საზოგადოება

მეუფე დავითი: ბიზნესს ვაწარმოებთ სულების და არა ფულების მოგებისთვის [Video]

2 მაისი, 2012 • 2536
მეუფე დავითი: ბიზნესს ვაწარმოებთ სულების და არა ფულების მოგებისთვის [Video]

უახლოეს პერიოდში ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სამუზეუმო და ბიზნესკომპლექსების დასათვალიერებლად ფასიანი ტურები მოეწყობა.

ღვინის სადეგუსტაციო ტურები მონასტრის მარანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ალავერდის მონასტრის თაფლის მწარმოებელი მეურნეობა „თაფლიკაცი“ , არყის სახდელი კომპლექსი, ხის სახერხი და ალავერდის მონასტრის საგანძურის საცავი, – ეს არის ის, რისი დათვალიერებაც ალავერდის მონასტერში მისულ დამთვალიერებლებსა და ტურისტებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეეძლებათ.

“აღარ არის ის დრო, როდესაც ალავერდი იყო ადგილი, სადაც ცხვარს სამჯერ შემოატარებდი,”- ამბობს დავით მახარაძე, ალავერდის ეპარქიის მეუფე.

ეპარქიის მეუფის თქმით, ტურისტული პაკეტების საფასურის ოდენობა ზუსტად განსაზღვრული ჯერ არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ღირებულება პაკეტის მიხედვით განისაზღვრება და ფასები უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე – ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

ამას სასულიერო პირი იმით ასაბუთებს, რომ პირადად მისთვის არაერთ უცხოელს უთქვამს, რომ ამა თუ იმ სანაახობაში მას ფულის გადახდა სურს. 

“ჩვენ ბიზნესს ვაწარმოებთ სულების მოგებისთვის და არა ფულების მოგებისთვის,”- ამბობს მეუფე.

მისივე თქმით, მონასტერში უკვე დაანგარიშებული აქვთ, რამდენი ავტობუსის მგზავრს მოემსახურება მონასტერი ერთ დღის გარკვეულ მონაკვეთში – „მაქსიმუმ ორი ავტობუსის. სულ 60 ადამიანის მომსახურებას შევძლებთ დროის ერთ მონაკვეთში.”

ტურისტულ პაკეტებზე საუბრის დროს, მეუფე დავით მახარაძე, ასევე, ამბობს, რომ მონასტერს დიდი ხარჯი აქვს და ამის ამოღება უნდა მოხდეს.

„მონასტრის სადღეღამისო ელექტროენერგიის დანახარჯი 60 კილოვატია. ვინაიდან, გვაქვს  კონდიციონერი, სადღეღამისო დაცვის სისტემა მეტალოდეტექტორებზე, ვიდეო თვალი, რომელსაც 10 კილომეტრის მანძილზე შეუძლია აკონტროლოს ნებისმიერი მოძრავი საგანი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ისიც, რომ კომპიუტერს კრიმინალის ფოტოს ამოცნობა შეეძლება. კომპიუტერი იძლევა სიგნალს, რომ ეს პირონება არის სიახლოვეს, რის შემდეგაც  ვიდეო თვალი იწყებს მის თვალთვალს,”- ამბობს ეპარქიის მეუფე. 

ზუსტი დრო, როდიდან დაიწყებენ ალავერდში ფასიანი ტურების მოწყობას, ჯერ უცნობია. 

ამავე თემაზე: რატომ უპირისპირდება ალავერდის მღვდელმსახურებს მოსახლეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი