შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებს კოხლეარული იმპლანტის ოპერაციების დაფინანსების საგარანტიო წერილები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის პროგრამით, შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა სმენადაქვეითებული ბავშვი ისარგებლებს.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
აქამდე პროგრამით მხოლოდ იმპლანტის მიღება იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს. ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი, რაც ჯამში 10000 ლარამდე ჯდება თავად პაციენტებს უნდა დაეფარათ. პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამინისტრო ეხმარება შესაბამისი ასაკის უკლებლივ ყველა ბავშვს, დაიბრუნოს სმენისა და მეტყველების უნარი და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციები ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი პირველია საქართველოში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ურთულესი ოპერაციები კეთდება,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.