საზოგადოება

სიძულვილი და რეაქცია

3 აპრილი, 2012 •
სიძულვილი და რეაქცია

უფლებადამცველთა ნაწილი ფაშიზმს უწოდებს  ბათუმში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მურმან დუმბაძის  გამონათქვამს “გენით ქართველი არ არის” , ნაწილი კი ამ თემაზე ყურადღების მიპყრობას  საჭიროდ არ მიიჩნევს.

31 მარტს მურმან დუმბაძემ  ტელეარხ 25-ის  პირდაპირ ეთერში,  “ობიექტივის” ჟურნალისტ  ირმა ინაშვილის გადაცემაში  “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი მასალკინზე შემდეგი განცხადებები გააკეთა:  

“გიორგი მასალკინი არ არის  გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის?  … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.

დუმბაძის ამ სიტყვებს წინ უსწრებდა გიორგი მასალკინის სატელეფონო ზარი გადაცემაში. პოლემიკა სატელევიზიო ეთერით მურმან დუმბაძესა და გია  მასალკინს შორის  31 მარტის საპროტესტო აქციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის გამო გაიმართა (მურმან დუმბაძე ამტკიცებდა, რომ აქციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება“, საპირისპიროს ამბობდა გია მასალკინი, რომელიც ასევე  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია).

გია მასალკინი ამბობს, რომ ამ გადაცემის შემდეგ დედამისს სასწარაფო დახმარების მანქანის გამოძახება დასჭირდა.  თავად კი საზოგადოების რეაქციას ელოდა:

“ბუნებრივია, მაინტერესებს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კიდევ ბევრის შეფასება ამ ფაქტის გამო“.

დღემდე არც ერთი უფლებადაცვით ორგანიზაცია დუმბაძის ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.

”პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება ჩვენს კანონში არ წერია,” – განმარტავს ომბუდსმენის  აპარატის პრესსამსახურის უფროსი ნინო რემაშვილი, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა,  რომ მომხდარზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში განცხადებას არ გააკეთებს.

კომენტარი არც ყოფილმა  ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა გააკეთა. ის  ამჟამად კოალიცია ”ქართულ ოცნების” უფლებადამცველია. სუბარის  განმარტებით,  ”ქართული ოცნების” ერთიანი განცხადების გაკეთებამდე  მომხდარზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ქართულ ოცნებაში” დუმბაძის განცხადებას რეაქცია არ მოჰყოლია. ნეტგაზეთმა კოალიციის პრესსპიკერს 2 აპრილს ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხა ამ თემასთან დაკავშირებით, რაზედაც ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ “ძალიან ცუდია, როცა ასეთი განცხადებები ტელევიზიის ეთერით კეთდება”.  ექნება თუ არა რეაგირება კოალიციას ამ საკითხზე და და თუ ექნება, როგორი, – ამის გარკვევა ნეტგაზეთმა დღესაც სცადა, თუმცა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია დუმბაძის ეს განცხადება და ამ თემაზე “ქართულ ოცნებას” პოზიცია არ აქვს.

ფანჯიკიძის თქმით, დუმბაძე კოალიციის წევრია და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს “ქართული ოცნების” საქმიანობაში აჭარაში.

დუმბაძის განცხადებები უცნობი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისთვის. მას შემდეგ, რაც ”ნეტგაზეთმა” კითხვის დასმისას ივანიშვილს მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი გააცნო, ივანიშვილმა განაცხდა, რომ მომხდარს გაარკვევს და შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს.

მურმან დუმბაძის არაერთი ქსენოფობური გამონათქვამი ახსოვს მის ყოფილ თანაგუნდელსა და რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს.
ერთი წლის წინ სწორედ ქსენოფბური განცხადებები გახდა დუმბაძის რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხვის მიზეზი. თუმცა ხიდაშელი დღეს ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციის ფარგლებში ამ საკითხზე რეაგირებას არ მოითხოვს, ვინიდან ეს არის არა კოალიციის, არამედ დუმბაძის პირადი პრობლემა.

”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დუმბაძე ამგვარ განცხადებას აკეთებს გია მასალკინის მიმართ.  როგორც ჩანს, მას რაღაც პრობლემა აქვს, ამ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს და სხვების შეურაცხყოფაზე გადადის. მან უნდა მოიხადოს ბოდიში ისევე საჯაროდ, როგორ საჯაროდაც მიაყენა შეურაცხყოფა”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი და პოლიტილოგი პაატა ზაქარეიშვილი მურმან დუმბაძის ნათქვამს რასისტულად მიიჩნევს.

”დღემდე ძალიან მწყედებოდა გული, რომ მურმანი ვერ შევინარჩუნეთ რესპუბლიკურ პარტიაში, თუმცა დღეს უკვე არ ვთვლი ასე. მის გამონათქვამს  უნდა მოყვეს საზოგადოებიდან შესაბამისი რეაგირება და გაკიცხვა, თუმცა, სავარაუდოდ, ამ გამონათქვამსაც ისეთივე რეაქცია ექნება, როგორც პრეზიდენტის ქსენოფობურ გამონათქვამებს”, – განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.  

უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილისათვის, უპრიველეს ყოვლისა, გაუგებარია ქართული გენის იდეა და ამ გამონათქვამს აფასებს როგორც ”ფაშისტური იდიომს” – რომელიც ადამიანურ უმეცრებაზე მეტყველებს.

”ეს არის ბლაგვი, ჩლუნგი ფაშიზმი, რასაც ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს მისი ყოფილი თანაპარტიელების და იმ მოძრაობიდანაც, რომელშიც იმყოფება. თავმოყვარე ლიბერალური ღირებულებების მქონე ორგანიზაციამ საკუთარი რიგებიდან უნდა გარიცხოს ასეთი წარმომადგენელი. დუმბაძე ასევე აღვივებს შეუწყნარებლობას ისლამის მიმართ. ამგვარი პოლიტიკოსების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს”, – აცხადებს ბექა მინდიაშვილი და იმედოვნებს,  რომ დუმბაძის განცხადებებზე საზოგადოების მხრიდან ისეთივე რეაქცია იქნება, როგორიც იყო  რობერტ სტურუას შემთხვევაში.

”ეს არის ფაშისტური განცხდებაა. ეს გამონათქვამი იმავე მესიჯს ატარებს, რაც თავის დროზე ჰქონდა ჰიტლერს. ეს არის ეგრეთ წოდებული ფსევდოპატრიოტიზმის გამოვლინება. ამ გამონათქვამში არ იგულისხმება მხოლოდ მასალკინი – ეთნიკურად არაქართველებზეა საუბარი ,” – ამბობს “მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი.

სტეპანიანი ამბობს, რომ თუკი  კოალიცია “ ქართული ონება”  მიიღებს პარტიის წოდებას, მსგავსი ქსენოფობური განცხადებების გაკეთების შემთხვევაში “მრავალეროვანი საქართველო” ჯერ გაფრთხილებას მისცემს ასეთ პოლიტიკოსს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მოუწოდებს საზოგადოებას, მხარი არ დაუჭიროს ქსენოფობური გამონათქვამების ავტორს და იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე მურმან დუმბაძის გამონათქვამს ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით აფასებს და აკვალიფიცირებს როგორც სიძულვილის ენას.

”როცა ადამიანის წარმოშობა ხდება პოლიტიკური განსჯის საგანი, როგორც რაღაც პრობლემის მიზეზი, ეს ადამიანის ევროპული პრეცედენტული სასმართლოს მიხედვით მიჩნეულია სიძულვილის ენად. ამგვარ გამონათქვამებზე არ ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლი – გამოხატვის თავისუფლება.”

ქართული კანონმდებლობით, ამგვარი გამონათქვამები არ არის დასჯადი, თუმცა აზრით დაუშვებელია ამგვარი გამონათქვამების გამოყენება, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მხრიდან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “მრავალეროვან საქართველოსთან” ერთად ხვალ, 12 საათზე განცხადების გაკეთებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი