საზოგადოება

თბილისის უსახლკარო მოქალაქეები ყინვაში

12 თებერვალი, 2012 • 1420
თბილისის უსახლკარო მოქალაქეები ყინვაში

თბილისში არ არსებობს თავშესაფარი, რომელიც უსახლკარო მოქალაქეებს, ყინვის დროს მაინც შეიფარებს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც თბილისში ყინვები დაიწყო, 56 წლის ქეთინო ქარქუზაევი პატრულმა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვა.

“სიცივისგან და შიმშილისგან დავეცი და გონება დავკარგე. როცა პოლიციამ გამომაფხიზლა, ვუთხარი, რომ ძალიან მშიოდა. მაშინვე მაღაზიიდან პური გამომიტანეს და ჭამე, აზრზე მოდი, რომ გაგესაუბროთო,”-ამბობს 56 წლის ქეთინო.

ქმარი 30 წლის წინ მოუკვდა. უფროსი შვილი წლების წინ ავტოავარიაში დაეღუპა, უმცროსი, გიორგი ქურაძე კი, როგორც ამბობს, – 2008 წლის აგვისტოს ომში. ერთადერთი დარჩენილი შვილის სიკვდილის შემდეგ ინსულტი დაემართა.

“იქამდე დამლაგებლად ვმუშაობდი, ინსულტის შემდეგ უმუშევარი დავრჩი. ვერცხლის ქუჩაზე ვქირაობდი 60 ლარად სარდაფს. მერე იმასაც ვეღარ ვიხდიდი და ქუჩაში აღმოვჩნდი. გარეთ მიწევდა ცხოვრება. ერთხელ ძალიან გავცივდი და მას შემდეგ ერთ ფეხსაც ვერ ვამოძრავებ. განცხადებები მაქვს სანდრა რულოვსის სახელზე დაწერილი, უნეტარესის და უწმინდესის სახელზეც, რომ სადმე რამე ოთახში მაცხოვრონ, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია,”-ამბობს ქეთინო.

როდესაც ორთაჭალაში ნაპოვნი ქალის ისტორია პატრულმა მოისმინა, არასამთავრობო ორგანიზაცია “კათარზისში” წაიყვანა.

რამდენიმე დღეა “კათარზისის” პირველ სართულზე, მთელი დღე ბუხართან ზის.

იმის გამო, რომ  “კათარზისში” მხოლოდ 70-80 ასაკის ადამიანებს შეუძლია ცხოვრება და ქეთინოს ასაკის მოქალაქეებისთვის მხოლოდ ერთი ოთახი არსებობს, სადაც მათ მხოლოდ რამდენიმე დღის გატარების უფლება აქვთ, ქეთინო ქარქუზაევს ისევ სხვაგან წასვლა მოუწევს.

“სამწუხაროდ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე ვეღარ შეიფარებს მას. ამიტომ უნდა წავიდეს,”-ამბობს გულიკო რომანიშვილი, ორგანიზაციის პრეზიდენტის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში.

ნეტგაზეთი თბილისში არსებულ თავშესაფრებს დაუკავშირდა. ყველა მათგანში ამბობენ, რომ უსახლკარო მოქალაქეებს ვერ შეიფარებენ, რადგან ადგილები თავშესაფარში ფიზიკურად აღარ არის,  ამასთან, თავშესაფარში მოხვედრა ფასიანია.

“ამის მიუხედავად, მაინც უნდა ჩამოგვიყვანონ 83 წლის ქალბატონი ერთ-ერთი რეგიონიდან, რადგან ამ სიცივეში დასარჩენი არსად აქვს, შეგვეცოდა და სადმე “ლეჟანკას” ჩავუდგამთ. აბა, რა ვქნათ. სხვას კი უკვე ვეღარ მივიღებთ,”-ამბობს გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლის წარმომადგენელი.

ლიმიტირებულია ასაკი სახელმწიფო ზრუნვის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატშიც.

თბილისის მერიის ცხელ ხაზზე კი პასუხობენ, რომ ისეთი თავშესაფარი, სადაც ნებისმიერი ასაკის მოქალაქე ყინვების დროს მაინც შეაფარებს თავს, თბილისში არ მოიპოვება.

საქველმოქმედო ფონდის “კარიტასის” 35 ადამიანზე გათვლილი ერთადერთი თავშესაფარი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მხოლოდ ბათუმშია, თუმცა შარშან ადგილების სიმცირის გამო “კარიტასის” შენობის წინ სიცივისგან ორი ადამიანი გაიყინა.

ძლიერი მოყინვის შედეგად, ოფიციალური მონაცემით, უკანასკნელ დღეებში ექიმებმა ორი უსახლკარო ადამიანის გადარჩენაც ვერ მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი