გამოკითხვა 2011 წლის 21 ნოემბრიდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა.
გამოკითხულ იქნა სამი თაობის, 18-24, 40-50 და 60-70 წლის, სულ 1058 ინდივიდი.
გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს სახით ტარდებოდა, თითოეულ რესპონდენტს 102 კითხვაზე უწევდა პასუხის გაცემა.
ტრადიციებისადმი ერთგულება, ოჯახური შეჭიდულობა და ბავშვის გაზრდა არსებული წესების პატივისცემით მნიშვნელოვნად უფრო ღირებული აღმოჩნდა უფროსი თაობის ადამიანებისათვის. იყო ისეთი საკითხები, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც საყოველთაოდ დადებითი იყო, მაგალითად დამოკიდებულება დემოკრატიისადმი.
ასევე აღმოჩნდა, რომ გენდერული თანასწორობა და უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა უფრო მაღალია ახალგაზრდებთან. თაობები ერთნაირად იზიარებენ (გამოკითხულთა 86.1 პროცენტი) მოსაზრებას, რომ ქალებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა ამავე დროს ყველა თაობა (გამოკითხულთა 73.4 პროცენტი) თანხმდება, რომ თუ ოჯახს ერთი შვილი უნდა ჰყავდეს, უმჯობესია ეს ვაჟი იყოს.
უფროსი თაობის წარმომადგენელთა უფრო დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს (61.9 პროცენტი პირველ, 65.6 პროცენტი მეორე და 77.5 პროცენტი მესამე ასაკობრივ ჯგუფში)
ასევე უფროსი თაობა უფრო მეტად იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ქალმა ნაკლები დრო უნდა დაუთმოს სამსახურს, რომ უკეთ მოუაროს ოჯახს (40.5 პროცენტი პირველ, 44.7 პროცენტი მეორე და 68.2 პროცენტი მესამე ასაკობრივ ჯგუფში).
უფროს თაობებზე უფრო მეტად ახალგაზრდები მიიჩნევენ რომ ჰომოსექსუალ ქალებსა და კაცებს უნდა ქონდეთ უფლება ისე იცხოვრონ, როგორც ეს მათ სურთ.
კითხვაზე, „რამდენად სასურველად მიგაჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების თქვენს მეზობლად ყოფნა“, ძალზე არასასურველად რესპონდენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ჰომოსექსუალები, შემდგ კი ნარკომანები და ფსიქიურად არამდგრადი ადამიანები შეაფასა. ამასთან შეუწყნარებლობა მატულობს ასაკთან ერთად ყველას მიმართ, გარდა ფსიქიკურად არამდგრადი პირებისა.
რელიგია
კვლევის მიხედვით დღესდღეობით რელიგია უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისათვის. ის მათთვის უფრო თვითიდენტურობის საფუძველს წარმოადგენს.
რელიგია ახალგაზრდებისათვის უფრო მეტად არის სოციალური აქტივობის არეალი – მრევლის წევრებიდან უმეტესობა ახალგაზრდაა.
ასევე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები უფროს თაობების წარმომადგენლებზე ნაკლებ ტოლერანტული არიან სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მიმართ.
გამოკითხულთა მხოლოდ 23.7 პროცენტს მიაჩნია, რომ სხვა რელიგიებს ან ეკლესიებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში ისეთივე უფლებები, როგორც ეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს (21.4 პროცენტს პირველ, 20.8 პროცენტს მეორე და 31.4 პროცენტს მესამე ასაკობრივ ჯგუფში.
რესპონდენტთა უდიდესი ნაწილისათვის (65.9 პროცენტი) ქრისტიანობა უფრო მეტად წარმოადგენს თვითიდენტურობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა (34.1 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ კვლევისას გამოკითხულთა უმრავლესობა (93.4 პროცენტი) მართლმადიდებელია.
სხვა ღირებულებები
ახალგაზრდები უფროს თაობაზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თავისუფალ დროს, მეგობრებს, რელიგიას, სამსახურს და განათლებას, უფროსი თაობა კი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჯანმრთელობა, ოჯახი და სახლი საყოველთაო ღირებულებებს წარმოადგენენ.
ახალგაზრდების 65.6 პროცენტი მიიჩნევს თავს ბედნიერად. ასაკთან ერთად კი საკუთარი თავის ამგვარი შეფასება კლებულობს 56.1 პროცენტი საშუალო და 46.8 პროცენტი უფროსი თაობის ადამიანებთან.
ახალგაზრდა თაობა უფროს თაობებზე უფრო მეტად გამოხატავს ცხოვრებით კმაყოფილებას, საკუთარ თავში რწმენას, იგი უფრო ბედნიერია და უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი