ასოციაცია “უსაფრთხო სივრცის” ინფორმაციით, თბილისში ხეების უმეტესობას სოკოვანი დაავადებები აქვს და მძიმე მდგომარეობაშია. “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თქმით კი, გარდა დაავადებული მცენარეებისა, მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემები, ხდება ხეების არასწორად ჭრა, შეწამვლითი სამუშაოების არასწორად წარმოება და სხვა.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს:
“ჩვენ უამრავი წერილი გავგზავნეთ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში წერილებზე არანაირი რეაგირება არ არის. თუ პასუხს ვიღებთ, მასში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური აცხადებს, რომ ყველა სამუშაო ნორმის ფარგლებში სრულდება, მაგრამ რეალურად ამის გადამოწმება არავის შეუძლია, სამუშაოების კონტროლის ისევ და ისევ ეკოლოგიის სამსახურს ევალება და კონტროლის რაიმე სხვა სახელმწიფო მექანიზმი არ არსებობს”, – აცხადებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.
მერია მსგავსი სამუშაოების შესასრულებლად გარკვეულ თანხას ყოველწლიურად გამოყოფს. ასოციაცია “უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ანა გაბრიაძე ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება გამოყოფილი თანხები და რა შედეგებია მოსალოდნელი, ასოციაციამ მერიისგან ვერ მიიღო. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ გარკვეული სამუშაოების ჩატარება საერთოდ არ ხდება:
“ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, თბილისში არსებული ხეების უმეტესობა უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ სოკოვანი დაავადებები დაუდგინდათ. ჩვენ ვიცით, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყოფა, ამიტომ მერიისგან მოვითხოვეთ დასკვნები, თუ რა დაავადებებია დადგენილი, რომ შეგვედარებინა ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებთან, თუმცა მერიიდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ”, – აცხადებს ანა გაბრიაძე, ამის გამო ორგანიზაციამ მერიასთან სასამართლო დავა წამოიწყო.
ანა გაბრიაძე აცხადებს, რომ შესაძლოა სამუშაოები არასწორად ან საერთოდ არ მიმდინარეობდეს:
“ხმელი ტოტების გატანა ზოგიერთ რაიონში საერთოდ არ ვიცი, ხდებოდა თუ არა. მე გლდანში ვცხოვრობ და ამ ტერიტორიას ვაკვირდებოდი. ხმელი ტოტები არავის გაუტანია, ამიტომ ეს დაავადებები შემდეგ გადადის ჯანმრთელ ტოტებზე. შეწამვლითი სამუშაოები, სავარაუდოდ, ტარდება, მაგრამ ამისთვის ზუსტად უნდა იყოს შერჩეული დრო, ზოგჯერ აგვისტოში იწყება ხოლმე ეს სამუშაოები, რასაც აზრი არ აქვს, გინდა შეწამლე, გინდა არა, შეწამვლა უნდა ხდებოდეს მაისში, სპეციალურად შერჩეულ დროს”.
იმისათვის, რომ საკთხით უფრო ფართო საზოგადოება დაინტერესდეს “უსაფრთხო სივრცემ” ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გიორგი ქორქაშვილის სახელზე ღია წერილიც გამოაქვეყნა.
წერილში კვლევის შედეგებთან ერთად ფოტომასალაცაა წარმოდგენილი, რომელზეც დაფიქსირებულაია “ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც შექმნილია თბილისის სხვადასხვა უბნებში“, ასოციაციაში აცხადებენ, რომ წერილი ზემოხსენებულ პირებს მალე პირადადაც გაეგზავნებათ.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ქორქაშვილს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა. მან წერილობით გაგვცა პასუხი და განაცხადა, რომ “სამსახური ყველა სამუშაოს დროულად ახორციელებს, მათ შორის გარემო პირობების შესწავლას, ნიადაგის ქიმიურ კვლევას, განოყიერებით სამუშაოებს და ა.შ”.
გიორგი ქორქაშვილმა განაცხადა, რომ ნარგავების დაზიანებისა და განადგურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ეკისრება, თუმცა მცენარეების მოვლა განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს:
“ნარგავებს სამსახური აგროტექნიკური ნორმების დაცვით უვლის. გამწვანების სამსახურის კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულებით აღებული აქვთ ვალდებულება, რომ რგვების შედეგად დაზიანებული ან გამხმარი მცენარეები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ და შეავსონ. ასე რომ, გამწვანებულ ტერიტორიებს განსაკუთრებულ რეჟიმში ვუვლით”, – განაცხადა გიორგი ქორქაშვილმა.