საზოგადოება

დაუსრულებელი მიგრაცია სამშობლოს ძიებაში [Video]

16 მარტი, 2012 •
დაუსრულებელი მიგრაცია სამშობლოს ძიებაში [Video]

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 400 ათასამდე დეპორტირებული მესხიდან, მხოლოდ 5841 განაცხადი შევიდა საქართველოს  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად. შესაბამისი სტატუსი კი მხოლომ 300-მდე მათგანს მიენიჭა.

„ნატურალიზაციის პროცესი მესხებისთვის ძალზე ბიუროკრატიზირებული, რთული და ხარჯიანი  აღმოჩნდა. სახელწიფოს არ გამოუჩენია მაქსიმალური ძალისხმევა მიგრანტების დაინტერესებაში, არ მომხდარა ხელშეწყობა დოკუმენტაციის შეგროვების პროცესში, არავინ დაინტერესებულა მათი სოციალიზაციით. ბუნებრივია, ყოველივე ამან ძალიან შეამცირა საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე მესხების რაოდენობა,“ – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი, “კულტურულ ურთიერთობათა სახლის” პროექტის ხელმძღვანელი.

სსრკ თავდაცვის კომიტეტის #6279 დადგენილების საფუძველზე, საქართველოდან 1944 წელს მასობრივად დეპორტირებული მესხების 12 წლის განმავლობაში უკან დაბრუნების ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ 1999 წელს აიღო ევროსაბჭოს წინაშე.

აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე, 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა ,,XX საუკუნის 40-ან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონი მიიღო.

„კანონი რეპატრიანტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საქართველოს მოქალაქის თანაფარდი სტატუსი, რის შემდეგაც მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ კერძო საკუთრება, იქონიონ მიწერა საცხოვრებელ მისამართზე და ა.შ.” – განმარტავს ტატო მახაჭაშვილი, მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია „ტოლერანტის“ თბილისის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებრივი ადვოკატი.

კანონში ვრცელი ჩამონათვალია იმ დოკუმენტებისა, რაც აუცილებელია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა კანონის მიღების შემდეგ, 2008-09 წლებში, მაჰმადიანმა მესხებმა ამ დოკუმენტების წარდგენის გარეშე დაიწყეს საქართველოში დაბრუნება. ამის გამო შექმნილი სამართლებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანს უკან დაბრუნება მოუხდა, ისევე როგორც მაჰმად რაჰიმოვის ოჯახს. რაჰიმოვები აზერბაიჯანიდან საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ სტატუსი ვერ მოიპოვეს, საქართველოში ქონების შეძენა ვერ მოახერხეს და მოგვიანებით უკანვე დაბრუნდნენ.

კანონის მოთხოვნების გარეშე დაბრუნებული მესხების ნაწილი საქართველოში დღემდე რჩება. ნარგიზა სულეიმანოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვიდა. ის ახლა, ოჯახთან ერთად, ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდება იმის გამო, რომ რეპატრიანტის სტატუსი ვერ მოიპოვა:

“ჩვენი სამშობლოა საქართველო და ამიტომ დავბრუნდით. ჩამოვედით, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს აქ და არ ვიცით, მათ როგორ გავუმკლავდეთ. მე სტატუსი არ მაქვს. რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ 2 წელია გვეუბნებიან, რომ უნდა მოვიცადოთ და კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, არ ვიცით,” – ამბობს ნარგიზა სულეიმანოვა.

სტატუსის მიღება ვერც გოვჰაროვების ოჯახის წევრებმა მოახერხეს. ზანა 6 წლის იყო, როცა საქართველოდან გადაასახლეს: 

“შუაღამით, ვიწექით და მაშინ მოვიდნენ უცხო კაცები, შემოვიდნენ და დრო მოგვცეს, რამდენ ხანშიც  სახლი უნდა დაგვეტოვებინა, ავიყარეთ მთელი ოჯახი და წავედით,  არავინ იცოდა, სად მივდიოდით“, – იხსენებს ის.

ზანა, ოჯახთან ერთად, საქართველოში 2009 წელს დაბრუნდა, თუმცა ისე, რომ სტატუსი ამ დრომდე არც ერთ მათგანს აქვს. ზანას მეუღლე, 73 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი უკვე ერთი წელია არ უნახავს. ის აზერბაიჯანში გასული წლის თებერვალში წავიდა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების დარღვევის გამო. იმისათვის, რომ დაბრუნდეს, აუცილებელია, რომ რეპატრიანტის სტატუსი მოიპოვოს.

“სტატუსი ისეთ ადამიანებს მიანიჭეს, რომლებიც აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ კი აქ, საქართველოში ვცხოვრობთ და სტატუსს ვერ ვიღებთ. ჩვენი ნათესავები აქ არასოდეს ჩამოვლენ, რადგან იციან, რომ ჩვენ, აქ, როგორც ციხეში, ისე ვართ,” – ამბობს გოვჰაროვების რძალი, ფავზია გოვჰაროვა. 

რატომ ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ან დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხები რეპატრიანტის სტატუსის მიღებას? – ასოციაცია „ტოლერანტის“ თბილისის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებრივი ადვოკატი ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კერძოდ, თავად მესხების არაინფორმირებულობა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა და არასათანადოდ შერჩეული საკომუნიკაციო ენა – საბუთების ჩამონათვალი, რაც აუცილებელი იყო რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად, შედგენილი გახლდათ ინგლისურ და ქართულ ენაზე მაშინ, როცა მაჰმადიანი მესხების უმრავლესობისთვის ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოში განმარტავენ, რომ პრობლემები აპლიკანტი მესხების საბუთებში ხარვეზებმა შექმნა. სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტთა ნახევარზე მეტს საბუთები ხარვეზებით აქვს წარდგენილი.
“არ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგრამ გამოსასწორებელია”, – აცხადებენ სამინისტროში, სადაც საბუთების მიღება 2010 წლის 1 იანვარს დაასრულეს.

სამცხე-ჯავახეთში, საიდანაც 1944 წლის ნოემბერში 80 ათასამდე მესხი გაასახლეს, ამჟამად 133 მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს. 54 მათგანს რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა,  განსახლებისა და  ლტოლვილთა სამინისტროში  აქვს შეტანილი საბუთები, თუმცა სტატუსი მხოლოდ ხუთმა მიიღო.

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირს ორწლიანი ვადა ეძლევა იმისათვის, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების თაობაზე.

სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული პროგრამები, რომლის საშუალებითაც რეპატრიანტებს  საქართველოში ცხოვრება გაუადვილდებათ მანამ, სანამ მოქალაქეობას მიღებენ. რეპატრიანტის სტატუსი არ ითვალისწინებს რაიმე დახმარების გაცემას ან შეღავათებს, რეპატრიანტები ვერ იღებენ პენსიას და ვერ სარგებლობენ სოციალური დახმარებით. სახელმწიფო არ აფინანსებს რეპატრიანტი მოსწავლეების სასწავლო ვაუჩერს ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაში.

მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ესეც განაპირობებს იმას, თუ რატომ შევიდა მხოლოდ 5841 განაცხადი საქართველოს  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად. აშშ-ში, სადაც 12 ათასამდე მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს, ისინი მიეკუთვნებიან  “განსაკუთრებული ჰუმანიტარული ზრუნვის  საჭიროების” ლტოლვილებს, რაც ბევრ შეღავათებსა და დახმარებებს ითვალისწინებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 400 000-მდე მესხი ცხოვრობს, აქედან ყველაზე მეტი –  ყაზახეთში (137 000), აზერბაიჯანსა (100 000) და რუსეთის ფედერაციაშია (75 000). 35 ათასი მესხი თურქეთში ცხოვრობს, 33 ათასი – ყირგიზეთში, 20 ათასი – უზბეკეთში, 12 ათასი – აშშ-ში, 10 ათასი – უკრაინაში.

საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად ყველაზე მეტი, 5 389 განაცხადი ,აზერბაიჯანში მცხოვრებმა მესხებმა შეიტანეს, 173 – ყირგიზეთის მოქალაქეებმა, 144 – თურქეთის მოქალაქეებმა და ა.შ. 

ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის პროცესი 2012 წელს დასრულდება.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი