საზოგადოება

უსახლკაროების ნაწილს თავშესაფრებზე ინფორმაცია არ აქვს

14 თებერვალი, 2012 • 1103
უსახლკაროების ნაწილს თავშესაფრებზე ინფორმაცია არ აქვს

თბილისის მერიის ინიციატივით მოწყობილ თავშესაფრებში წუხელ მხოლოდ ოთხმა ადამიანმა გაათია ღამე. ხუთი თავშესაფარი უფასო სასადილოების ბაზაზე მერიამ გუშინ გახსნა და ისინი ყინვების დასრულებამდე იფუნქციონირებენ.

ცხელი სადილი და ღამის გასათევი პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში სამმა ადამიანმა, ხოლო ვაკე–საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტში ერთმა ადამიანმა ითხოვა.

როგორც გამგეობებში აცხადებენ, საინფორმაციო განცხადება სასადილოს ტერიტორიაზე გამოკრული არ არის და ინფორმაცია უსახლკაროებამდე პრესის საშუალებით უნდა მივიდეს.

58 წლის მანანა კარაპეტიანი უკვე ცხრა წელია უსახლკაროდაა დარჩენილი და თავს მოწყალებით ირჩენს. ამბობს, რომ თავშესაფრების თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია:

“არაფერი გამიგია თავშესაფრის შესახებ, ისედაც ვინ მიმიღებს? – ჩემი თავის მოვლა და სიარულიც კი არ შემიძლია. არანაირ დახმარებას არ ვიღებ, საპენსიო ასაკიც არ მაქვს. ამ დილას კანკალი ამივარდა სიცივისგან, მერე გოგოებმა შემიყვანეს მაღაზიაში და იქ ვიჯექი. “კათარზისში” მზარეული ჩემი ნაცნობია და მითხრა, რომ იქ მე არავინ მიმიღებს, ჩემი თავის მოვლა არ შემიძლია და არანაირი საბუთი არ მაქვს”.

უსახლკაროების ინფორმირების თვალსაზრისით სხვადასხვა გამგეობაში განსხვავებული მდგომარეობაა.

“წუხელ ჩვენთვის არავის მოუმართავს, ინფორმაცია მერიისა და ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა, განცხადება არ გვაქვს გამოკრული და არანაირი დამატებითი ღონისძიებები არ ტარდება”, – განაცხადეს დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში.

ვაკე–საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით კი, მათი თანამშრომლები პატრულთან ერთად დადიან და უსახლკაროებს დახმარებას სთავაზობენ.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეში ყველა მუნიციპალიტეტი ჩართულია და ის ოთხი ადამიანიც, რომლებმაც ღამე თავშესაფარში გაათიეს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ქუჩიდან მიიყვანეს.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მსგავსი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი