ოპერატორი, რომლის მიერ გადაღებული
კადრები ზესტაფონის “ფეროს” მიერ გარემოს დაბინძურების შესახებ, გუშინ “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” გაავრცელა, სამსახურიდან დაითხოვეს. თუმცა თავად შოთა ფერაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია “არგოს” ხელმძღვანელობამ ის “მე-9 არხის” წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო გაათავისუფლა.
“პირველი უკმაყოფილება ჩემ მიმართ მაშინ დაიწყო, როცა 30 აპრილს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასთან დაკავშირებულ აქციაში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. იმის გამო, რომ ზესტაფონის ტელევიზიას ხელისუფლება სრულად აკონტროლებს, მათგან დიდი უკმაყოფილება იყო. თუმცა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, აქციამდე ორი კვირით ადრე მე შვებულება ავიღე. აქციის გამო შელაპარაკება მომივიდა გამგებელთანაც. ალბათ, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა,” – აცხადებს შოთა ფერაძე.
14 აპრილს “ფეროს” მიერ გარემოში მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოფრქვევის ამსახველი ვიდეომასალა შოთა ფერაძემ გადაიღო. ამავდროულად, დაიგეგმა ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია 30 აპრილისთვის. გუშინ ეს კადრები “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” გაავრცელა. გუშინვე “ფეროს” ადმინისტრაციამ შეხვედრა გამართა იმ ადამიანებთან, ვინც 30 აპრილს აქციას გეგმავდა და მათ პირობა მისცა, რომ შესაბამის ფილტრებს დააყენებდა. ამას გარდა, ქარხნის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სამი ღუმელი, სადაც შედარებით მაღალი იყო დამტვერიანების ხარისხი, გააჩერეს მანამდე, სანამ არ იქნება შეცვლილი გაზგამწმენდი მოწყობილობა.
შოთა ფერაძე ამბობს, რომ გუშინ მასთან შეხვედრის სურვილი “მე-9 არხის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს. შეხვედრის შედეგად ოპერატორს ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა შეთავაზეს, რაზეც, როგორც ფერაძე ამბობს, საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა.
“ამის შემდეგ დამიბარეს ზესტაფონის ტელევიზიაში და სანამ გამათავისუფლებდა, ტელევიზიის ერთ–ერთმა მფლობელმა და დირექტორმა მარინა ჯუღელმა მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა, შევხვდი თუ არა “მე–9 არხის” თანამშრომლებს. როდესაც ვუპასუხე, რომ შევხვდი, მითხრა, რომ სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი”, – აცხადებს შოთა ფერაძე.
“არგო TV”–ის თანამშრომელი ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს:
“ჩვენ არასოდეს არ გვქონდა უფლება, გაგვეშუქებინა ის, რაც ხდება. ყველა სიუჟეტი კონტროლდებოდა და მხოლოდ იმას ვუშვებდით, რაც ამ ხელისუფლებას აწყობს. ზეწოლა იყო იმის გაშუქებაზეც კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოფისი გახსნა. ძლივს მოვახერხეთ გაგვეშვა ეს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. მხოლოდ ორი სიტყვით ვამბობდით, რომ ოფისი გაიხსნა”, – ამბობს შოთა ფერაძე.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “არგო TV”–ის დირექტორს მარინა ჯუღელს. მან თავდაპირველად შოთა ფერაძის გათავისუფლება უარყო და განაცხადა, რომ ის შვებულებაში იმყოფება:
“მე ის ფაქტები არც ვიცოდი, ჰქონდა თუ არა მას მოლაპარაკება “მე–9 არხთან”. ის შვებულებაშია და როდესაც შვებულება დაუმთავრდება, შემდეგ დაველაპარაკები”, – განაცხადა მარინა ჯუღელმა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შოთა ფერაძეს ესაუბრა, – “ვესაუბრე და ვუთხარი – უნდა ჩვენთან დარჩენა თუ არა? ვუთხარი: შოთა, ან ჩემთან უნდა იყოთ, ან სხვა ტელევიზიაში. მას დაუწერია განცხადება და წასულა, მაგრამ განაცხადი ჯერ არ დაკმაყოფილებულა”.
მარინა ჯუღელმა ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიაზე ზეწოლის ფაქტებიც უარყო:
“არანაირი ზეწოლის ფაქტს არ ვადასტურებ, მსგავსი არაფერი არ ხდება ჩვენთან. ჩვენ ერთადერთი ტელევიზია ვიყავით მთელ დასავლეთ საქართველოში, ვინც ივანიშვილის ოფისის გახსნაზე სიუჟეტი გააკეთა”, – განაცხადა მარინა ჯუღელმა.