საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტები რეგიონებში და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები იყო ის ორი მთავარი თემა, რომლებიც საქართველოს სატელევიზო არხებმა ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით პერიოდში: გაშუქების ინტენსივობის მიხედვით, პირველი თემები ერთნაირი აღმოჩნდა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „რეალTV“-ს საინფორმაციო პროგრამებისთვის, მეორე მხრივ კი – „მაესტროსთვის“ და „კავკასიისთვის“.
ასეთი სურათი აჩვენა “ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევამ”, რომელიც “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა”, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელა.
კვლევის შესაბამისად, აღნიშულ პერიოდში ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „რეალ TV“-ის – მთავარ საინფორმაციო პროგრამებში პრეზიდენტის ვიზიტები რეგიონებში ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემა აღმოჩნდა. ხოლო „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ეთერში – ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები.
რაც შეეხება გაშუქების ინტენსივობის მხრივ რიგით მეორე თემას, კვლევის მიხედვით, ასეთი – “მაესტროს” შემთხვევაში მედიაზე ზეწოლაა, „რეალ TV“-ისთვის – ივანიშვილის პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, „კავკასიისთვის“ – საკანონმდებლო ცვლილებები, „რუსთავი 2“-ისთვის – მალაიზიაში დაპატიმრებული ქართველები, ტელეკომპანია “იმედმა” თანაბარი ინტენსივობით გააშუქა მეორე და მესამე მნიშვნელოვანი თემა – რუსეთის შიდა პოლიტიკა და ქართველები რუსეთში, ხოლო “საზოგადოებრივი მაუწყებელი” რუსეთის შიდა პოლიტიკას და მერიის აქტივობას აშუქებდა, როგორც მეორე და მესამე მნიშვნელოვან თემას.
კვლევის მეორე ეტაპზე, 2012 წლის 18-21 აპრილს, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA),
“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” დაკვეთით, ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში. სულ გამოიკითხა 400 რესპონდენტი თბილისის ათივე ადმინისტრაციულ რაიონში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
შეკითხვაზე – „2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით საქართველოს სატელევიზო არხებმა ძირითადად ორი თემა გააშუქეს: 1. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტები რეგიონებში და 2. ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები. გთხოვთ, დაალაგოთ აღნიშნული თემები იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი თქვენთვის. პირველ რიგში მნიშვნელოვან თემას მიანიჭეთ ქულა 1, ხოლო მეორე რიგში მნიშვნელოვანს – ქულა 2“ – გამოკითხულთა 42% უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, ხოლო 39.2% – პრეზიდენტ სააკაშვილის რეგიონებში ვიზიტებს.
თბილისში საზოგადოების აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესახებაც ისურვებდნენ გამოკითხულები მედიისგან ინფორმაციის მიღებას:
1. საარჩევნო პროგრამები, მათი გაშუქება (13.2%);
2. წინასაარჩევნო პროცესის და თვით საარჩევნო პროცესის ობიექტური გაშუქება, რათა არჩევნები გამჭვირვალედ
მიმდინარეობდეს (10.3%);
3. სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დაზღვევა (8.6%);
4. დასაქმება (7.5%).
კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგი სახით: „2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. მოსალოდნელია, რომ
ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები კონკურენტული იქნება, ხოლო არჩევნების შედეგები – ქვეყნისთვის
მნიშვნელოვანი. ახლა შეგეკითხებით არჩევნებთან დაკავშირებით, რომელი თემების შესახებ გსურთ ინფორმაციის
მიღება მედიასაშუალებებით?“
“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” ანალოგიური კვლევის შედეგებს ყოველ ორ კვირაში გამოაქვეყნებს. პროექტის შინაარსი გულისხმობს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით 7 ტელეკომპანიის (“რუსთავი 2”, “იმედი”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “რეალ ტვ”, “კავკასია”, “მაესტრო”, “მე-9 არხი”) მთავარი საინფორმაციო პროგრამის მონიტორინგს. მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდება თითოეული ტელეკომპანიის მხრიდან საზოგდოებისთვის ყოველი ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად მიწოდებული (ანუ „მკვრივი“) თემა.
„მკვრივი“ თემების გამოვლენისთანავე მოხდება ამ თემების რანჟირება თბილისში რეპრეზენტაციულად შერჩეული 400 რესპონდენტის მიერ.
“ეს საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ ორი სურათი: რას აწოდებს მოსახლეობას ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ინტენსიურ თემად ესა თუ ის ტელევიზია და რას ირჩევს მნიშვნელოვან თემებად თბილისის მოსახლეობა”, – აცხადებენ “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში”.