საზოგადოება

დევნილების აქცია გლდანი–ნაძალადევის გამგეობასთან

6 თებერვალი, 2012 •
დევნილების აქცია გლდანი–ნაძალადევის გამგეობასთან

დღეს გლდანი–ნაძალადევის გამგეობის შენობასთან აქცია გაიმართა.

ქერჩის ქუჩა #22–ში მცხოვრები დევნილები ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლას ითხოვენ.

როგორც დევნილები აცხადებენ, ამხანაგობის ძველი თავმჯდომარე სახელმწიფომ თვითნებურად დანიშნა და ის კორპუსს ყურადღებას არ აქცევს. დევნილები მას ფინანსურ მაქინაციებში და ფულის გახარჯვაშიც სდებენ ბრალს.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარე ლელა გულედანიც ესწრებოდა, მისი თქმით, გამგეობა დევნილების ცხოვრებაში ზედმეტად და უხეშად ერევა და არ აძლევს საშუალებას, დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარე შეინარჩუნონ:

“ამხანაგობის თავმჯდომარედ ხალხმა კეთილსინდისიერი ადამიანი აირჩია, ლალი ზამბახიძე დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად ნამდვილად იბრძვის, გამგეობა კი მისი წინააღმდეგია და ცდილობს საქმიანობაში ხელი შეუშალოს, მათ ამ პოზიციაზე ისევ ძველი თავმჯდომარის, სვეტლანა შონიას დანიშვნა უნდათ.”

როგორც დევნილები აცხადებენ, გამგეობის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა ბოლო სამი კვირის მანძილზე მიმდინარეობს, მოსახლეობა კი ძველ გამგებელს კონკრეტული მიზეზების გამო ეწინააღმდეგება.

“18 წელია ამ კორპუსში ვცხოვრობთ, ხელისუფლებასთან შუამავალი იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი გასაჭირი მიიტანოს იქამდე, კორპუსში არ გვაქვს წყალი, არის საშინელი ანტისანიტარია, საფეხურებიც კი მონგრეულია. ძველმა თავმჯდომარემ რამდენჯერმე ააგროვა ფული ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ცალკე ფული დავდეთ ლიფტის შესაკეთებლად, თუმცა მას შემდეგ არაფერი მოგვარებულა, ახალი თავმჯდომარე კი ნამდვილად გვაქცევს ყურადღებას, უკვე დამლაგებელიც დაიქირავა კორპუსისთვის”, – აცხადებს ერთ–ერთი მცხოვრები ნინო გვალია.

გამგეობის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას გლდანი–ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე შეხვდა, მან დევნილებს შესთავაზა, მოლაპარაკებები კაბინეტში გაეგრძელებინათ.

როგორც ნოდარ სანდუხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, გმგეობას დევნილების მხრიდან ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია, ასევე არ მიუღია მოთხოვნის დამადასტურებელი ხელმოწერები:

“ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა აქციით და მიტინგით არ ხდება, თავმჯდომარის არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს მაცხოვრებელთა ორი მესამედის მიერ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ხელმოწერებს გამგეობაში წარმოადგენენ, ჩვენ საკითხის განხილვას დავიწყებთ. მოხდება გადამოწმება, ნამდვილია თუ არა ეს ხელმოწერები, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას სუფთა ფურცელზე აწერინებენ ხელს და შემდეგ წერენ განცხადებას. თუკი ხელმოწერების სიზუსტე დადასტურდა, პრობლემის გარეშე მოხდება ახალი თავმჯდომარის დამტკიცება”

თუმცა ლალი ზამბახიძე ამბობს, რომ გამგეობამ მისი თავმჯდომარეობის დამადასტურებელი ხელმოწერები, რამდენიმე ცდის მიუხედავად, არ მიუღია.

გამგებლის მოთხოვნის შემდეგ დევნილების რამდენიმე წარმომადგენელმა მოლაპარაკების გასაგრძელებლად გამგებლის კაბინეტში გადაინაცვლა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ლელა გულედანმა განაცხადა, რომ დევნილებს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე კვლავ უარი განუცხადეს:

“გამგებელმა შეხვედრაზე გვითხრა, რომ ამ კვირაში ამოვა ჩასახლებაში და გაეცნობა დევნილების პრობლემებს. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას ან გადარჩევას, მან განგვიცხადა, რომ ეს საკითხი ვერ მოგვარდება. თქვა, რომ არ აინტერესებს ხელმოწერები და საუბარი წაიყვანა იქით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, მთავარია, პრობლემები მოგვარდეს.”

დევნილებს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე უარი დღეს იმ მიზეზით განუცხადეს, რომ ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ, მათი კორპუსის გარდა, კიდევ ორი კორპუსია დაფიქსირებული და თავმჯდომარეობის მსურველს სამივე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ორი მესამედის ხელმოწერები მოსთხოვეს.

აქცია ამ ჯერზე დაიშალა, დევნილებმა გამგეობაში განცხადება დატოვეს და ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვეს იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე დაინიშნა თანამდებობაზე ძველი თავმჯდომარე. ისინი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ იმ დოკუმენტსაც გამოითხოვენ, სადაც გაწერილი იქნება, თუ რაში დაიხარჯა ძველი თავმჯდომარის მიერ შეგროვებული ფული. საუბარია 17 000 ლარზე, რომელიც კორპუსში არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი