გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს, 1 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უფლებადამცველებთან შეხვედრა გამართეს, სადაც განცხადება გაავრცელეს.
განცხადების მიხედვითვე ირკვევა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ჰქონდა.
“თავს უფლებას მივცემთ, აღვნიშნოთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობას და ობიექტურობას, ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას. როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი.
ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა, ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით.
ალბათ, ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა ქულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილებების ამ პროექტს კატეგორიულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი. სავარაუდოა, რომ ეს გარემოება გახდა მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი,”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კატეგორიულად მოითხოვენ,” სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. რატომ გაატარა ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს.”
სად გააგრძელებენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მოღვაწეობას, ამაზე ზუსტი პასუხი მათ ჯერ არ აქვთ. თუმცა, მათივე განმარტებით, ვინაიდან ყველა მათგანი საგანმანათლებლო სფეროს კარგად იცნობს, სავარაუდოდ, ისინი გაანთლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას ან ორგანიზაციებს დააფუძნებენ.





