ფასის მიხდვით საცურაო აუზებზე მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ. მენეჯერების განცხადებით, ერთჯერადად სარგებლობის გარდა დიდი პოპულარობით სარგებლობს აბონიმენტებიც.
თბილისში არსებული აუზებიდან ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვაკის საცურაო აუზია. ვაკის საცურაო აუზის მენეჯერის მარიამ კიკნაძის განცხადებით, კლიენტები ერთჯერადი საშვის და აბონიმენტის ქონის შემთხვევაშიც ერთნაირი მომსახურებით სარგებლობენ:
“ყველა კლიენტი სარგებლობს აუზით, საუნით, ჯაკუზით და სატრენაჟორო დარბაზით. აუზი დახურულია, თუმცა გვაქვს დიდი ვერანდა და შესაძლებელია გარუჯვაც. გვაქვს ერთწლიანი ხელშეკრულებები, მთლიანად ერთი წლის ღირებულება 2160 ლარი, ან 3480 ლარი, ეს არის შეზღუდული და შეუზღუდავი დროის აბონიმენტი. ყოველდღიური ერთჯერადი შემოსვლა 90 ლარი, ჩვენი კლუბის წევრებისათვის კი 60 ლარი ღირს”, – ამბობს მარიამ კიკნაძე. მისი თქმით, ვაკის საცურაო აუზზე შესვლის ფასი ექვსი წელია არ შეცვლილა.
კვირის დღეების მიხედვით განსხვავებულია აუზზე შესვლის ფასი კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე. ერთჯერადად შესვლა შაბათ–კვირას აქ 40 ლარი დაგიჯდებათ, კვირის სხვა დღეებში კი 30 ლარი ღირს:
“ჩვენთან არის აუზი და სატრენაჟორო დარბაზი, ასევე ტერიტორიაზე არის კაფე–ბარი. აბონიმენტის ფასები 190 ლარიდან იწყება კვირის დღეებში, 250–დან შაბათ–კვირას, ხოლო 350 ლარი ჯდება ულიმიტო აბონიმენტი ერთი თვე. ამაში, რა თქმა უნდა, შედის ტრენაჟორი, აუზი, შეზლონგი და ყველაფერი, რაც საჭროა”, – აცხადებს აუზის მარკეტინგის მენეჯერი აქსანა უგრიმენკო.
ფასები კიდევ უფრო ნაკლებია “ლაგუნა ვერეზე”. ღია აუზზე ერთჯერადად შესვლის ფასი 15 ლარია, ხოლო აბონიმენტის ფასი 150–დან 200 ლარამდე მერყეობს. იგივე ფასებს სთავაზობს მომხმარებელს “ოლიმპიკიც”, აუზზე შესვლა აქაც 15 ლარი ღირს, ხოლო თბილისის გარეუბნებში არსებულ საცურაო აუზებზე ერთჯერადად შესვლის ფასი 5–7 ლარამდეც ჩამოდის.
ფასების სხვაობასთან ერთად განსხვავებულია ჰიგიენის დაცვის წესები და ხარისხიც.
ძვირადღირებული აუზები წყლის ქლორით გაწმენდას აღარ მიმართავენ.
ვაკის საცურაო აუზზე წყალი ყოველ 5 საათში ერთხელ მთლიანად იცვლება. წყალი, რომელიც ქლორს არ შეიცავს, აუზიდან გასვლის შემდეგ ლაზერით ფილტრაციას გაივლის.
კრწანისის საცურაო აუზზე წყალი იონურ გაწმენდას გადის, აუზის წყალი მცირე რაოდენობით ქლორს შეიცავს, ასევე აუზზე მუშაობს სპეციალისტი, რომელიც წყლის შემადგენლობის სისუფთავეს კვირაში ორჯერ ამოწმებს.
“ოლიმპიკი” წყლის სისუფთავეს ე.წ. ვერცხლის დანადგარებით 24 საათის მანძილზე აკონტროლებს.
შედარებით იაფფასიან აუზებზე წყალი კვლავ ქლორით იწმინდება. მაგალითად, საცურაო აუზზე “დელფინი”, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და 6–დან 16 წლამდე ბავშვებს ღებულობს წყალი იქლორება და მხოლოდ კვირაში ერთხელ იცვლება.
გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გულიკო დვალი ამბობს, რომ წყლის სისუფთავე აუზში მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს და მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, აუზზე სიარული უამრავი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს:
“ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, მაგალითად, ქლორის ჭარბი რაოდენობისას, შეიძლება განვითარდეს ალერგიული ფონი, სოკოვანი და სხვადასხვა დაავადებები, ამიტომ თავად აუზის მფლობელთა ინტერესშია წყლის სისუფთავის გადამოწმება. პერიოდიულად უნდა მოწმდებოდეს წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიდეთ სადმე და წყლის სისუფთავე შევამოწმოთ. იმ შემთხვევაში, თუ თავად მოგვაკითხავენ, ჩვენ გავცემთ ოქმს, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა რეგლამენტით მოთხოვნილ მაჩვენებლებს”, – აცხადებს გულიკო დვალი.
სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის წარმომადგენლის განცხადებით, წყლის შემოწმება ზაფხულის პერიოდში გაცილებით უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, აუზით სარგებლობამდე მომხმარებლებმა წყლის სისუფთავის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გამოიკითხონ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო დაავადებები.