საზოგადოება

მიმინოშვილს შვეიცარიის ელჩობა შესთავაზეს

29 მაისი, 2012 •
მიმინოშვილს შვეიცარიის ელჩობა შესთავაზეს

”შემოთავაზება იყო არა მინისტრის მხრიდან. მინისტრი, როგორც ჩანს, შორიდან ბრაზდებოდა, თორემ ასეთი ურთიერთობა, რომ რაიმე პრეტენზია გამოეთქვა ჩემ მიმართ, ან რაღაცები შემოეთავაზებინა, ნაკლებად მახსოვს ამ პერიოდის განმავლობაში. შემოთავაზება იყო დიპლომატიურ სამსახურში, კერძოდ, შვეიცარიის ელჩობაზე იყო საუბარი და ალბათ, ლოგიკურიც არის, რომ უარი განვაცხადე გარკვეული მიზეზების გამო. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია დიპლომატიურ სამსახურში იმუშაოს ადამიანმა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

მისი თქმით, განათლების სისტემაში 12-წლიანი მუშაობის გამოცდილების შემდეგ ეს შეთავაზება სრულიად გაუგებარი იყო ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის შეთავაზება:

”ან ჯანდაცვის სამინისტროში რა მინდოდა, რა უნდა გამეკეთებინა, საინტერესოა, 12– წლიანი გამოცდილება განათლების სისტემაში, მანამდე ლექტორობა 21 წლის ასაკიდან, ამდენი წელია განათლების საქმეს ვემსახურები, მგონია, რომ რაღაც გამოცდილება შევიძინე, მგონია, რომ საქმეს ჩემს გუნდთან ერთად არც თუ ისე ცუდად ვაკეთებ და აქ გაცილებით უფრო გამოსადეგი ვარ და უცებ ეს შემოთავაზება. მთავარი, იცით, რა არის, ჩემთვის უნდა აეხსნათ არგუმენტი”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

 

მისი თქმით, ერთადერთ არგუმენტად დიმიტრი შაშკინთან დაპირისპირება დასახელდა, რის გამოც მან ორივე შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

 

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ განაცხადა, რომ დაპირისპირება მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის დაახლოებით 10 თვის განამვლობაში გრძელდებოდა :

 

“მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული გადაწყვეტილება არ მიეღო. ამასთან, მთავრობამ ქალაბატონ მაია მიმინოშვილს საკმაოდ მაღალი თანამდებობები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ქალბატონმა მაიამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც უკვე მათი პოზიციები ვერ შეჯერდა და მინისტრმა მიიღო ესოდენ რთული გადაწყვეტილება,”- განაცხადა ნინო პოტრჟებსკაიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი