საზოგადოება

ნოვრუზ ბაირამი მარნეულში [VIDEO]

21 მარტი, 2012 • 1479
ნოვრუზ ბაირამი მარნეულში [VIDEO]

მარნეულში ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.

მარნეულში  სხვადასხვა სოფლიდან ეთნიკური აზერბაიჯანელები მიკროავტობუსებით იმ ღონისძიების დასასწრებად ჩავიდნენ, რომელიც დღეს, 21 მარტს მარნეულის ცენტრში გაიმართა.

დღესასწაული მარნეულში ღია ცის ქვეშ გაშლილი სუფრებით და კონცერტით აღინიშნა. კონცერტზე აზერბაიჯანში მოღვაწე მომღერალმა, მანანა ჯაფარიძემ იმღერა.

შეკრებილი საზოგადოება ღონისძიებებზე საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდა თუმცა, მარნეულში მხოლოდ შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ჩავიდნენ.

მიხეილ სააკაშვილის მილოცვა ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდა.

“ნოვრუზ ბაირამი ჩემთვის ისეთივე ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება,”-ნათქვამია პრეზინდეტის მილოცვაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

დღესასწაული, რომელიც 20 -დან 24 მარტამდე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი