საზოგადოება

ორი მეგობარი ომის ნაკვალევზე

16 თებერვალი, 2012 •
ორი მეგობარი ომის ნაკვალევზე

თემურ ცხოვრებოვი
თემურ ცხოვრებოვი

„ომის ნაკვალევი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ორი მეგობრის ცხოვრებისეულ ისტორიას გვიამბობს.

მიშა ტაბატაძე და თემურ ცხოვრებოვი ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობდნენ, 1990–ანი წლების კონფლიქტის დროს ისინი იარაღით ხელში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. საომარი მოქმედებების შემდეგ მათ ურთიერთობა განაახლეს. თემო ხშირად მიდიოდა ხოლმე  მიშას ოჯახში, მიშაც ჩადიოდა ცხინვალში.

2008 წლის აგვისტოს ომმა მეგობრები კიდევ ერთხელ დააშორა ერთმანეთს, მაგრამ კომუნიკაცია არ შეწყვეტილა. იმ დროს, როცა ავნევს მაროდიორები ძარცვავდნენ და სახლებს წვავდნენ, იქ თემურ ცხოვრებოვი ჩავიდა. მიშას სახლს მიაწერა, რომ ეს ოსის სახლია და გარკვეული დროით დაწვას გადაარჩინა, მაგრამ მერე ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდა და სახლი მაინც დაწვეს. თემომ სახლიდან მიშას ოჯახისთვის ყველაზე ღირებული ნივთები გამოიტანა. ვიდეოფირი, რომელზეც ოჯახის ისტორიაა და თიხის სასმისები; ერთ–ერთზე ასეთი  წარწერა იყო – ქართველებს და ოსებს გაუმარჯოსო. ეს ნივთები ახლა მიშასთან ინახება. ვიდეოფირზე კი დარჩენილია მიშას ბავშვის გამოსახულება, რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

ომის შემდეგ მიშა თბილისში, ოჯახთან ერთად, ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს, თემო კი  ცხინვალშია.

ფილმის შექმნის იდეა, რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის თქმით, სტამბოლში, ერთ–ერთ ქართულ–ოსურ  შეხვედრაზე დაიბადა, მაშინ, როცა ქართველი და ოსი ექს–კომბატანტები წარსულ ამბებს იხსენებდნენ. იდეა დაიბადა და მალე განხორციელდა კიდეც. ოსური მხრიდან გადაღებას ჟურნალისტი ზურაბ ტავასიევი დათანხმდა. რეჟისორებს გმირების შერჩევაზე დიდხანს არც უფიქრიათ, რადგან თემო და მიშა იქვე იყვნენ. მათი სამაგალითო  მეგობრობის შესახებ კი ისედაც ბევრი იყო ცნობილი.

ფილმი იწყება კადრით – წინ მიმავალი ტანკი ყველაფერს ანადგურებს და მხოლოდ მუხლუხების კვალს ტოვებს. ამ ფილმში მაყურებელი პირველად ნახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სოფლების კადრებს, იქ დარჩენილ ნასახლარებს. შემდეგ მაყურებელი მიშას გაიცნობს, მერე თემოს. კულმინაცია კი სტამბოლში მათი შეხვედრაა: 4 წლის უნახავი მეგობრები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, შეხვედრა ემოციურია, დიდხანს დგანან ჩახვეულები. თემომ მიშას ავნევიდან წყაროს წყალი ჩაუტანა, ამ წყალს მიშა იქვე სვამს. სტამბოლში საუბრობენ ომზე, მის საშინელებაზე და, ბოლოს დ აბოლოს, ამ ომის შედეგზე. შედეგი, რომელიც არ არსებობს. მიშა ამბობს, რომ სამშობლოს და სოფლის დასაცავად იბრძოდა. მიუხედავად დაკარგული სოფლისა, იცის, რომ თავისუფალია. თემო კი იქვე განმარტავს, რომ გამარჯვების მიუხედავად, ამ ომმა ოსებს თავისუფლება მაინც ვერ მოუტანა. სტამბოლში მეგობრები ერთმანეთს ემშვიდობებიან. მიშა თემოს სანთლებს აძლევს და ეუბნება, ერთი ავნევის სალოცავში დაანთე, დანარჩენები კი შენც იცი, სადაცო. ფილმის დასასრულს თემურ ცხოვრებოვი მიშას შვილის საფლავთან ანთებს სანთელს, საფლავთან, სადაც ჭირისუფალი დიდი ხანია არ ყოფილა.

მიშა ტაბატაძე
მიშა ტაბატაძე

ფილმის ჩვენება 15 თებერვალს კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართა, რომელსაც ცხინვალიდან, დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, ფრონეს ხეობების სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. დისკუსია დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველამ აღნიშნა, რომ ფილმი მძიმე და ემოციურია. გარეთ ერთმა კრიტიკოსმა მაინც აღნიშნა, რომ არაფერია ნათქვამი ოკუპაციაზე, რაზეც იქვე მყოფმა ერთ–ერთმა ცხინვალელმა უპასუხა: “ცხოვრებოვმა თქვა– გამარჯვების მიუხედავად, თავისუფლება ვერ მოვიპოვეთო. განა ეს  არაფერს ნიშნავს?”

ქართულ–ოსური ფორუმის წევრ ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, ფილმი მალე რუსულად ითარგმნება და მას ცხინვალში და ვლადიკავკაზშიც ნახავენ. უცნობია, როგორ მიიღებს მას ოსური საზოგადოება.

ფილმი მომზადებულია პროექტის „ექსკომბატანტები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ცხინვალმა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი