საზოგადოება

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

19 მაისი, 2012 •
როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტი ყოველწლიურად სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და რისკებს მხოლოდ საქართველოს რეგიონებში აფასებს. 

ემილ წერეთელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც საქართველოს რეგიონებში სწორედ ამ რისკების შეფასებაში მონაწილეობს, ამბობს, რომ თბილისში მონიტორინგის სამსახური დაახლოებით 15 წლის წინ დაფინანსების შეწყვეტის გამო დაიხურა.

„ახლა მხოლოდ რეგიონებში ვაწარმოებთ მონიტორინგს. ეს სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. მისი წყალობით საქართველოს ბევრი რეგიონის სოფელში ავიცილეთ საშიშროება და მსხვერპლი. ასეთი მონიტორინგით თბილისში ამ შემთხვევის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა,“ – ამბობს  ემილ წერეთელი.

თბილისში მუდმივი ჰიდროგეოლოგიური მონიტრინგის საჭიროებაზე საუბრობს რეზო გეთიაშვილიც, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელის ხელმძღვანელი.   

„ბუნებრივ კატასტროფებზე მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც შედეგი დგება. ამ პროცესის რამდენიმე რგოლი არსებობს – შეფასება, პრევენცია, არიდება, შერბილება და შედეგი. ამ შემთხვევაში, შედეგის გარდა, ყველა რგოლია ამოღებული. ამჟამად თბილისში 52 ღვარცოფული ხევი და 10 მცირე მდინარეა, რომელსაც შესაბამისი მართვა და მონიტორინგი ჭირდება,“- ამბობს გეთიაშვილი.

დღეს ერთადერთ სახელმწიფო უწყებას, თბილისის მერიას, რომელიც დედაქალაქში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე ინფორმაციას უნდა ფლობდეს, პრევენციისთვის საჭირო ინფორმაცია არ აქვს.

„თუ იყო ხევი გასაწმენდი, უნდა გაწმენდილიყო. შესაძლოა, მერიას ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა ამის შესახებ. თუმცა, ცხადია, მთავრობა გვიან ჩაერთო ამ პროცესში და თავიდან არ აიცილა სტიქია,“- აცხადებს გეთიაშვილი.

თბილისში სანიაღვრე სისტემებზე მუდმივი დაკვირვების შესახებ საუბრობს გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძეც.

მისი განმარტებით, თბილისის მერიას უნდა შეექმნა სამსახური, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევდა სანიაღვრე სისტემებს და გააკონტროლებდა, გაწმენდილია თუ არა ხევი და ხომ არ ხდება საკანალიზაციო სისტემის ჩართვა სანიაღვრე სისტემასთან.

„აუცილებელია, რომ მუდმივად იწმინდებოდეს ხევები, რადგან ხევებში დიდი ხეები იზრდება და წვიმის დროს ადიდებულ წყალს ვეღარ ატარებს, ამის გამო წყალი გროვდება და ან გარეთ გადმოდის, ან ერთიანად მოვარდება. საერთოდ ჩვენი მდინარეები ღვარცოფულობით ხასიათდება და ხშირად შეიძლება მოიტანოს წყალდიდობა. ამის მაგალითი სწორედ ამ ადგილზე 60–იან წლებშიც იყო, როდესაც ხევებიდან გადმოსული წყალი ორთაჭალის აბანოებამდე ჩამოვიდა და ამას მსხვერპლიც მოყვა,“ – ამბობს ჩხობაძე.

საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ სტიქია კრწანისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან არსებული წყალსაცავის გახეთქვამ გამოიწვია, არ ეთანხმებიან გეოეკოლოგიის ექსპერტები.

გეოეკოლოგი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე განმარტავს, რომ კრწანისში არსებული წყალსაცავი არ იყო ისეთი დიდი მოცულობის, რომ მსგავსი შემთხვევა გამოეწვია.

„ამ შედეგს მხოლოდ ასეთი პატარა წყალსაცავი არ მოიტანდა. შესაძლებელია, ამ წყალსაცავსაც გადმოუარა ნიაღვარმა და ისიც ამიტომ გადმოვიდა,“- ამბობს გეოეკოლოგიის ექსპერტი. 

აღნიშნული წყალსაცავის დასათვალიერებლად და სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა  ემილ წერეთელიც, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. 

“გუშინ ვიყავი ადგილზე. სტიქიის მთვარი მიზეზი მთიდან წამოსული წყალი გახდა, რომელმაც კრწანისის ხეობაში გამოფიტული მასალა წამოიღო და გადაკეტა გასასავლელები. კოლეტქტორმა აღარ გაატარა ქვა- ღორღი. სწორედ ამან გამოიწვია ეს შედეგი,”- ამბობს წერეთელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი