“სტერეო +”–ის მიმართ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით დღეს დავით ზილფიმიანმა “მე–9 არხის” დირექტორთან, კახა ბექაურთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
იმ პრობლემებს, რაც კომპანიას ბოლო დროს შეექმნა დავით ზილფიმიანი “მე–9 არხთან” კავშირით ხსნის:
“ჩემს მიერ მე–9 არხთან თანამშრომლობის დაწყებისთანავე ჩემ კომპანიას თავს დაატყდა უბედურებათა მთელი კასკადი. ეს იყო შემოვარდნები, დარბევები, ძარვა, ყაჩაღობა”, – აცხადებს დავით ზილფიმიანი, მან ამ ყველაფერთან ერთად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან სიხშირის გათიშვის მოთხოვნას ტერორი უწოდა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სტერეო +”–ისგან დღეს, 14:00 საათამდე ტელეკომპანია “მე–9 არხისთვის” სიხშირის გათიშვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანიის სიგნალი მთლიანად გაითიშებოდა ანძიდან “ალფა კომის” მიერ. კომისიამ “სტერეო +”–ის მიერ „მეცხრე არხის“ სიგნალის ე.წ „ღია ლინკის“ საშუალებით გავრცელება უკანონოდ მიიჩნია და “სტერეო +”–ს 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.
როგორც “მე–9 არხის” დირექტორი კახა ბექაური აცხადება მის ტელეკომპანიასა და “სტერეო +”–ს შორის თანამშრომლბა კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მედიისთვის თავისუფლების შეზღუდვაა:
“ეს გახლდათ ანეკდოტი რაც სხდომაზე ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებშია ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული აქვს “მე–9 არხს” “სტერეო +”–თან, რაც გულისხმობს “სტერეო +”–ის მფლობელობაში არსებული ლიცენზიის თანახმად, სიხშირული სპექტრის გამოყენებას “მე–9 არხის” მიერ. ეს სხდომაზეც არ იქნა დამალული, მათმა ტექნიკურმა ექსპერტებმა და იურისტებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება არის კანონიერად გაფორმებული, ეს არის საქართველოში სიტყვის თავისუფლების კიდევ ერთი უხეში შეზღუდვა. ასეთი არაერთი ფაქტის მომსწრე ვართ 2003 წლიდან”, – განაცხადა ბექაურმა, მან ტელეკომპანია “იმედში” და “მაესტროში” შეჭრის ფაქტები გაიხსენა, ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა რაც “გლობალ TV”–ს შეექმნა მას შემდეგ რაც “მე–9 არხთან” თანამშრომლობა დაიწყო.
დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მსგავსი ხელშეკრულება მას აქამდესხვა ტელევიზიებთანაც ჰქონდა გაფორმებული, თუმცა პრობლემები არ შექმნია:
“საეთერო მაუწყებლობის უფლება არ ჰქონდა არც “მაესტროს” თუმცა მე მქონდა მათთან ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმებული. ლიცენზიის მეპატრონე ვარ, არ ვარღვევ არც ერთ პირობას და ახლა მთხოვენ სიხშირე გავთიშო მხოლოდ იმიტომ, რომ “მე–9 არხი” ვრცელდება”, – აცხადებს ზილფიმიანი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ ძირითადი აქცენტი მაუწყებლობის ტრანზიტის დარღვევაზე გააკეთა:
“ტრანზიტი არის მომსახურება, როდესაც ბოლო მომხმარებლამდე მიდის მაუწყებლობა, დარღვევა დაფიქსირდა იმ მხრივ, რომ მოხდა სხივის ისე გავლა, რომ კონკრეტულ ადგილებში მცხოვრებმა ადამიანებმა რომლებსაც თანამედროვე ტელევიზორები ჰქონდათ დაიჭირეს “მე–9 არხი” რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ეს უნებურად მოხდა და ტექნიკური პრობლემა იყო, ამის გამო ზილფიმიანმა შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ ექსპერტებს დაედგინათ ეს ფაქტი უნებურად მოხდა თუ არა, თუმცა კომისიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სწორედ აქ არის ყველაზე მთავარი კითხვის ნიშანი. კომისიის წარმომადგენლების ცალმხრივი განმარტებები მე ვფიქრობ, რომ არ არის სარწმუნო წყარო მაშინ, როდესაც მეორე მხარე სადაოდ ხდის კომისიის შემოწმების აქტს”, – აცხადებს ნათია კაპანაძე, მისი თქმით გარდა ამისა კომისიის მხრიდან რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა – “დარღვეულია ფორმალური ნიშნები, კომისიის ვებ–გვერდზე სამი დღით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო განცხადება სხდომის ოქმის ჩანიშვნის თაობაზე, პირს არ მიეცა გონივრული ვადა რომ მომზადებულიყო სხდომისათვის და მესამე ზილფიმიანმა უშუალოდ სხდომაზე მიიღო სამართალდარღვევის ოქმი”
ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ დავით ზილფიმიანს ყოველივე ზემოთაღნიშნულის გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.
დავით ზილფიმიანის განცხადებით ის კომისიის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს სამივე ინსტანციაში და თუ საჭირო გახდება ევრო სასამართლოშიც.
ამჟამად “მე–9 არხის” სიხშირე გათიშულია, დავით ზილფიმიანი მოლაპარაკებას “ალფა კომთან” აწარმოებს.