საზოგადოება

“მართლმადიდებელი მშობლების” აქცია–პარაკლისი[VIDEO]

7 მაისი, 2012 •
“მართლმადიდებელი მშობლების” აქცია–პარაკლისი[VIDEO]

 “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” დღეს, 7 მაისს, ილიას უნივერსიტეტთან, თბილისში, ნახევარსაათიანი პარაკლისი გადაიხადა. ისინი ორი წლის წინ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები ხელისუფლებას მიმართავენ და ამბობენ, რომ პატიმრების დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ”მათ ხმა აღიმაღლეს ერის რელიგიური გრძნობების, სიწმინდეებისა და ტრადიციული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ”.

“სიტყვის გამოხატვის თავისუფლების საბაბით ჩვენი სიწმინდეების მაგინებელია ე.წ. ლიბერალებად ცნობილი მცირერიცხვოვანი ჯგუფი, რომელსაც წინ მიუძღვის თავისუფლების ინსტიტუტი”, – ნათქვამია მშკ–ს განცხადებაში:

“სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლების საშუალებით, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტითა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით დაიწყო ჩვენი სიწმინდეების –  ღმერთის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ღირსებების, ოჯახის, მშობლების, ქალწულობის, და–ძმობის, მეგობრობის და წინაპრების შეურაცხმყოფელი ნაწარმოებების რეკლამირება, პროპაგანდა და გავრცელება. ჩვენი ტრადიციების შემაგინებელი გადაცემების მომზადება და ტრანსლირება”, – აცხადებენ ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები. ამის მაგალითად მათ ერეკლე დეისაძის ნაწარმოები, “საიდუმლო სირობა” დაასახელეს.

”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში მომხდართან დაკავშირებით დაპატიმრებული რვა ადამიანის – ლევან ჩაჩუას, ავთანდილ ზუმბაძის, ზვიად ბლიაძის, დავით შალამბერის, ჯავა გურჩიანის, შოთა აფხაიძის, რატი მაისურაძის და გიორგი გაბედავას – გათავისუფლებას ითხოვს. მათი თქმით, ეს ადამიანები მართლმადიდებლობის გამო დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239 მუხლის მე-2 ნაწილის(ხულიგნობა) დარღვევაში ედებოდათ. თითოეულ მათგანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:

“ზუმბაძეს და მაისურაძეს შეუთითხნეს ახალი ბრალდება და დამატებით 2 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. საქართველოში ნეობოლშევიკურ სამართალს პილატეს მემკვიდრე ნეოპილატეები ახორციელებენ. მთავარი პილატეების დავალებით უდანაშაულო მართლმადიდებლები გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს პროკურორ პილატეებმა: დავით ხაზანაიძემ, გიორგი მიქაიამ, სოფო ბარაბაძემ”, – აცხადებენ მშკ–ს წარმომადგენლები.

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მშკ-სა და სმმ-ს(”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”) წევრების მიერ სკანდალის მოწყობას  და პირდაპირი ეთერის ჩაშლას წინ უსწრებდა ამავე გაერთიანებების მიერ 2010 წლის 7 მაისს ილიას  უნივერსიტეტის წინ ”საიდუმლო სირობის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა, რა დროსაც მმკ-ს წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილ ტოქ-შოუს ესწრებოდნენ ტელეკომპანიაში.

მშკ-ს აქცია 6 საათიდან ტელეკომპანია ”კავკასიის” წინ გადაინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი