საზოგადოება

რა შეცვალა სკოლაში მანდატურმა

21 ივნისი, 2012 •
რა შეცვალა სკოლაში მანდატურმა

კვლევა  “სასკოლო თემის დამოკიდებულება სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკისადმი” პროექტის – “ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება”– ფარგლებში ჩატარდა.

კვლევისთვის მე–6–დან მე–12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები და მათი მშობლები გამოიკითხნენ. სპეციალურად შედგენილი კითხვარები შემთხვევითი შერჩევით არჩეული 310 ოჯახის წარმომადგენლებმა შეავსეს.

კვლევაში რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის, ზოგადად, სკოლის კლიმატზე, ძალადობის შემთხვევებზე სკოლის შიგნით და მის გარეთ, ბავშვებისა და მშობლების დამოკიდებულებასა და მანდატურის სამსახურზე.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ნათია ანდღულაძე აცხადებს, კვლევამ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოკვეთა:

“როგორც აღმოჩნდა, ჩვენი რესპონდენტების დიდ ნაწილს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, აქვთ არასწორი წარმოდგენა მანდატურზე და მის ფუნქციებზე, კითხვარის მიხედვით ჩანს, რომ რესპონდენტების აზრით, მანდატურს ბევრად უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე  სინამდვილეშია”, – განაცხადა ნათია ანდღულაძემ.

მოსწავლეების 47.2%–ს ჰგონია, რომ მანდატურს შეუძლია მისი სკოლიდან გაგდება, 63.1% თვლის, რომ მანდატურს შეუძლია გაჩხრიკოს, ხოლო 34.6% ფიქრობს, რომ მანდატურს აქვს უფლება, თანამდებობიდან მოხსნას მასწავლებელი.

კვლევის მიხედვით, როგორც მშობლების, ასევე ბავშვების უმეტესობა თვლის, რომ მანდატურიან სკოლაში ბავშვები მეტად ისჯებიან.

გამოკითხული ბავშვების 71%-ს სკოლაში მიღებული აქვს ერთი ან რამდენიმე სასჯელის ფორმა, მათი 69% კი თვლის, რომ სასჯელი უსამართლოდ მიიღო.

მიუხედავად მანდატურის ინსტიტუტის შემოღებისა, ბავშვები აღნიშნავენ, რომ ხშირად ხდებიან ძალადობის ფაქტების შემსწრე. გამოკითხული ბავშვების 52% სკოლის შიგნით ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს შესწრებია. მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა 80% სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

 შეკითხვაზე – თუ ვინ მიაჩნიათ სკოლის უსაფრთხოების დაცვაში ყველაზე მნიშვნელოვნად, ბავშვებმა პირველ ადგილზე კლასის დამრიგებელი დაასახელეს, შემდეგ მოდის დირექტორი და მხოლოდ შემდეგ მოდიან მანდატური და ფსიქოლოგი.

 

“კვლევამ ასევე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების როლი, ის მშობლები, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, მანდატურის ინსტიტუტისადმი ნაკლებად პოზიტიურად არიან განწყობილი, ასევე განსხვავდება მანდატურისადმი დამოკიდებულება, მშობლის პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე”, – აცხადებს ნათია ანდღულაძე.

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი თვლის, რომ კვლევამ, გარდა მანდატურის მიმართ დამოკიდებულებისა, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოკვეთა:

“კვლევიდან კარგად ჩანს, რომ მანდატურის ინსტიტუტმა სკოლის ადმინისტრაცია დაასუსტა. სამინისტროს მიაჩნია, რომ სკოლის უსაფრთხოება არის ვიდეოკამერები, მანდატური და რიგ შემთხვევაში, მეტალოდეტექტორები, ეს არ არის უსაფრთხო სკოლა, ეს ადამიანები ითავსებენ ფუნქციებს, რაც სკოლის ადმინისტრაციაში უნდა იყოს გადანაწილებული. კვლევაში ჩანს, რომ მასწავლებლის როლი კატასტროფულად დაბალია”, – აცხადებს თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, მანდატურის ინსტიტუტი ისეთი სახით, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის.

კვლევის ავტორების განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტი 2001 წელს კანადაში შემოიღეს, თუმცა 2007 წელს გაუქმდა, ამჟამად სკოლაში არიან რესურსოფიცრები, რომლებსაც ქართველი მანდატურებისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციები გააჩნიათ.

ნათია ანდღულაძის განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტზე ყურადღების გამახვილებაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებზე კონცენტრირებაა:

“ჰარვარდის ექვსი რეკომენდაციიდან ერთ–ერთი არის ის, რომ განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვისა და მასწავლებლის დაახლოებას. ეს ჩვენს ფოკუსჯგუფებშიც გამოჩნდა, რომ როცა მოსწავლე ახლოსაა მასწავლებელთან და მათ შორის არის პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება, საგანი რომც არ აინტერესებდეთ, ბავშვები მაინც უკეთესად სწავლობენ”, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

თამარ მოსიაშვილი თვლის, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები წინა წლებში გაცილებით პოზიტიური იყო:

“ყველაზე ინტენსიურად განათლებაში უპრეცენდენტოდ დადებითი პროცესები 2005 წელს დაიწყო,  განათლების სისტემური მშენებლობა, საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნა, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ორი–სამი წელი გაგრძელდა. თუმცა, თუ წლების წინ ამ ლიბერალურ საგანმანათლებლო პოლიტიკას და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს ჰყავდა ძალიან ცოტა მომხრე, დღეს ეს სიტუაცია შეიცვალა. ეს დღეს ჩემი ოპტიმიზმის ერთადერთი მიზეზია”, – განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

 

კვლევის საბოლოო შედეგები და რეკომენდაციები ანგარიშში აისახება. კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ განათლების სისტემის გარდა, ამ შედეგებს მშობლებიც გაეცნობიან და კვლევაში წარმოდგენილ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი