საზოგადოება

ალავერდის ეპარქიასა და მიმდებარე სოფლებს დატბორვა ემუქრება [VIDEO]

1 მაისი, 2012 • 1888
ალავერდის ეპარქიასა და მიმდებარე სოფლებს დატბორვა ემუქრება [VIDEO]

ბოლო რამდენიმე წელია კახეთში ალავერდის სამონასტრო კომპლექსი და მისი მიმდებარე შვიდი სოფელი წყალდიდობების შედეგად იტბორება. სოფლებს დატბორვა წელსაც ემუქრება.

სოფელ ალავერდში მცხოვრები მიხეილ იმერლიშვილის ხორბლის ყანა, ისევე როგორც მის თანასოფლელთა უმეტესობის მიწები, მდინარე ზემო ხოდაშენის ადიდების შედეგად დაიტბორა.

იმერლიშვილის ყანის ადგილზე ერთი წლის შემდეგაც წყალს გამოყოლილი ქვა-ღორღი ყრია.

იმ ადგილას, სადაც ორი მდინარე – შავკაბა და ზემო ხოდაშენის ხევი ერთმანეთს უერთდება, ძლიერი წვიმების დროს კალაპოტი ეცვლება და დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში მიმდებარე სოფლის ყანებსა და საძოვრებს ტბორავს.

ბოლო ორი წელიწადია წყლის მოვარდნის შედეგად, ალავერდის მსგავსად, სხვა ექვსი სოფელი – ხორხელი, იმერლიანთ უბანი, ოჟიო, ოღოთო, ზემო ხოდაშენი, ჩაბინაანი იტბორება.

ერთადერთი გამოსავალი კალაპოტის გაწმენდაა, რომელიც სპეციალისტების განმარტებით, დაახლოებით, 4-5 კილომეტრზე უნდა განხორციელდეს.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, კალაპოტი უნდა ამოსუფთავდეს და სხვა მიმართულება მიეცეს. შემდეგ კი, ამოღებულის მეშვეობით ნაპირებთან დამბები გაკეთდეს,“- ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ექსპერტი, ჭიჭიკო ჯანელიძე.

ტექნიკური სამუშაოები, სპეციალისტთა გათვლებით, დაახლოებით მილიონნახევარ ლარამდე დაჯდება.

როგორც ალავერდის მკვიდრი, მიხეილ იმერლიშვილი ამბობს, თანასოფლელებს დახმარებისთვის არაერთხელ მიუმართავთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. 

თუმცა იმის გამო, რომ დატბორვის საშიშროება ალავერდის სამონასტრო კომპლექსსაც შეექმნა, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად უკვე სახელმწიფო სტრუქტურები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაერთვნენ. 

30 აპრილს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, „კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, სწორედ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა მოეწყო, სადაც პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ალავერდის ეპარქიის მეუფემ, დავით მახარაძემ სტუმრებს ალავერდის დატბორვის შარშანდელი, ვერტმფრენით გადაღებული ფოტოები პროექტორით აჩვენა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებად დახმარება ითხოვა. 

შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელს, ლამარა ბერიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მეუფე დავით მახარაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებში ეპარქიის ჩართვაც მოსთხოვა. 

„ბევრი მეწყერსაშიში ადგილია სქართველოში. ბევრი სოფელია, რომელიც საფრთხის ქვეშაა მოსალოდნელი წყალდიდობის გამო. თუმცა ყველგან არ არის ალავერდის ტაძარი. სწორედ ამიტომ, ალავერდის ფაქტორმა მეტი ყურადღება განაპირობა,“ – ამბობს შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი. 

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი წყალდიდობის შედეგად 2011 წლის 19 აპრილს დაიტბორა.

შარშანვე ალავერდის მონასტრის მიმდებარე ხევში დამბები გაკეთდა და მდინარის კალაპოტი გასუფთავდა. ამისთვის 30 ათასი ევროს ოდენობის თანხა ჰოლანდიის პრიც კლაუსის ფონდმა გამოყო. თუმცა ეპარქიის მეუფე ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან, მისი თქმით, ნიადაგის ზედაპირული წყლები გრუნტში გროვდება და ისევ ტექნიკურ სამუშაოებს საჭიროებს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სანაპირო ზონაში მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგის განყოფილების უფროსის, თეიმურაზ მეტრეველის თქმით, წელს სამინისტროს თანხები უკვე გაწერილი აქვს, სადაც აღნიშნული სამუშაოების ჩატარება არ არის გათვალისწინებული.

„თუმცა სამინისტროში მაინც დავაყენებთ თანხის გამოყოფის საკითხს აღნიშნული სოფლებისა და ალავერდის დასახმარებლად,“ – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი