თბილისში 100-მდე მოსწავლე თითქმის თვენახევარია, რაც სკოლაში არ დადის.
მას შემდეგ, რაც თბილისის 193-ე საჯარო სკოლა, სადაც ლოგოპედური პრობლემების მქონე მოსწავლეები ირიცხებოდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაიხურა, სკოლის 144 მოსწავლე შესაბამისი განათლების გარეშე დარჩა.
დიმიტრი შაშკინის 3 თებერვლის ბრძანებას 193-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები თავიდანვე პროტესტით შეხვდნენ. აღნიშნული ბრძანებით, სამინისტრო მეტყველების პრობლემების მქონე მოსწავლეებს 203-ე საჯარო სკოლაში, სმენითი პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ერთად, სწავლას სთავაზობდა.
ბრძანების გამოცემიდან დაახლოებით ერთ კვირაში სამინისტრომ მშობლებს სპეციალურ კომისიასთან ინდივიდუალური გასაუბრებები დაუნიშნა. კომისიის წევრები, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, მშობლებს თბილისის სხვადასხვა სკოლას სთავაზობდნენ.
გასაუბრებიდან გამოსული მშობლების ნაწილი მაინც უკმაყოფილო იყო, ვინაიდან ასარჩევი სკოლების უმეტესობას ლოგოპედი არ ჰყავდა.
„ჩემს შვილს ცერებრალური დამბლის საფუძველზე მეტყველების პრობლემა ჰქონდა, თუმცა 193-ე სკოლაში, სადაც მეექვსე წელია დადიოდა, იმდენად პროფესიონალი ლოგოპედები მუშაობდნენ, რომ დღეს უკვე ძალიან კარგი შედეგი აქვს. იქამდე ინკლუზიური სწავლებაც ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კლასში 30 მოსწავლე იყო, ჩემს შვილს კი ძალიან უჭირდა მათთან სწავლა და სულ ჩამორჩა პროგრამას,“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და 193-ე სკოლის მშობლები ისევ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ლოგოპედური სკოლის დაბრუნებას ითხოვენ.
“მე არ მინდა კომისიის მიერ შეთავაზებული სკოლები იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი ლოგოპედური სკოლა და ჩემს შვილს სხვა სკოლა არ შეესაბამება. ორი სკოლა შემომთავაზეს, მაგრამ იქ ჩემი შვილი ვერ ისწავლის, სულ სხვა საჭიროების ბავშვები არიან. თითქმის თვენახევარია, ჩემი შვილი სახლში ზის,”- ამბობს თამუნა აბრამიშვილი.
მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების სკოლებში მიღებაზე უარს არც ერთი სკოლა ეუბნება, თუმცა რეალურად სკოლები მზად არ არიან, მათ ადექვატური განათლება მისცენ.
ყოფილი ლოგოპედური სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ლოგოპედი ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ მათი სკოლის კლასებში 8-10 მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო იქ, სადაც კლასში 30-40 ბავშვი ზის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები შესაბამის განათლებას ვერ მიიღებენ.
“ჩემი პირველკლასელი შვილი 67-ე სკოლაში რომ გადაანაწილეს, ბავშვები უკვე “ჯეჯილი ბიბინებს” სწავლობდნენ, ჩემმა შვილმა ასო-ბგერა “ჯ” ჯერ არც იცოდა, 193-ე სკოლაში ასო “რ” -ზე იყვნენ. ვხედავ, რომ ძალიან ჩამორჩება პროგრამას სხვა საგნებშიც. ამის გამო სკოლაში წასვლაც აღარ უნდა,”-ამბობს ერთ–ერთი პირველკლასელის მშობელი.
იმის მიუხედავად, რომ 193-ე სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ოფიციალურად სხვადსხვა სკოლაში ირიცხება, მშობლების თქმით, უმეტესობა არ დადის სკოლაში.
ზაზა გაბუნიას, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრს, რომელიც დღეს, 15 მარტს, ლოგოპედიური სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მივიდა, იმედი აქვს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.
“ორი კვირის წინ ვთხოვეთ სამინისტროს, გადაეხედა ამ გადაწყვეტილებისთვის, თუმცა კომუნიკაცია მათსა და მშობლებს შორის ჯერაც არ შემდგარა. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვითხოვთ სამინისტროსგან, შექმნას ისეთი გარემო, სადაც განათლების გარეშე არ დარჩებიან მოსწავლეები და 22 კვალიფიციური პედაგოგი –სამსახურის გარეშე,”- ამბობს გაბუნია.
დღესვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, 193-ე ლოგოპედიურ სკოლაში მოსწავლეები შესაძლოა, სკოლის შენობის რემონტის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ.
თბილისში, რუსთაველის გამზრიზე, 193-ე საჯარო სკოლის ყოფილი შენობა ამჟამად დაკეტილია და სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ოფიციალურად არაფერია ცნობილი არც იმის შესახებ, ჰყავს თუ არა შენობას ახალი მფლობელი.