ტელეკომპანია “იმედის” თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი გადაცემა “ქალური ლოგიკის” შეწყვეტის, ან მისი შინაარსის იმდაგვარად შეცვლის მოთხოვნით შევიდა, რომ გადაცემა შესაბამისობაში მოვიდეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან.
“დღემდე გასული სამი გადაცემის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ გადაცემაში რამდენადაც ხაზი არის გასმული მოწვეული გოგონების მიმზიდველობასა და სექსუალურობაზე, იმდენად ისინი წარმოჩენილები არიან, როგორც სუსტი და უვიცი არსებები, რომელთა გონებრივ შესაძლებლობებსაც მამაკაცები ზომავენ,”– აღნიშნულია საჩივარში
საჩივრის ავტორთა თქმით, ტელეკომპანია “იმედის” მიერ გადაცემის “ქალური ლოგიკის” ეთერში გაშვება ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამაუწყებლო პრინციპით: სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება, განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა. ქალის სტერეოტიპული იმიჯის გამყარება არანაირად არ შედის ქალების, როგორც სოციალური ჯგუფის ინტერესში.
ამავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
“იმ ფონზე, როცა ქართული სატელევიზიო რეკლამის უმეტესი ნაწილი ქალს, როგორც დიასახლისს და მამაკაცზე დამოკიდებულს წარმოაჩენს, ქართული ჟურნალისტიკის ენა კი (ეს იქნება ახალი ამბების გაშუქება თუ თოქ შოუები), არა თუ გენდერულად სენსიტიური არ არის, არამედ გაჯერებულია სექსიზმით, ასეთი გასართობი პროგრამა კიდევ უფრო გაამყარებს სოციალურ ცრურწმენებსა და უთანასწორობას,“ – ნათქვამია საჩივარში.
ასევე, ქცევის კოდექსის 33.3 მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.
საჩივარზე ხელმომწერთა აზრით, ტელეკომპანია “იმედს” მამაკაცების და ქალების ტრადიციული, სტერეოტიპული როლების ასახვის ნაცვლად, შეუძლია თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი და სერიოზული გავლენა მოახდინოს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომ მათ ქალის დისკრიმინაციის სამწუხარო პრაქტიკა ნორმად არ ჩათვალონ.
საჩივრის ავტორთა აზრით, გადაცემა “ქალური ლოგიკა” არა მხოლოდ ქცევის კოდექსს, ასევე, მაუწყებლობის შესახებ საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. კანონის 3.2 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. საქართველოს, ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო აქტებთან ერთად, ხელი მოწერილი აქვს “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაზე”. აღნიშნული კონვენცია კი ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს, ებრძოლოს გენდერულ სტერეოტიპებს. კერძოდ, მე-5 მუხლის ა პუნქტის თანახმად:
“[მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა] შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას, ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას.
გადაცემა “ქალური ლოგიკა” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 2012 წლის 4 მარტიდან გადის. გადაცემის ანოტაციის თანახმად: “ქალური ლოგიკა” ჰოლანდიური პროექტია, რომელიც მრავალ ქვეყანაში კეთდება და პოპულარობით სარგებლობს. გადაცემა არის ” გეიმ-შოუ”, რომელშიც მამაკაცები ცდილობენ სწორად გამოიცნონ ქალების პასუხები დასმულ კითხვებზე. მასში მონაწილეობს 6 მამაკაცი და 6 უცნობი გოგონა. მამაკაცები დაყოფილნი არიან 3 გუნდად. თითოეულ გუნდში არის ერთი ცნობილი ადამიანი და ერთი მისი მეგობარი. გოგონები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, შემდეგ კი იმავე შეკითხვებს მამაკაცებს უსვამენ, მათ არ მოეთხოვებათ სწორი პასუხი, უბრალოდ უნდა გამოიცნონ, როგორი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე გოგონებმა. ფინალურ ეტაპზე გადის მამაკაცების მხოლოდ ერთი გუნდი. გადაცემა ძალიან აზარტული და სახალისოა, რადგან გოგონები კითხვებზე პასუხისას ხშირად სასაცილოდ და პარადოქსულად მსჯელობენ, მამაკაცები კი ცდილობენ ჩაწვდნენ ქალურ ლოგიკას.”
საჩივარს ხელს აწერენს “მედია კლუბის”, ჟურნალისტური ეთიკის ქარტის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.