“ათეისტობა აღარაა მოდაში. ათეისტობა მაინც, ეს ხომ კომპლექსიანობას, არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრობას და მილიონ დამახინჯებულ ფსიქოტიპაჟობაზე მიუთითებს”;
“LGBT აქციების ორგანიზატორებს უნდა გაუნგრიო ცხვირ–პირი, თვითონ ეგენი არიან მართლა ჰომოფობები”-
ეს ამონარიდებია იმ სტატუსებიდან, რომელიც საკუთარ Facebook გვერდზე გიორგი მიქანაძემ დაწერა.
გიორგი მიქანაძე ილიას უნივერსიტეტში საბანკო საქმეს ასწავლის, ის ამავე დროს “პროკრედიტ ბანკის” სახეა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს.
“ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელის, დავით–მიხეილ შუბლაძის განცხადებით, გიორგი მიქანაძის მხრიდან სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაკეთებულმა ჰომოფობური ხასიათის სტატუსებმა პერმანენტული სახე მიიღო:
“ამ ადამიანის გამონათქვამებმა მუდმივი სახე მიიღო. მე ადრე მქონდა მასთან ამ თემაზე ლაპარაკი და ვთხოვე, თავი შეეკავებინა ასეთი კომენტარებისგან, მაგრამ ეს მაინც მუდმივად გრძელდება და ჩვენ გვინდა რეაგირება მოვახდინოთ. ის საჯაროდ, თავის პროფილზე მუდმივად წერს სტატუსებს, მათ შორის მუქარის შემცველ განცხადებებს”, – აცხადებს დავით–მიხეილ შუბლაძე.
შუბლაძის თქმით, ასეთი განცხადებები 17 მაისს მოწყობილი აქციის შემდეგაც გაკეთდა და ყოველი LGBT აქტივობის შემდეგ კეთდება.
გიორგი მიქანაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში ასეთი სახის გამონათქვამების გაკეთება არ უარყო:
“ჰომოფობები თვითონ არიან ის ადამიანები, ვინც ეს ამბავი წამოწია ჩემს თვალში. ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით ამ ადამიანებს, ჰომოფობები თვითონ არიან, ისინი ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც არიან უმრავლესობა. მე ვარ ჩემს პოზიციაზე და გამოვთქვამ თავისუფლად ჩემს აზრებს. მე ვმუშაობ ხუთ ორგანიზაციაში, სხვაგანაც ვასწავლი და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვასწავლი, ეს ლექციაზე არ მომხდარა, მე რომ ლექციაზე ვიქადაგო ეს თემა, ეგ სხვაა, მაგრამ მე ჩემი თავისუფალი ცხოვრება მაქვს, სადაც ვერავინ ვერაფერს ვერ დამიშლის”, – განაცხადა გიორგი მიქანაძემ. რაც შეეხება მუქარას, მისი თქმით, ეს ზოგადი გამონათქვამი იყო და კონკრეტულ ადამიანს არ დამუქრებია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის აზრით, ლექტორის ჰომოფობიაში დადანაშაულება სერიოზული ბრალდებაა, მიუხედავად იმისა, მან ჰომოფობური განცხადებები ლექციაზე გამოთქვა, თუ საჯაროდ გააკეთა და ამ საკითხს აკადემიური საბჭო აუცილებლად განიხილავს:
“ჩვენ არ ვყოფილვართ საქმის კურსში, ამიტომ წინასწარ ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ფეისბუქი არის საჯარო სივრცე. მე გადავცემ და აკადემიური საბჭო აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხით. ჩვენ ვნახავთ ამ ფოტოებსაც, სადაც განცხადებებია დაფიქსირებული და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.
“ლგბტ საქართველომ” საკითხთან დაკავშირებით “პროკრედიტ ბანკსაც” მიმართა, საიდანაც პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან.






