საზოგადოება

უწყებათაშორისი კომისია ჟურნალისტებს კოლეგების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

9 აგვისტო, 2012 • • 1950
უწყებათაშორისი კომისია ჟურნალისტებს კოლეგების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებების ქმედებები პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მათი აქტივისტების შეხვედრების გაშუქებისას, ისევე როგორც ამ საინფორმაციო საშუალებების მიმართ განსხვავებული სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტთა ქმედებები, ნორმალურ წინასაარჩევნო ატმოსფეროს საფრთხეს უქმნის. ამ ტიპის ქმედებები ძალადობის პროვოცირების პოტენციალს შეიცავს. ერთი მხრივ, ხელი ეშლება პარტიების მიერ პოლიტიკური კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, მეორე მხრივ, მედიასაშუალებების ნორმალურ საქმიანობას.

 

აღნიშნული განცხადება უწყებათშორისმა კომისიამ დღეს, 9 აგვისტოს გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9″–მ მიმართა უწყებათშორის კომისიას და სააგენტოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული  დევნის ფაქტებით დაინტერესება მოსთხოვა. უკვე ერთ თვეზე მეტია, “ინფო 9″–სა და “მეცხრე არხის” ჟურნალისტებს დასდევენ მიკროფონითა და ვიდეოკამერით აღჭურვილი ადამიანები, რომლებიც მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული პირები ხან “რეალ ტვ”–iს სახელითა და მიკროფონით მოქმედებენ, ხან კი “მედია ჯგუფის” სახელით, რომლის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელობის ვინაობა, ასევე დაფინანსების წყარო გაურკვევლია. ერთადერთი კომენატრი მსგავს ქმედებაზე გააკეთა მალხაზ ბასილაიამ, რომლელიც წლების წინ ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტი იყო, ახლა კი “სამეგრელოს მედია ორგანიზაციას” ფლობს. მალხაზ ბასილაიას განცხადებით, მის მიერ “ინფო 9″–ს ჟურნალისტების დევნის მიზანია ამ ჟურნალისტების გამოაშკარავება, რადგან, ბასილაიას მოსაზრებით, ისინი “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურებიან.

 

“ბუნებრივია, სხვადასხვა სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტებს აქვთ უფლება, კრიტიკული შეკითხვები დაუსვან კანდიდატებს, რომლებიც პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ, მაგრამ ეს ამოცანა აშკარად განსხვავდება საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობისგან. კომისია ასეთ ქმედებებს პრობლემურად მიიჩნევს.

 

მეორე მხრივ, მართალია, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეკითხვები საკუთარ კოლეგებსაც დაუსვან და კრიტიკულად შეაფასონ მათი აფილაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან თუ შეხედულებასთან, მაგრამ ამან ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟის სახე არ უნდა მიიღოს”, – მიიჩნევს უწყებათშორისი კომისია. კომისია იქვე აცხადებს, რომ მას მედიასაშუალებების საქმიანობის რეგულირების თვალსაზრისით არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, პლურალისტული, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მსგავსი პრაქტიკისგან.

გოგონა რეალ ტვ-ს მიკროფონით, რომელიც მეცხრე არხის ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა
გოგონა რეალ ტვ-ს მიკროფონით, რომელიც მეცხრე არხის ჟურნალისტს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა

მასალების გადაბეჭდვის წესი