საზოგადოება

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

19 მაისი, 2012 •
ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

ინგლისურ ენაზე  სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობის შემოწმების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლებს ინგლისური ენასა და კომპიუტერის უნარებში ინტეგრირებულ გამოცდას უტარებს.

მასწავლებელთა ნაწილი, რომელმაც გამოცდა უკვე ჩააბარა, ამბობს რომ გამოცდაზე, სადაც ყველა ტექსტი ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი, ინგლისური ენისა და სხვა საგნების სპეციალისტები არათაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

მასწავლებლებმა ორი საათის განმავლობაში კომპიუტერით რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი გამოცდა ჩააბარეს.

„ყველა ტექსტი იყო ინგლისურ ენაზე, ორი დავალება შეგეძლო ქართულ ენაზე შეგესრულებინა – სლაიდ შოუს მომზადება და ინგლისური ტექსტის წაკითხული შინაარსის გააზრება.  ბოლო დავალება რომელიმე საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიის შესახებ მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მოძიება იყო. თარგმანის საკითხში, რა თქმა უნდა, უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ინგლისურის სპეციალისტები,“- ამბობს “ბათუმელებთან” საუბარში სკოლა ევრო- 2000– ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ხუნდაძე.

გამოცდის არათანაბარ პირობებში ჩატარების შესახებ საუბრობს ამავე სკოლის სხვა პედაგოგიც.

„მე არ ვიცი ინგლისური და რომც ვისწავლო ახლა, ისე ვერ ვისწავლი, როგორც მათ იციან. თარგმანის დროს კომპიუტერს ვიყენებდით, მოგეხსენებათ, კომპიუტერი საკმაოდ ცუდად თარგმნის. ინგლისური ენის სპეციალისტს ამ საკითხების მომზადება ბევრად მცირე დროში შეუძლია და, შესაბამისად, შესაძლოა უკეთესი შედეგიც ჰქონდეს,“- ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირმა დიდმანიძე.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთშორისო ინსტიტუტის, ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ცალსახად იმის თქმა, რომ პედაგოგები არათანაბარ პირობებში არიან ინტეგრირებული გამოცდის დროს, არ შეიძლება.

„კომპიუტერული პროგრამები ძირითადად ინგლისურ ენაზეა, ადამიანმა კომპიუტერი თუ არ იცის, ინგლისური რომც იცოდეს, მაინც ვერ ჩააბარებს ამ გამოცდას. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ვინმე არათანაბარ მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, როდესაც სტატისტიკა გვექნება, სურათს უფრო ნათლად დავინახავთ. ვნახავთ, მართლა უჭირთ თუ არა სხვა საგნის სპეციალისტებს ამ გამოცდის ჩაბარება,“- ამბობს ზოგადი განათლების საკითხთა სპეციალისტი რეზო აფხაზავა.

გამოცდების შედეგებს პედაგოგები რამდენიმე კვირაში ელოდებიან.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები აბარებენ. მასში მონაწილეობის სურვილი, სამინისტროს ინფორმაციით, 2000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.

ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება, ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე (pre-intermediate level) ფლობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი