ამას [საჩუქარს] ჯილდოს სახით იყენებს, რაშიც მე მათ ვეთანხმები, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ვაჭრობა… ვაჭრობა პატარა ბავშვებთან კარგია და  პრობლემა არ არის, მაგრამ 10, 11 წლის და გარდამავალი ასაკის ბავშვებთან ვაჭრობა, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, იმას მიიღებ…. შემდეგ ბავშვი ამა თუ იმ რაღაცას მხოლოდ იმის გულისთვის აკეთებს, რომ საჩუქარი მიიღოს, თუმცა ამ ასაკშიც ვურჩევთ ხოლმე მშობლებს, რომ თუ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული სათამაშო უნდა, შესაძლებელია წავუყენოთ პირობა, რომ ამის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნება ესა თუ ის სათამაშო’, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

მისივე თქმით, სათამაშოს ან ტკბილეულის გამო ნორმალური განვითარების შემთხვევაში 5 წლის ზემოთ ბავშვი ისტერიკაში აღარ უნდა ვარდებოდეს.

“როცა ბავშვი 10 წლის ასაკშიც ვარდება ისტერიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ზუსტად იცის, რომ ამ ისტერიკით მიიღებს იმას, რაც სჭირდება. ეს ამ ბავშვისთვის ძალიან ცუდია, რადგან მისი ემოციური განვითარება რისკის ქვეშ არის. ცხოვრებაში მას შეხვდება სიტუაციები, სადაც არ შეუსრულებენ თავის მოთხოვნებს და ეს  მას სერიოზულ სტრესში ჩააგდებს”.

საჭიროა თუ არა ნერვიულობა?

არის თუ არა საშიში ის ფაქტი, რომ პატარა ბავშვი სასურველის მისაღებად ტირის, ისტერიკაში ვარდება და უნდა ინერვულონ თუ არა მშობლებმა ამის გამო?

2, 3, 4 წლის ბავშვს იმდენი რესურსი არ აქვს, რომ გარემოზე გავლენა მოახდინოს. როგორც წესი, ისტერიკები 2 წლიდან იწყება, როცა ბავშვში მე-ს ცნობიერება ყალიბდება. ანუ პატარა აცნობიერებს, რომ ის სრულიად სხვა ადამიანია და სიტყვით და ქცევით შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემოზე. როცა ამას გააცნობიერებს, ამ ასაკიდან იწყება ისტერიკები, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ბავშვი ცდილობს, რომ ამ გზით გარემოზე გავლენა მოახდინოს. როგორც კი ბავშვის რესურსი იზრდება, ანუ კარგად ამეტყველდება,  იმპულსის შეკავებას შეძლებს – ეს ყველაფერი [ისტერიკა, ტირილი] ბუნებრივად შემცირდება. თუ ასე არ ხდება, ეს არის ან ჩვენი აღზრდის სტილის პრობლემა (გვაქვს ჰიპერმზრუნველობითი, ან ყველაფრის უფლების მიმცემი სტილი), ან ეს არის ბავშვის პრობლემა. შეიძლება მშობლებს სწორი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ბავშვს გააჩნია განვითარების,  ემოციური, მეტყველების პრობლემა, ან სხვა რამ, რის გამოც  თავის ასაკობრივ საფეხურებს არ მიჰყვება და მისი ემოციური თუ ნებელობითი სფერო ჩამორჩება ასაკს. ამანაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ნორმალური განვითარების შემთხვევაში ბავშვების უმეტესობა ნორმალურად გადის ამ ასაკს, მაგრამ არიან რთული ტემპერამენტის ბავშვები: ტირილს დაიწყებს და არ ამთავრებს ერთი საათი. ტემპერამენტიც უწყობს ხელს და ასეთი ტემპერამენტის ბავშვებთან ყველაზე კარგი ვარიანტი სახლში არის იგნორირება, ხოლო მაღაზიაში იგნორირებას ვერ გააკეთებ”, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com