2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს, წინა წლებისგან განსხვავებით, შვიდის ნაცვლად 20 სასწავლებლის არჩევის უფლება ჰქონდათ, თუმცა ამის სანაცვლოდ გაუქმდა მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გამოცდების შედეგად 10 141 აბიტურიენტი დარჩა სასწავლო პროცესის მიღმა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
“წელს პირველად, უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა. არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში… იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.”
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აქვთ ცალკე სტატისტიკა იმ აბიტურიენტების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმის გამო გამოეთიშნენ კონკურსს, რომ ზღვარი ვერ გადალახეს, შესაბამისად, უცნობია ზუსტი მონაცემი, თუ რა რაოდენობის აბიტურიენტებს მიეცემათ ხელახალი არჩევანის გაკეთების უფლება.
ოფიციალური ინფორმაციით, წელს სტუდენტობის სურვილი 35 361 აბიტურიენტს ჰქონდა, გამოცდებში მონაწილეობა 34 642 აბიტურიენტმა მიიღო. აქედან 10 141 – სასწავლო პროცესს მიღმა დარჩა. მათ შორის 2709 აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ზოგად უნარებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორადი ჩარიცხვის გამოყენების შანსი არ ექნებათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სასწავლო პროცესს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების დიდ რაოდენობას განათლების პოლიტიკის ზოგადი ტენდეციას უკავშირებს, რაც, მისი თქმით, რაოდენობაზე და არა ხარისხზე ორიენტაციაა. 2005 წელს, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად ჩატარდა, მისაღები კონტიგენტი დაახლოებით 15 000 ადამიანით განისაზღვრებოდა, 2012 წელს კი მისაღები კონტიგენტი 37 835-ს შეადგენდა.
“ასეთი მზარდი ტენდენცია, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე აქვთ ორიენტაცია. რაოდენობა პირდაპირ ფინანსებთან არის მიბმული. 2005 წელს თუ კონკრეტულ სასწავლებელს რესურსები არ ჰქონდა იმისთვის, რომ, ვთქვათ, 100-ზე მეტი სტუდენტი მიეღო, რა მოხდა ისეთი, რომ სასწავლებელმა დრამატულად შეცვალა რესურსები და სტუდენტების 3-ჯერ მეტი რაოდენობა მოიზიდა?!”
განათლების პოლიტიკის სპეციალისტის ნათია ანდღულაძის აზრით, წლების მანძილზე მზარდი მისაღები კონტიგენტი ბუნებრივია:
“ის, რომ მსურველზე მეტია უნივერსიტეტში ადგილების რაოდენობა, კარგია. ჩვენთან არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მიდის უმაღლეს განათლებაში. სინამდვილეში ეს ასე არ არის. და ასეც რომ იყოს, ხელოვნურად მოთხოვნის და მიწოდების შემცირება არასწორია“.
მაია მიმინოშვილის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ დიდი რაოდენობით აბიტურიენტების სასწავლო პროცესს მიღმა დარჩენა მეორადი ჩაბარების შესაძლებლობის არ ქონის გამო მოხდა. მისივე განცხადებით, წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მეტი შანსი ჰქონდათ აბიტურიენტებს, რადგან, შარშან 7 სასწავლებლის მითითების უფლება ჰქონდათ, ხოლო მეორად ჩარიცხვაზე 10-ის, რაც ჯამში 17 შესაძლებლობაა. წელს კი, მეორადი ჩარიცხვების გარეშე, აბიტურიენტს 20 შესაძლებლობა ჰქონდა.
2012 წელს უმაღლესმა სასწავლებლებმა თითქმის 2500-ით მეტი ვაკანტური ადგილი გამოაცხადეს, ვიდრე სტუდენტობის მსურველი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მიმინოშვილის თქმით, ეს საკითხი მთლიანად განათლების სისტემის არასწორ ორიენტაციას უკავშირდება:
“განათლების სისტემა კომპლექსური სისტემაა, რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვული საფეხურებისგან შედგება, დაწყებული წინა სასკოლო განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებით. სკოლამ დაკარგა თავისი ფუნქცია, იგი ორიენტირებულია მოსწავლეების უმაღლეს საფეხურზე გაშვებისთვის, რაც ძალიან ცუდია სისტემისთვის.
მე პროფესია მინდა შევიძინო, არ მინდა მეცნიერი ვიყო მაინცდამაინც. უნდა მქონდეს შესაძლებლობა პროფესიული განათლება მივიღო, რომელი რგოლიც ჩავარდნილია ამ ქვეყანაში და ეს მნიშვნელოვანი რგოლია. ხარისხი აბსოლუტურად არ არის დამაკმაყოფილებელი, ალტერნატივა არ აქვს მე-12 კლასელს”.
ნათია ანდღულაძეც მიიჩნევს, რომ სწორი პოლიტიკაა შემდგომი განათლების სხვა ალტერნატივების შექმნა, რაც სახელობო განათლების განვითარებას გულისხმობს.
“გარდა სახელობო განათლების განვითარებისა, საჭიროა ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს უფრო მეტ, ობიექტურ, სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის შემდგომი განათლების შესაძლებლობებზე როგორც უმაღლესი, ასევე სახელობო განათლების დონეზე”..
ანდღულაძის აზრით, ასეთი ინსტრუმენტის შექმნა, დამოუკიდებელი, განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმეა. განათლების პოლიტიკის სპეციალისტი აშშ-სა და ევროპის მაგალითებს იშველიებს, სადაც არსებობს რეიტინგებისა და კლასიფიკაციის სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემებს ნაკლოვანებები აქვთ და გარკვეული კრიტიკის ქვეშ ექცევიან, მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ.
რეიტინგის სისტემა ცალკეული ინდიკატორების მიხედვით აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს უნივერსიტეტის შესახებ. ეს ინდიკატორებია უნივერსიტეტის კურსდამთვრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და საშუალო ხელფასი, რეპუტაცია, კვლევითი პროდუქტიულობა და სხვა. კლასიფიკაციის სისტემა აჯგუფებს უნივერსიტეტებს ცალკეული ინდიკატორების მიხედვით – იქნება ეს ზომა, დონეების მიხედვით, თუ მისაღებ გამოცდებში მიღებული ქულის საშუალო, საერთო საცხოვრებელში სტუდენტების წილი და სხვა.
“საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია მოვიფიქროთ ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნახოს, რა არჩევანია მის წინაშე. ყველაზე ადვილი, ალბათ, აკრედიტაციის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იქნებოდა. თუმცა, შესაძლოა, აკრედიტაციის არსებულ ინდიკატორებს გადახედვა დასჭირდეს,”- აცხადებს ნათია ანდღულაძე.