საზოგადოება

ACT: “გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია”

19 მაისი, 2012 • 978
ACT: “გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია”

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა (ACT) 2012 წლის აპრილში თბილისის 426 ზრდასრული მაცხოვრებელი ქალთა დისკრიმინაციის საკითხზე გამოკითხა. 

“თქვენი აზრით, დღეს საქართველოში რამდენად ხშირად ხდება ქალების დისკრიმინაცია?” – ეს იყო ერთადერთი კითხვა, რომელიც გამოკითხვის ფარგლებში დაისვა. 

როგორც ACT-ში განამრტავენ, გაზაფხულზე ქართველი ფემინისტებისა და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლთათვის ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც გარკვეული სარეკლამო აქტივობები, ისე რელიგიური თემები.

“სწორედ ამის გამო ACT-მ გადაწყვიტა, კითხვა დაესვა თბილისის მოსახლეობისთვის და გაერკვია, რას ფიქრობენ თბილისელები ქალთა დისკრიმინაციის შესახებ. შედეგები საკმაოდ საინტერესო მივღეთ.” 

ACT -ის მიღებული მონაცემიდან თბილისში გამოკითხული მოქალაქეების 49 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია იშვიათად ხდება. დანარჩენი პასუხები კი ასე გადანაწილდა: 

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს. 

ACT-ში ამბობენ, რომ ეს მონაცემი ინტერპრეტაციის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა და გენდერულ თემებზე მომუშავე პირებს დაფიქრების საბაბს გაუჩენს.

“რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს, აღმოჩნდა, რომ მეტნაკლებად მსგავსი განწყობა აქვთ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.  საერთო ჯამში კი, მამაკაცთა უფრო მეტი ნაწილი თვლის, რომ არ ხდება დისკრიმინაცია. ეს ფაქტი შესაძლოა აიხსნას იმითაც, რომ ქალებს მეტი ინფორმაცია აქვთ დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ და იმითაც, რომ მამაკაცებს უბრალოდ არ სურთ ამ ფაქტის აღიარება,”-განმარტავენ ორგანიზაციაში. 

გამოკითხვა, ACT -ს წარმომადგენელთა თქმით, 2012 წლის აპრილში რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.7%-ს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი