ბათუმის “25-ე არხის” თვითრეგულირების კომისიამ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის ორი მოთხოვნა სრულად, ხოლო ერთი – ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საჩივარი შეეხებოდა “ობიექტივის” 9 მარტის გადაცემას, რომელიც “25-ე არხით” გადაიცა და რითაც, როგორც ქორიძემ მიიჩნია, დაირღვა “მაუწყებლობის ქცევის კოდექსის” მე-17 მუხლი. აღნიშნული გადაცემა ეძღვნებოდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს და ბათუმის „პრესკაფეში“ ამავე თემაზე გამართულ დისკუსიას, რომელსაც მოდერირებას უწევდა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძის მოთხოვნა, რომ გადაცემის შედეგად “საზოგადოებას არ მიეწოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი”, თვითრეგულირების კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კომისიამ მიიჩნია, რომ მართალია, მედიაკავშირი “ობიექტივი” შეეცადა გადაცემის სტუმრისგან განსხვავებული მოსაზრების მქონე პირისგან (ამ შემთხვევაში ზვიად ქორიძისგან) სატელეფონო კომენტარის მოპოვებას, საბოლოო ჯამში, მაინც ვერ იქნა უზრუნველყოფილი გადაცემაში მოსაზრებათა ფართო სპექტრის მიწოდება მაყურებლისადმი.
ზვიად ქორიძის მოთხოვნები, რომ გადაცემაში მოხდა მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტირება და საავტორო პროგრამის წამყვანი ირმა ინაშვილი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რითაც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა, კომისიამ სრულად დააკმაყოფილა.
ქორიძე საჩივარში მიუთითებდა, რომ გადაცემის წამყვანმა ირმა ინაშვილმა ამოჭრილად და კონტექსტის დარღვევით მოახდინა მისი მოსაზრებების ციტირება:
„ცალკეული მეჩეთის აშენებით თურქეთი ვერ განახორციელებს ექსპანსიურ პოლიტიკას“, რასაც თან მოჰყვა წამყვანისა და გადაცემის სტუმრის (სოსო მანჯავიძე) განმარტება, რომ ეს არის ბრძოლა “ფასეულობებსა და ფასეულობის არქონას შორის“. აქვე განაცხადა ბატონმა მანჯავიძემ, რომ იგი ასეთ ლიბერალებს „ლიბერასტებს“ და „მანქურთებს“ ეძახის… ხოლო გადაცემის წამყვანი, იმის ნაცვლად, რომ შეინარჩუნოს მიუკერძობლოება და ობიექტურობა, აძლიერებს ამ სუბიექტურ შეფასებებს“.
თვითრეგულირების კომისიამ “25-ე არხი” დაავალდებულა, ეთერში გაუშვას უარყოფის განცხადება შემდეგი სახით:
“2012 წლის 9 მარტს, 00 საათზე, “25-ე არხის” ეთერში მედიაკავშირ “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდიის” მიმდინარეობის დროს, რომელიც ეძღვნებოდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემას და ბათუმის პრესკაფეში ამავე თემაზე გამართულ დისკუსიას, მოხდა ზვიად ქორიძის მოსაზრებათა არასწორი ინტერპრეტაცია. გადაცემის წამყვანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რითაც მან ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა”.
თვითრეგულირების კომისია სამი წევრისგან შედგება, ერთმა მათგანმა გიორგი სურმანიძემ კენჭისყრის დროს გამოხატა განსხვავებული აზრი და მხარი არ დაუჭირა საჩივარში დასახელებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
“ობიექტივის” გადაცემები “25-ე არხის” ეთერით გასული წლის სექტემბრიდან გადაიცემა, ამავე პერიოდიდან არხმა თანამგზავრზე დაიწყო მაუწყებლობა.