საზოგადოება

რა ელის ბათუმის დელფინარიუმს, ზოოპარკსა და “ციცინათელას”?

11 ივნისი, 2012 •
რა ელის ბათუმის დელფინარიუმს, ზოოპარკსა და “ციცინათელას”?

ბათუმის დელფინარიუმსა და გასართობ პარკ “ციცინათელას”  შესაძლოა დაფინანსება შეუწყდეს. კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელსაც ამ ობიექტების მართვის უფლება ბათუმის მერიამ 19 წლის ვადით გადასცა, გაკოტრების პირასაა. კონტროლის პალატამ “მენეჯმენტ სერვისის”  მიერ რეგიონებში “ქართული ოცნებისთვის” ოფისების მიქირავება არამომგებიან საქმიანობად შეაფასა და კომპანია ხუთ მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

“მენეჯმენტ სერვისმა” პირველი ინსტანციის სასამართლო კონტროლის პალატის წინააღმდეგ წააგო და საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. კომპანიის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი ვარაუდობს, რომ პროცესი უახლოეს დღეებში ჩაინიშნება. მისივე თქმით, თუ კომპანიის წარმომადგენლები დაჯარიმების გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ მიაღწევენ, კომპანია გაკოტრდება, რადგან ჯარიმის ოდენობა კომპანიის აქტივებს ბევრად აღემატება და “მენეჯმენტ სერვისი”  ბათუმის დელფინარიუმისა და გასართობი პარკის –  “ციცინათელას” დაფინანსების გაგრძელებას ვერ შეძლებს. კომპანია ასევე ვეღარ განახორციელებს მილიონი ლარის ინვესტიციასაც, რომელიც მას “ციცინათელას’ ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ევალებოდა. “ვაპირებდი რამდენიმე ატრაქციონის დამატებას, მაგრამ, ბუნებრივია, ამ პირობას ვეღარ შევასრულებთ. დელფინარიუმისა და ციცინათელას დაფინანსების შეწყვეტაც მოგვიხდება”.

დელფინარიუმი ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო შემსწავლელი კვლევითი ცენტრის შემადგენლობაშია. ეს ცენტრი კიდევ 6 მაისის პარკს, ზოოპარკსა და ლაბორატორიას აერთიანებს. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრის შემადგენლობაში არსებული ყველა ობიექტი ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა და ბათუმის მერიას საჩუქრად გადასცა. თუმცა იმ მიზეზით, რომ იქ არსებული ბინადრების გამოკვება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მერიამ მათი მოვლა ვერ შეძლო და კვლევითი ცენტრი სამართავად “მენეჯმენტ სერვისს’ 19 წლის ვადით გადასცა. “მენეჯმენტ სერვისს”  მართვაში გადაეცა ასევე ქობულეთის გასართობი პარკი “ციცინათელაც”.  

მართვაში აღებიდან დღემდე, ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო შემსწავლელი კვლევითი ცენტრის შენახვა “მენეჯმენტ სერვისს” ყოველთვიურად 300 000-მდე ლარი უჯდება. ამ თანხაში შედის ცხოველების გამოკვებისა და ცენტრში დასაქმებული 150 თანამშრომლის სახელფასო ფონდიც.

კვლევითი ცენტრის მერიისთვის უკან დაბრუნების შემთხვევაში ბესიკ დემეტრაშვილი მის დახურვას ან თანამშრომელთა მკვეთრ შემცირებას ვარაუდობს: “…რადგან ეს არ არის მომგებიანი საქმიანობა და მე მის დასაფინანსებლად მუდმივად ვცდილობდი თანხების მოძიებას”.

ბათუმის დელფინარიუმი, ისევე როგორც ცენტრის შემადგენლობაში არსებული სხვა ობიექტები, ფუნქციონირებას დღემდე ჩვეულებრივად განაგრძობს. დელფინარიუმის დირექტორს, ნატალია ზოიძეს, ჟურნალისტებისთვის სათქმელი მხოლოდ ის აქვს, რომ მოლოდინის რეჟიმშია. მან არ იცის, შეძლებს თუ არა მმართველი კომპანია დაფინანსების გაგრძელებას.

გასართობი და კვლევითი ცენტრების შესაძლო დაფინანსების გარეშე დარჩენის შემთხვევაში, თავის თავზე აიღებს თუ არა სახელმწიფო მათ დაფინანსებას, ამაზე ორგანიზაციების დამფუძნებელ უწყებაში ჯერ არ უფიქრიათ. ბათუმის მერის მოადგილის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, როცა მმართველი კომპანია მათ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ შეატყობინებს, განიხილავენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

“მენჯმენტ სერვისის”  საქმე

ოფიციალური ინფორმაციით, კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” მიერ ოფისების დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლა ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის გამო გადაწყვიტა:

“შპს მენეჯმენტ სერვისმა 2012 წლის თებერვლიდან საიჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესი წამოიწყო _ მისი მიზანი იყო საოფისე ფართობების ქირაობა, მათი გარემონტება, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფა და პოლიტიკური პარტიებისთვის მიქირავება. მათ პოლიტიკურ პარტიებთან უკვე გაფორმებული აქვთ ქვექირავნობის 60 ხელშეკრულება. ფართობების დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე, შპს მენეჯმენტ სერვისი დაქირავებულ ფართობებს ქვექირავნობით პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდა, თუმცა ფართობის მესაკუთრეებს ძირითადად წინასწარ უხდიდა იჯარის სრულ თანხას. გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნესგარიგება არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და, შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს”, –  ნათქვამია საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში, რომელიც ამ უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“კონტროლის პალატამ არასწორად დათვალა”, _ აცხადებს “მენეჯმეტ სერვისის” დირექტორი “ბათუმელებთან”  სატელეფონო საუბარში. ბესიკ დემეტრაშვილის განმარტებით, ფართობი, რომელიც “მენეჯმენტ-სერვისმა” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს მიაქირავა, კომპანია თანხის სახით გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე დახარჯა _ “განვიხილოთ ქობულეთის მაგალითი. ფართობში, რომელიც დავიქირავე, გავაკეთეთ რემონტი: ორსართულიანი სახლია, მთლიანად ვიქირავეთ (ნაწილი მესაკუთრემ დაიტოვა) და თაბაშირ-მუყაოს მასალით რამდენიმე ღიობი ამოვავსეთ, რაშიც 740 ლარი დაგვეხარჯა. ამის დასადასტურებლად კონტროლის პალატას ყველანაირი დოკუმენტაცია, ანგარიშფაქტურა, ფორმა 2, ფორმა 3 და შესრულებული სამუშაოს აქტი წარვუდგინეთ. კონტროლის პალატა ამბობს, რომ ქობულეთის ფართობი 192 კვადრატულია და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტარიფებით კვადრატის გარემონტება 150 ლარი ღირს. შესაბამისად, 192 კვადრატი რომ გარემონტებულიყო, 28 000 ლარი დაიხარჯებოდა. ოფისი არ გამირემონტებია, მხოლოდ ერთი ღვიობი ამოვავსე”.

“მენეჯმენტ სერვისის”  წარმომადგენლებმა კონტროლის პალატას სარემონტო სამუშაოების ხარჯების გადამოწმებასთან დაკავშირებით ოფისების ადგილზე შემოწმება შესთავაზეს. კომპანია ითხოვდა ასევე, სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროს ადგილებზე შეესწავლა სიტუაცია. დემეტრაშვილის ინფორმაციით, “მათ ამაზე შეთანხმებას კონტროლის პალატასთან და ვერც სასამართლოსთან ვერ მიაღწიეს”.

“ქართული ოცნების”  ქობულეთის ოფისთან დაკავშირებით სიტუაციას ადგილზე გაეცნო გაზეთი “ბათუმელები”. სახლის მესაკუთრემ, ზურაბ ცენტერაძემ, “ბათუმელებს” უთხრა: “სახლის ის ნაწილი იზოლირებული რომ ყოფილიყო სახლის იმ ნაწილისგან, სადაც მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ, გასასვლელები “გიფსკარდონით” ჩაკეტეს. ამის თაობაზე კონტროლის პალატაშიც ვუთხარი, როდესაც დამიბარეს, სახლში ამის გარდა არაფერი გაუკეთებიათ”.

სახლის პირველ სართულზე, რომელსაც  “ქართული ოცნება” ოფისად იყენებს, შელახული საღებავი კედლებზე ახალგაკეთებულის შთაბეჭდილებას არ ქმნის, მეორე სართულზე კი მხოლოდ გაცრეცილი და ფერგადასული შპალერია გაკრული.

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური თავის განცხადებაში სხვა დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც ნათქვამია: “პოლიტიკური სუბიექტებისათვის საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც  თავის მხრივ უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია და ორივე მათგანის წარმომადგენელი საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია. ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე  დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით.

ამდენად, შპს „მენეჯმენტ სერვისისა“ და  შპს „ბურჯის“ ხელმძღვანელები და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულნი არიან ააიპ „მოძრაობა ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი