მეგზურობას ნაკრძალში სამი რეინჯერი და სააგენტოს ერთი თანამშრომელი გვიწევს.
„ნახე, ჩვენი ყანჩა“ – ეუბნება ერთი რეინჯერი მეორეს და ჰორიზონტზე თეთრი წერტილისკენ უთითებს. ფოტოაპარატს ვიმარჯვებ, ყანჩა ფოტოობიექტივში ხვდება, რეინჯერები ფოტოაპარატის ეკრანს დასცქერიან.
„როგორც ფრინველებს, ისე ცხოველებს თავისი განსაზღვრული ტერიტორია აქვთ. თუ ვინმე სხვა შემოვიდა, აუცილებლად გააქცევს თავისი ტერიტორიიდან,“ – გვიხსნის რეინჯერი თეიმურაზ ქათამაძე.
ყანჩას ვტოვებთ და გადასახედი კოშკისკენ მივდივართ, რომელიც ნაკრძალის შესასვლელიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში დგას. სწორედ ეს ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთია განკუთვნილი ე.წ. საგანმანათლებლო ტურებისათვის, რომელიც ნაკრძალში პერიოდულად ეწყობა.
„ნახე, პატარა კუები“, – ერთი რეინჯერი მეორეს ექაჩება და საფეხმავლო ბილიკის კიდისკენ მიჰყავს. სანამ ფოტოაპარატს ვამზადებ, კუს რაზმი ჭაობის სიღრმეში იმალება, კადრში კი ხავსზე ნებიერად გაწოლილი ბაყაყი ხვდება.
გადასახედ კოშკამდე მისასვლელ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთის გავლას ათიოდე წუთს ვანდომებთ, გზად კიდევ ერთ ხის ხიდს გადავდივართ და უკვე კოშკის კიბეებზე ვართ. ე.წ. კოშკი ხის ღია ნაგებობაა, დაახლოებით ორი სართულის სიმაღლის. კოშკს ტურისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები იყენებენ. ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა. ტურისტებს მიზერული თანხის გადახდა მხოლოდ თხილამურებში და ბინოკლებში უწევთ. სფაგნუმზე სასიარულო თხილამურების დაქირავება ერთი საათით 2 ლარი ღირს, ამდენივე ღირს ბინოკლებიც, ხოლო სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის თანხა ერთ ლარამდე მცირდება.
ისპანის ტორფნარები – ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, თითქმის ხელუხლებელი ჰაბიტატებია. ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარი ერთი შეხედვით ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს ტბას დაჰყურებდე ნიადაგის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ. სისქის სფაგნუმი – თეთრი ხავსი. სფაგნუმი არასოდეს იფარება წყლით. იგი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა დღე-ღამეში 100 მმ ნალექი მოდის და როცა არემარე წყლითაა დაფარული, ისპანის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით “გაიბეროს” და შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა.
„ნაკრძალი უნიკალურია, რადგან აქ ხარობს უნიკალური ხავსი, სფაგნუმის ბალიშები, რომელიც მთლიანად გაჟღენთილია წყლით და ქმნის გუმბათებს. შეუძლია შეიწოვოს დიდი რაოდენობით წყალი, წვიმიან ამინდში გაიბეროს და შექმნას დიდი ბალიშები. ამით იცავს ქობულეთს დატბორვისგან. შემდეგ, როცა გვალვა და სიცხეებია, ამ წყალს უშვებს მდინარეებში და კვებავს ადგილობრივ მდინარეებს. ზოგი ფეხშიშველა დადის, ისე მოწონს. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით, რომ არ დაზიანდეს,“ – გვიხსნის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ადამ ბერიძე.
ეს ისტორია ადამს და რეინჯერებს ბევრჯერ აქვთ მოყოლილი. ქობულეთის დაცული ტერიტორიების მომნახულებელთა რიცხვი ბოლო სამ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, 2009 წელს 1400 ვიზიტორი ეწვია, 2010 წელს –6140, 2011 წელს –10 294, მიმდინარე წელს კი ვიზიტორთა რაოდენობა 2000– ზე მეტია.
„ზამთარში ნაკლებადაა ტურისტი, აქტიურად მოსვლა უფრო იწყება მაისიდან. ივნისი, ივლისი, აგვისტო უკვე პიკია და ასე ოქტომბრამდე გრძელდება,“ – ამბობს ადამ ბერიძე.
როგორც რეინჯერები ამბობენ, ტურისტების ნაწილი ნაკრძალის დათვალიერებას პირველ, ე.წ საგანმანათლებლო ტურის შემდეგ გადასახედ კოშკთან წყვეტს. კოშკის შემდეგ კიდევ ერთი ხის ხიდია გადასასვლელი, სადაც „გზა“ ორად იყოფა. მარცხნივ ყვითელი დუმფარას სამფლობელოა, მარჯვნივ კი– სფაგნუმის ბალიშები და ნაკრძალის კიდევ ერთი სიამაყე, მწერიჭამია დროზერა. ამ ორ მნიშვნელოვან ადგილამდე მისასვლელი ბილიკები მოწყობილი არ არის, ტურისტს გზის გაკვალვა ჭაობში და ეკალ–ბარდებში უწევს. ყვითელ დუმფარამდე მისვლა შედარებით ადვილია. გზას ჭაობის მცენარეებში მივიკვლევთ, რამდენიმე წუთში კი ულამაზესი დუმფარების ნახვის საშუალება გვაქვს.
რეინჯერი გურამ ვერულიძე, რომელიც ნაკრძალის სიახლოვეს ცხოვრობს და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ნაკრძალში აქვს გატარებული, გვეუბნება, რომ ისპანი ორის ხელუხლებელი 300 ჰა ტერიტორიის ყველა კუთხე–კუნჭული იცის.
„მეცნიერებმა დაიწყეს ამის შესწავლა და დაადგინეს, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ხავსითაა დაფარული, ოდესღაც ადამინები ცხოვრობდნენ. მეცნიერებს სპეციალური ბურღები ჰქონდათ, ამობურღეს და ზოგან ხუთ მეტრზე, ზოგან 7 მეტრზე ნახეს თხილის ნაჭუჭი. 9 მეტრზე ნახული აქვთ ნამწვავები,“ – გვიყვება ვერულიძე.
დუმფარას სამფლობელოს ვტოვებთ და მწერიჭამია დროზერას სანახავად მივდივართ. როგორც მითხრეს, ამ მარშუტს ყველაზე ნაკლებად ითვისებენ, ბილიკი არც იქაა მოწყობილი. ვინტერესდები, სამინისტროს/სააგენტოს თანამშრომლები თუ ყოფილან ნაკრძალში და თუ იციან ბილიკების არარსებობის შესახებ.
„ბილიკები ალბათ მალე მოეწყობა. მინისტრიც გვყავდა სტუმრად, ოღონდ იმას დიდი რეზინის ჩექმები ეცვა,“ – მეუბნება რეინჯერი და ჩემს კედებს ეჭვის თვალით უყურებს. მაფრთხილებენ, რომ რთული გზაა და ფეხი აუცილებლად დამისველდება იმიტომ, რომ სფაგნუმზე უნდა გავიაროთ, რომელიც წყლითაა გაჟღენთილი. დროზერამდე მისასვლელი გზა მართლაც შედარებით რთულია. მყარი ნიადაგი ხავსით იცვლება. თუმცა მანამდე სამეფო გვიმრების ტერიტორია უნდა გაიარო. გვიმრები ერთმანეთშია გახლართული, სავალ გზაზე კი ეკალ-ბარდებია. პირველი შიში მაშინ ჩნდება, როცა ფეხქვეშ მყარი ნიადაგი გეცლება და ხავსს გრძნობ. თუმცა რამდენიმე წუთში დროზერამდე მივდივართ და შიშს აღფრთოვანება ცვლის.
„ეს არის მწერიჭამია დროზერა. ფოთლებზე აქვს სითხე, წვეთებივით, რომელიც შეიცავს მჟავას, რომელზეც დაჯდომის დროს მწერი ეკრობა მას და შემდეგ ეს მჟავა ამუშავებს. როგორც ადამიანის კუჭი ამუშავებს საჭმელს, ისე ამუშავებს ესე მჟავაც და ამით იკვებება ეს მცენარე,“ – გვიხსნის ადამ ბერიძე.
ერთი რეინჯერი ხავსზე ქანაობს. საშიში არ არის? – ვკითხულობ. „არა, უფრო ღრმად რომ შეხვიდეთ, ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს წყლის ზედაპირზე ვდგავარო“ – ამბობს რეინჯერი.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ბილიკების მოწყობა.
„ჩვენი მენეჯმენტის გათვლით, უნდა გაკეთებულიყო ხის ბილიკი, მაგრამ პრობლემებია. სამ-ოთხ წელზე მეტს ბილიკი აღარ ძლებს. გადაწყვიტეს, რომ გრუნტი გაკეთებულიყო და ისე შევიყვანოთ ტერიტორიაზე ტურისტი, რომ სფაგნუმი არ დავაზიანოთ. ბილიკების გაკეთება პროექტში ზის, რამსარის კომისიის სხდომა ჩატარდა 2009 წელს ქობულეთში, რომლის შემდეგ რამსარმა გამოყო გრანტი. რაღაც-რაღაცები უნდა გაკეთდეს ახალი ტურისტული მომსახურებისთვის, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როდის მოხდება. იქ კი დაიგეგმა ბილიკის გაკეთება 700 მეტრზე, მაგრამ ის ფული, 50 ათასი შვეიცარული ფრანკი, რაც გამოყო რამსარმა, მასალას არ ყოფნის მარტო,“ – ამბობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი რევაზ მოისწრაფიშვილი.