საზოგადოება

საბჭოთა ბელადების რეზიდენცია ,,შერატონის’’ მფლობელის საკუთრებაში

5 ივნისი, 2012 •
საბჭოთა ბელადების რეზიდენცია ,,შერატონის’’ მფლობელის საკუთრებაში

პირობები, რომელიც 2008 წლისთვის უნდა შესრულებულიყო

 

2006 წლის 17 აგვისტოს აჭარის ხელისუფლებასა და კომპანია “ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთს” შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანიას გადასცეს სალიბაურის სამთავრობო რეზიდენცია _ შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 1197 კვადრატული მეტრი, მასზე მიმაგრებული 39 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, აგრეთვე, 110 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.

 

ამ ქონებაში ნუროლს საქართველოსთვის 850 ათასი დოლარი და 369,404 ლარი უნდა გადაეხადა.
ხელშეკრულებაში წერია: ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში დააპროექტებს, ააშენებს და ექსპლოატაციაში შეიყვანს საცხოვრებელ და მაღალი დონის გასართობ-რეკრეაციულ კომპლექსს. უზრუნველყოფს არანაკლებ 4 მილიონი დოლარის ინვესტიციას; დაასაქმებს 70 ადამიანს.

 

ხელშეკრულების თანახმად: ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია, მყიდველს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც აღნიშნული იქნება დარღვევის გამოსწორების გონივრული ვადა და დააკისროს მას ჯარიმა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ან განსახორციელებელი საინვესტიციო თანხის 0,1 პროცენტი.

 

ხელშეკრულების თანახმად: ინვესტორი ვალდებულია, ყოველი 6 თვეში ერთხელ სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში აღებული ვალდებულების შესრულების შესახებ.

რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა ამ შეთანხმებიდან კომპანია „ნუროლმა“? სალიბაურის აგარაკზე დასაქმებულ მოქალაქეებზე დაყრდნობით იმის თქმა შეიძლება, რომ სალიბაურის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში მუშაობს არა 70, არამედ 5 ადამიანი _ ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი.

 

დადასტურებულად შეიძლება ასევე იმის თქმაც, რომ ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში საზოგადოებისთვის მაღალი დონის გასართობ-რეკრეაციული კომპლექსი არ არის ხელმისაწვდომი. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, „ნუროლმა“ არსებული სამთავრობო რეზიდენცია გაარემონტა და მისასვლელი ბილიკები ქვაფენილით მოკირწყლა. შესაბამისად, გაურკვეველია რა სარგებელი ნახა განსაკუთრებული მიკროკლიმატის ზონაში 15 ჰექტარი მიწის გასხვისებით საქართველოს სახელმწიფომ.
ერთ-ერთი საჯარო მოხელე, რომელიც 2006 წლის 17 აგვისტოს გარიგების შესახებ ინფორმირებულია, ამბობს, რომ ეს ტერიტორია „შერატონის თანმდევად“ გადასცეს „ნუროლს“. ხელშეკრულებაში ამის შესახებ არაფერი წერია.  

 

რას ამბობენ 2012 წლის1 ივნისისთვის  აჭარის ეკონომიკის სამინისტროში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ანუ იმ უწყებაში, რომელმაც „ნუროლს“ ქონება გადასცა და რომელსაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ჩატარებაც ევალებოდა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომენტარს ამ კვირაში გააკეთებენ (სამინისტროს კომენტარი ნეტგაზეთზე გამოქვეყნდება).

 

საბჭოთა ბელადების  რეზიდენცი

 

სალიბაურის რეზიდენცია
სალიბაურის რეზიდენცია

„სულ პატარა გოგო ვიყავი, როცა აქ პირველად ვნახე ხრუშოვი. აი, ამ გზას ხომ ხედავ, ბოლომდე მანქანებით იყო სავსე… ხალხიც ბევრი იყო. მახსოვს ბრეჟნევიც. მერე აბაშიძე მოდიოდა… მერე თურქმა ინვესტორმა იყიდაო. ახლა არავინ მინახია“, – ეს სალიბაურში, „ნუროლის“ მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი ხანდაზმული ქალის მონათხრობია.

 

ამ დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ლევან ბალაძე კი ამბობს, რომ მისი დირექტორობის პერიოდში დაწესებულებაში 50-მდე ადამიანი მუშაობდა: „მილიონი რა არის, უფრო მეტი შემოსავალი გვქონდა წელიწადში – ყველა სამთავრობო სტუმარს ჩვენი შემოსავლებით ვმასპინძლობდით. მარტო 220 ტონა მანდარინი მოგვყავდა. ახლა მანდარინს საერთოდ აღარ კრეფენ. ეს შენობა 1933 წელს აშენდა. ბაბუაჩემისგან გამიგია, რომ ბერია დადიოდა, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, იქეთ ჩიტიც კი ვერ ფრინავდა. 1966 წელს კი ხრუშჩოვი იყო, – ის კრესლოები, რომელშიც ხრუშჩოვი იჯდა, აი, აგერ სახლში მაქვს. აქ ინგლისელი ლორდებიც მოსულან და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებიც. სულ 18,5 ჰექტარი მიწა იყო, პრაქტიკულად ჩვენი სოფლის ნახევარი. მერე იყო შევარდნაძე, მას ერთი სტუმარი არ მიუყვანია ბობოყვათის რეზიდენციაში, სულ აქ დადიოდა. მე ახლაც ვცდილობ, იქეთ არ გავიხედო, უსიამოვნება არ მინდა შემემთხვას“.

 

„ნუროლი“ და მისი  თანამშრომლები საქართველოში

 

„ბათუმელები“ კომპანია „ნუროლის“ ქართველ თანამშრომელს დაუკავშირდა კომპანიის დამფუძნებლებთან ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით. ირმა ქამადაძემ ხელმძღვანელებთან შეთანხმების შემდეგ თქვა, რომ ამ საკითხზე „ნუროლში“ კომენტარს არ გააკეთებენ.
„ნუროლის“ კუთვნილი ქონების ცენტრალურ შესასვლელთან ქართულ ენაზე მოსაუბრე დარაჯი გვიხსნის, თუ რა გზით შეიძლება ტერიტორიაზე მოხვედრა: „თქვენ გამო სამსახურს ვერ დავკარგავ, მაგრამ რომც შემოგიშვათ, აქ სამი ძაღლია – ორი კავკასიური და ერთიც სხვა, საშიშია. აქაურობას ოფისიდანაც აკონტროლებენ, ყველგან კამერებია დამონტაჟებული, ოფისში მიდით – თუ მეტყვიან, რომ შემოგიშვათ, რა პრობლემაა“.

 

დარაჯს, რომელიც სახელს არ ამბობს, ლაპარაკი აშკარად არ ეზარება: „სულ ოთხი ყარაული ვმუშაობთ – ორი ქართველი, ორიც თურქი. ერთიც ქალი მუშაობს, სახლს უვლის. ჩვენებისგან ვიცი, რომ აქ პრეზიდენტი დადის, ლევან ვარშალომიძეც“.
„ნუროლის“ ქონების ქართველი დარაჯი ამბობს, რომ სალიბაურში რეზიდენციის ტერიტორიის ფეხით შემოვლას ერთი საათი სჭირდება. რეზიდენციის ცენტრალური შესასვლელიდან ერთი კილომეტრის გაყოლებით არავინ ცხოვრობს. ცენტრალური შესასვლელის საპირისპირო მხარეს კი რამდენიმე ოჯახია დასახლებული. აქ ამბობენ, რომ აგარაკზე სტუმრები მხოლოდ მაშინ დადიან, როცა პატრონი ჩამოდის თურქეთიდან.

მფლობელი

 

კომპანია ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთი სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში 2006 წელს გამოჩნდა. ამ კომპანიას საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ აჭარაში 167 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია მისცა.

 

აჭარაში შეძენილ ქონებაში „ნუროლმა“ სახელმწიფოს ჯამში 1 მილიონი დოლარი და 400 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიამ ასევე ქვეყანაში დააბანდა ინვესტიცია სასტუმრო „შერატონის“ ასაშენებლად.

 

„ნუროლს“ ხელისუფლებამ ქონება შავი ზღვის სანაპიროზე გადასცა – ბათუმის ბულვარში, რუსთაველის გამზირზე (რუსთაველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო) და სალიბაურის მიკროკლიმატურ ზონაში.

 

შედეგები

 

167 ათასი კვადრატული მიწის გასხვისებით საქართველოს სახელმწიფომ მიიღო შემდეგი სარგებელი: 1 მილიონი დოლარი და 400 ათასი ლარი; ბათუმში აშენდა სასტუმრო შერატონი, რაზეც ხელშეკრულების მიხედვით 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა; პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის ადგილზე აშენდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ბინის შეძენა; შერატონში დაახლოებით დასაქმდა 200 მოქალაქე, როგორც ხელშეკრულება ითხოვდა.
ბათუმის ზღვისპირა მონაკვეთში ერთი კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართობის საბაზრო ფასი, საშუალოდ, 1500 დოლარია. სახელმწიფოს ეს ქონება 1500 დოლარად რომ გაეყიდა, ქვეყნის ბიუჯეტში, საშუალოდ, 250 მილიონი დოლარი შევიდოდა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კომენტარი


საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია: „ხელშეკრულების შესაბამისად, ყოფილ სამთავრობო აგარაკზე ორი წლის განმავლობაში ექსპლოატაციაში უნდა შესულიყო საცხოვრებელი კომპლექსი და გასართობ-რეკრაციული მაღალი დონის კომპლექსი. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ შეცვლილა და ამ პირობების შესასრულებელი ვადა არ გაგრძელებულა, სახეზე გვაქვს ხელშეკრულების პირობების დარღვევა. შესაბამისად, აჭარის მთავრობა უფლებამოსილია, გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები – ნუროლს ან ჯარიმა დააკისროს, ან ბათილად ცნოს ხელშეკრულება, ანუ ქონება სახელმწიფოს დაუბრუნოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების დარღვევა სახეზეა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ იყენებს ჯარიმების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

 

თუკი ხელშეკრულების პირობები ბოლომდე შესრულდებოდა, ანუ დასაქმდებოდა 70 ადამიანი, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ 15 ჰექტარი მიწის გაყიდვა ზღვისპირა ზოლში ამ ფასად მეტ-ნაკლებად გასაგებია. სხვა შემთხვევაში ამ ტერიტორიაში გადახდილი ფასი არ არის საბაზრო ღირებულების ადეკვატური.

მასალების გადაბეჭდვის წესი