24 აპრილს, 17:00 საათზე “100 გრადუსი ცელსიუსის” ბოლო გადაცემა ერთდროულად გააპროტესტეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზისა და საპატრიარქოს წინ.
დიდი საკონცერტო დარბაზის წინ შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ის ახალგაზრდები, ვისი ფოტოებიც გადაცემაში ნებართვის გარეშე გამოიყენეს, ასევე იყვნენ იმათი მშობლებიც, ვისაც გადაცემასთან უშუალო შეხება არ ჰქონია, მაგრამ მომდევნო დღეებში საკუთარი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო პრობლემები შეექმნათ.
მშობლები აცხადებენ, რომ დაუშვებელია მათი შვილების სატანისტებად მოხსენიება, ისინი ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ნოდარ მელაძემ გადაცემისთვის რეიტინგის ასაწევად ფაქტები განგებ დაამახინჯა.
აქციას ცხოველთა დამცველებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, თემურ ლაჭყეპიანი აცხადებდა, რომ გადაცემის ავტორებს გასული კადრების გამო პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ:
“ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, შეისწავლოს ფაქტი და პასუხი მოთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას იღებდა კატის მკვლელობაში. როგორც ვიცით, ეს ფაქტი არასრულწლოვნების თვალწინ მოხდა, ვინაიდან არსებობს დოკუმენტური მასალა, ფაქტია, რომ ამას ოპერატორიც უყურებდა და არანაირი რეაგირება არ ჰქონია, რაც მას დანაშაულის თანამონაწილედ ხდის”, – აცხადებდა თემურ ლაჭყეპიანი.
მოგვიანებით დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის დაახლოებით 30-მდე მონაწილემ ტელეკომპანია “იმედის” წინ გადაინაცვლა.
ტელეკომპანიის ეზოში ის ადამიანებიც მივიდნენ, ვინც აქციას საპატრიარქოსთან მართავდა:
“ჩვენ მოვითხოვეთ პატრიარქთან შეხვედრა, თუმცა დღეს ვერ მოხერხდა, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად შეგვახვედრებენ და აუცილებლად მოვთხოვთ ამ ფაქტზე რეაგირებას”, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი მთვარისა ქაჯაია.
“იმედთან” აქციის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში გადაცემის წამყვან ნოდარ მელაძესთან შესახვედრად რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს. მიუხედავად მოთხოვნისა, რომ მელაძესთან ის ადამიანები შეეხვედრებინათ, ვინც ეთერში გასული ფოტო-მასალის გამო დაზარალდა, შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის აქციის ორგანიზატორი, 15 წლის ნიკა მელაძე შეიყვანეს.
მოლაპარაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შენობიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ ნოდარ მელაძეს თავი დამნაშავედ არ მიაჩნია და ყველა ფოტო კანონის დაცვით გაშუქდა. ცხოველთა დამცველს კი განუცხადეს, რომ კატა არ მომკვდარა, კადრები მხოლოდ გადაცემისთვის გადაიღეს და სანერვიულო არაფერი ჰქონდა.
იმ დროის განმავლობაში, სანამ ტელეკომპანია “იმედის” წინ აქცია მიმდინარეობდა, გზის მოპირდაპირე მხარეს დაბურულმინებიანი “შკოდას” ტიპის ავტომანქანა იდგა, რომელიც ადგილიდან არ დაძრულა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც შემდგომ პატრულმა დაგვიდასტურა, გზის იმ მონაკვეთზე მანქანის გაჩერება აკრძალულია.
იმის გამო, რომ გაჩერებულმა მანქანამ ეჭვი აღძრა, პატრულის ეკიპაჟის გამოძახება ასოციაცია “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით-მიხეილ შუბლაძემ გადაწყვიტა.
ეკიპაჟის მოსვლისთანავე დაბურულშუშებიანმა მანქანამ ტერიტორია სწრაფად დატოვა, თუმცა პატრულს მისი შეჩერება არ უცდია.