საზოგადოება

მიმინოშვილი შესაძლოა პოლიციის აკადემიის რექტორმა შეცვალოს

29 მაისი, 2012 • 1320
მიმინოშვილი შესაძლოა პოლიციის აკადემიის რექტორმა შეცვალოს

“სამინისტროს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე სამინსიტროს მხრიდან ითქვა, რომ ცენტრის ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის რექტორს, ხატია დეკანოიძეს დანიშნავენ,”- ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მაია გაბუნია ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

გაბუნიას განმარტებითვე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცენტრის თანამშრომელთა დაკომპლექტება სწორედ პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით დაიწყო. 

 

ხატია დეკანოიძე, ამჟამად შინაგან საქმეთა პოლიციის აკადემიის რექტორია. იგი აკადემიას ბოლო ოთხი წელია ხელმძღვანელობს.

 

ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში დეკანოიძე საკუთარი საქმიანობის შესახებ ამბობს:

 

“პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. პოლიციაში საკმაოდ უცნაურად მოვხვდი. ვმუშაობდი უშიშროების საბჭოში, როდესაც საბჭოს ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ გადავედი ადმინისტრაციის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2006 წელს გავიხსენე ჩემი ძველი პროფესია, წავედი დიპლომატად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც პოლიციის აკადემიის რექტორი უცხოეთში გაემგზავრა სასწავლებლად, მინისტრმა მთხოვა, ჩამოვსულიყავი და აქ დამეწყო მუშაობა. დიპლომატობა ძალიან საინტერესო სფეროა და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ასაკის მერე კიდევ დავბრუნდე დიპლომატიაში. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა ამ საქმემ ბავშვობის ოცნება გადაწონა. ახლა ისეთი აქტიური და ცოცხალი სამუშაო მაქვს, ამას ვერ შეველევი.” 

 

შსს პოლიციის აკადემიაში საპატრულო პოლიციელებს, უბნის ინსპექტორებს, პოლიციის ოფიცრებს ამზადებენ. გარდა ამისა, პოლიციის აკადემიაში ტრენინგებს სკოლის მანდატურებიც გადიან. 

 

გუშინვე განცხადება გავრცელდა იმის შესახებ, რომ მიმინოშვილს მინისტრის მოადგილე, კოკა სეფერთელაძე შეცვლიდა, თუმცა დღეს, კოკა სეფერთელაძის განაცხადითვე, დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ხვალ, 30 მაისს წარადგენს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი