საზოგადოება

1 ივლისიდან კონდიცირება ყველა მიკროავტობუსში ჩაირთვება

18 ივნისი, 2012 •
1 ივლისიდან კონდიცირება ყველა მიკროავტობუსში ჩაირთვება

“კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებით, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში, ივლისსა და აგვისტოში, ვალდებული იქნება, ჩართოს კონდიცირების სისტემა, რათა მგზავრებმა კომფორტულად შეძლონ გადაადგილება”, – განაცხადა შპს “თბილისის მიკროავრობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ნიორაძემ, სწორედ ამიტომ ამჟამად სამარშრუტო ტაქსების შემოწმება მიმდინარეობს.

მიკროავტობუსებში კონდიციონერების შეკეთება შპს ,,თბილისის მიკეროავტობუსის“ მიერ ,,ჯი-თი მოტორსთან“ საგარანტიო ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება.

ახალი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები თბილისში 2011 წლიდან მოძრაობს. მიკროავტობუსები შპს “თბილისის მიკროავტობუსს” ეკუთვნის, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.

ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანასთან ერთად მგზავრობის საფასური 50–დან 80 თეთრამდე გაიზარდა, რასაც კომპანიის წარმომადგენლები იმას უკავშირებდნენ, რომ ახალი მანქანებით მგზავრობა გაცილებით უფრო კომფორტული უნდა ყოფილიყო, გადახდის ახალი სისტემის და კონდიცირებს გამო, თუმცა მიკროავტობუსების ნაწილში კონდიცირება დღემდე არ მუშაობს:

“ახლა ველოდებით, გვითხრეს, რომ შემოწმებაზე მიყავთ. სხვა მძღოლი უნდა მოვიდეს და “მარშუტკა”, აქამდე არ ყოფილა ჩართული კონდიცირება, მაგრამ ალბათ ჩართავენ, ისე უკვე დროა, ბოლო დღეებში 40 გრადუსამდე ავიდა სიცხე და შემაწუხებელია”, – აცხადებს ერთ–ერთი მგზავრი ლია თადუმაძე.

“ზოგიერთ მძღოლს არც შარშან ჰქონდა ჩართული და არც წელს აქვს, არ ვიცი, საწვავს ზოგავენ, თუ მართლა გაფუჭებულია. ხანდახან ჩართავენ და ცხელ ჰაერს უბერავს, ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება, მაგრამ ქართველ ხალხს პროტესტი არაფრის მიმართ არ გაგვაჩნია, ყველაფერს ვიტანთ და ამიტომ ყველაფრის ღირსები ვართ”, – აცხადებს ერთ–ერთი მგზავრი იური კაპანაძე.

შპს “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, კონდიცირების სისტემის ჩართვისას მიკროავტობუსის მართლაც მეტ საწვავს მოიხმარს, თუმცა მომდევნო თვიდან მძღოლები მაინც ვალდებული იქნებიან, სისტემა ჩართული ჰქონდეთ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების განცხადებით, საწვავი არაფერ შუაშია, რადგან სიცხე მათაც ისევე აწუხებთ, როგორც დანარჩენ მგზავრებს, მაგრამ მიკროავტობუსების ნაწილს კონდიცირების სისტემა უბრალოდ გაფუჭებული აქვს.

მძღოლების თქმით, გაუმართავი კონდიცირების სისტემა განსაკუთრებით მეორე ეტაპზე ჩამოყვანილ მანქანებს აქვთ.

“ჩემი მანქანა ძველი ჩამოყვანილია, პირველად რომ ყვითელი “მარშუტკები” ჩამოიყვანეს მაშინდელია, ამიტომ გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ახლად ჩამოყვანილ მანქანებს გაგრილების სისტემა გაფუჭებული აქვთო, ამბობენ. ახლა შემოწმება მიდის და როგორც გვითხრეს, მალე ყველას მწყობრში მოიყვანენ”, – აცხადებს #77 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

“როგორც გვითხრეს, შემდეგი თვიდან კონდიცირება ყველამ უნდა ჩართოს, ზოგიერთ “მარშუტკას” გაფუჭებული ჰქონდა და სპეციალურად ჩამოიყვანეს თურქეთიდან ხალხი, თვის ბოლომდე ყველას შეაკეთებენ”, – განაცხადა #68 ნომრის მძღოლმა.

მძღოლების განცხადებით, კონდიცირების სისტემის შეკეთებისთვის მათ დამატებითი ხარჯების გაღება არ უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი