საზოგადოება

Unicef: საბავშვო ბაღებში ჰიგიენის საკითხები გასაუმჯობესებელია

25 აპრილი, 2012 •
Unicef: საბავშვო ბაღებში ჰიგიენის საკითხები გასაუმჯობესებელია
დღეს, პარლამენტში Unicef-ის კვლევის პრეზენტაცია შედგა, თემაზე – “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშვო ბაღებში”.

Unicef-ის წარმომადგენლების განცხადებით კვლევისას მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოზე მორგებული მეთოდოლოგია იყო გამოყენებული, რომელიც Unicef-მა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა.

კვლევის შედეგები საზოგადოებას გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების სპეციალისტმა თამარ უგულავამ გააცნო.

 

კვლევის პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე. თამარ უგულავას თქმით, ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა: მთელი ქვეყნის მასშტაბით 100%–დან 74%–ის შემთხვევაში არაადაპტირებულია ტუალეტი, ხოლო 65%–ის შემთხვევაში არ არის ადაპტირებული ხელის დასაბანი ნიჟარა:

“თუმცა ხელის დასაბანი ნიჟარა ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია. არსებობს სტანდარტები, თუ რა სიმაღლეზე უნდა იყოს ნიჟარა, რაც ჩვენს ბაღებში დაცული არაა და ბავშვები ვერ ახერხებენ ხელის დაბანას აღმზრდელის დახმარების გარეშე”, – განაცხადა თამარ უგულავამ

კვლევის ერთ–ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ ბავშვთა 100% იბანდა ხელს საჭიროების შემთხვევაში, თუმცა Unicef-ი კვლევის ამ ნაწილს ყველაზე სუსტად მიიჩნევს, მათი თქმით, ბავშვებს ხელს სავარაუდოდ ბანდნენ იმიტომ, რომ იქ იმყოფებოდა ზედამხედველი, რადგან შეუძლებელია ისეთ არადამაკმაყოფილებელ პირობებში, როცა ხშირ შემთხვევაში საპირფარეშო და ტუალეტი ძალიან შორსაა ერთმანეთისგან, ბავშვები ყოველთვის ახერხებდნენ ხელების დაბანას.

მოხსენებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნია გიუაშვილმაც გააკეთა. მათი ინფორმაციით, 5 წლამდე ბავშვთა ავადობის 30% და სიკვდილიანობის 14% სწორედ გარემოს და მათ შორის წყლის საზიანო ზემოქმედებითაა განპირობებული.

შენობის გარეთ განთავსებულ ტუალეტებთან დაკავშირებით კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა:

“სანიტარული წესები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, საერთოდ არ ცნობს შენობის გარეთ განთავსებულ სანიტარულ კვანძებს”.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ჰიგიენურ სწავლებასა და უნარების ჩამოყალიბებაზე, ასევე პერსონალის გადამზადებაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის მაია ყუფარაძის განცხადებით პედაგოგებს არ აქვთ სათანადო ცოდნა იმისათვის, რომ ბავშვს ჰიგიენური ქცევა შეასწავლონ.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი უძღვებოდა:

“ის პრობლემები, რაც დღეს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს პრიორიტეტი იყო სკოლები, მომავალ წელს გაცილებით მასშტაბური ღონისძიებები დაიწყება სკოლამდელ დაწესებულებებშიც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრი პრობლემა, რაც დღეს კვლევამ დაგვანახა, მომავალში მოიხსნება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ რიგი საკითხების გავლა აუცილებლად მოხდება შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი