საზოგადოება

ცნობადობა და ნდობა – გამოწვევა არასამთავრობო სექტორისთვის

7 მარტი, 2012 •
ცნობადობა და ნდობა – გამოწვევა არასამთავრობო სექტორისთვის

ნაკლები ცნობადობა და დაბალი ნდობა, ეს ის საკითხებია, რაც არასამთავრობო სექტორის შემთხვევაში 2003 წლიდან გამოწვევად  რჩება. 6 მარტს გამართულ დისკუსიაზე G-PAC-ის კვლევის შედეგები განიხილეს და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება მსჯელობის ფორმით სცადეს.

იმას, რომ არასამთავრობო სექტორის ცნობადობა ნაკლებია, ის მონაცემებიც მოწმობს, რომ გამოკითხულთა 29%-მა დაასახელა უმუშევართა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციად, როდესაც ასეთი საერთოდ არ არსებობს. 25%-მა არასამთავრობოდ მიიჩნია ლეიბორისტული პარტიაც, იგივე მონაცემებია “ნატოს”, “ბრითიშ პეტროლიუმის” და “ალდაგის” შემთხვევაში. 23% არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო 18% ნდობითაა გამსჭვალული მის მიმართ. კვლევის ფარგლებში 4000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

იმის საჩვენებლად, რომ ცნობადობისა და ნდობის პრობლემა მუდმივია, 2003- 2005 წელს “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტირებაც და მათი ახლანდელ მონაცემებთან შედარებაც მოხდა. დღევანდელი სურათი მნიშვნლოვნად არ განსხვავდება 8 წლის წინანდელი მდგომარეობისგან. 2003 წელს 1.4%-ს ჰქონდა სრული ინფორმაცია არასამთავრობოების მუშაობის შესახებ, 17.4%-ს – საკმარისი, ხოლო 81.2% მისი ინფორმირებულობის ხარისხს, როგორც მწირს, ისე აფასებდა. 2005 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 2.4% თვლიდა თავს ამომწურავად ინფორმირებულად, 20.9%– საკმარისად, ხოლო 76.7% ძალიან ცოტა ინფორმაციას ფლობდა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

“რისთვის გვჭირდება ცნობადობა?” ” როგორი ცნობადობა გვჭირდება – ზოგადი თუ კონკრეტული?” “ რა არის ცნობადობის ფასი?” – ეს ის შეკითხვებია, რომლებიც “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” დირექტორმა ვაჟა სალამაძემ  დასვა და სწორედ ამ შეკითხვებმა განსაზღვრეს დისკუსიის მომდევნო განვითარება.

ორგანიზაციის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში” წარმომადგენელმა თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, რომ მთლიანად სექტორის მიმართ ნდობის მიღწევა რთული საკითხია, რადგან, ერთის მხრივ, თუ არსებობს 5 ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია და სწორი პოზიცია აქვს, მის პარალელურად არსებობს 5 ორგანიზაცია, რომელიც ასევე აქტიურია, მაგრამ არასწორი პოზიცია აქვს. ქაროსანიძის განცხადებით, ცნობადობის მოპოვება იმ გავლენის მოსაპოვებლადაა მნიშვნელოვანი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ:

“არ გვაქვს გავლენა, ძალიან ბევრი საკითხის დროს ვერ ვახდენთ გავლენას გადაწყვეტილებებზე და ხელისუფლების მხრიდან არგუმენტად მუდმივად ისმის ის, რომ რატომ უნდა მოგისმინოთ თქვენ, როცა თქვენ უკან არ დგას არავინ, დონორის მოცემული გრანტის გარდა. თუნდაც ეს არგუმენტი რომ შევასუსტოთ, ამისთვის გვჭირდება, რომ ცნობადობა გვქონდეს.“

“ბიოლის ფონდის” წარმომადგენელმა ნინო ლეჟავამ  აღნიშნა, რომ ცნობადობა და ნდობა არასამთავრობო სექტორში არსებული რესურსის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად არის მნიშვნელოვანი:

“რეალურად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას აკლია კვალიფიციური რესურსი, აკლია მოხალისეები. არ არის აუცილებელი, ყველა არასამთავრობოში შტატიანი თანამშრომლები მუშაობდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეობის კულტურა, რომელიც საჯარო სიკეთეს შექმნიდა და სწორედ ამისთვისაა მნიშვნელოვანი ნდობის გაზრდა.”

დისკუსიაზე ასევე გამოითქვა მოსაზრებები, რომ პოპულარობა და ნდობა დონორების მოზიდვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მით უფრო, თუ სექტორს არ სურს მუდამ საერთაშორისო დონორებზე იყოს დამოკიდებული და რესურსად ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო ბიზნესიც აქციოს. დასახელდა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითები, სადაც მოქალაქეები ავსებენ არასამთავრობოების ფინანსებს.

დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს მედიის პრობლემაზე, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედიაა, რომელიც საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია. და როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, შავ-თეთრი ხასიათის ინფორმაციის გავრცელება ხდება. ერთის მხრივ, ე.წ. ნაციონალური მაუწყებელები მხოლოდ იმას აშუქებენ, რაც კეთდება, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლები კი მხოლოდ – რა ვერ კეთდება და ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობაა, – მიაჩნია ამ მუდმივი პრობლემის ერთ-ერთ განმსაზღვრელად “ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” ხელმძღვანელს, მანანა შარაშენიძეს.

შეხვედრის ფარგლებში, ერთ-ერთ წარმატებულ არასამთავრობოდ “საია” დასახელდა. ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა თამარ გურჩიანმა აღნიშნა, რომ “საიას” წარმატების განმსაზღვრელი 8 ოფისის მეშვეობით ხალხთან დამყარებული უშუალო კომუნიკაცია გახდა:

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაიგონ, რომ არა მხოლოდ წარმოადგენს ხალხს, ასევე, თავად არის ხალხი. ჰკითხეთ ნებისმიერ არასამთავრობოს, ვინ არის მისი ბენეფიციარი, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთვისაც  შრომობენ და რა ტიპის კომუნიკაცია აქვთ მათთან, – არ იციან.”

განსხვავება, რომელიც 2003- 2005 წლების კვლევებს და ბოლო კვლევებს შორის დაფიქსირდა, არის ხალხის სურვილი, თუ რაზე სურთ მათ, რომ არასამთავრობო სექტორი მუშაობდეს. თუ უახლოეს წარსულში ადამიანებს სურდათ, რომ სექტორს კორუფციაზე, ადამიანთა უფლებებზე, კერძო ბიზნესის განვითარებაზე ემუშავათ, ახლა მოთხოვნა ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის, უმუშევრობის საკითხებზეა.

ამ მონაცემებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სექტორში არსებულ კიდევ ერთ ხარვეზზე მიუთითა, რომ ინოვაცია ნაკლებია და ისევ ძველი წესებით და ინერციით მუშაობენ.

დღესდღეობით ყველაზე აქტიური კამპანია “ეს შენ გეხებაც” კი არ ეხმიანება ახლანდელ მოთხოვნებს, არც შეხვედრის ფარგლებში გახსენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით შესული პირების შემთხვევა.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” წარმომადგენელმა ეკა დათუაშვილმა აღნიშნა, რომ აქტივობები ხალხის ძველ დაკვეთას უფრო ეპასუხება, ვიდრე ახალს, მაგრამ შეხვედრისასვე ხაზი გაესვა იმ აქტივობის მნიშვნელობას, რომელიც ხორციელდება, თუმცა აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ ამის პარალელურად ის აქტივობებიც უნდა იყოს, რაც ადამიანთა მოთხოვნაა.

დისკუსიის ბოლოს მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდენენ, რომელიც სიტუაციის გასაუმჯობესებლად კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” პროექტის  “დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის” ფარგლებში, კიდევ 3 დისკუსია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი